„ხოდა, უთხარით თქვენს გურულ უფროსს, ლანჩხუთლები აგიჯანყდებიან-თქო“ _ „მეტრო ჯორჯიამ“ გადაწყვეტილება შეცვალა: ავტობუსები ქალაქის ცენტრში ისევ შემოვლენ

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ქალაქ ლანჩხუთის ცენტრი და „მეტროს“ ავტობუსი

ლანჩხუთის ცენტრში „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსები ისევ შემოვლენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრმა ელისო ჭიჭინაძემ დაწერა.

„სასიამოვნო ინფორმაცია ჩვენი ლანჩხუთელებისათვის!! ხვალიდან [25 თებერვლიდან] აღდგება „მეტროს“ ავტობუსების შემოსვლა ლანჩხუთის ცენტრში“ _ დაწერა სოციალურ ქსელში ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

რამდენიმე დღის წინ, „მეტრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ლანჩხუთის ცენტრიდან მგზავრთა აყვანისა და ჩამოსმის ლოკაცია ავტობანთან გადაიტანა, რასაც ადგილობრივი  მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია მგზავრებისთვის! ლანჩხუთში იცვლება მგზავრთა აყვანისა და ჩამოსმის ლოკაცია. ახალი მისამართი იქნება: ლანჩხუთი, აღმაშენებლის ქ. №68. გთხოვთ, დაგეგმოთ თქვენი მგზავრობა წინასწარ და გაითვალისწინოთ განახლებული ლოკაცია, რათა მგზავრობა იყოს მარტივი და შეუფერხებელი. „მეტრო ჯორჯია“ ზრუნავს, რომ თქვენი გადაადგილება იყოს მაქსიმალურად კომფორტული! _ აღნიშნული იყო „მეტრო ჯორჯიას“ ფეისბუქ-გვერდზე.

ლანჩხუთელთა კრიტიკული კომენტარებს კომპანიამ ასე უპასუხა:  „ეს კეთდება იმისთვის, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ — ქალაქის ცენტრებში დიდი ავტობუსების შესვლა მალე აიკრძალება და ჩვენ გვინდა მგზავრებს სტაბილური გაჩერება ჰქონდეთ, რომელიც აღარ შეიცვლება. […] სწორედ მგზავრების ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი ხელმძღვანელობაც გურულია და კარგად ვიცით ამ გაჩერების მნიშვნელობა. ვცდილობთ, დავიცვათ სერვისი მომავალი შეზღუდვებისგან და შევინარჩუნოთ ლანჩხუთი ჩვენს მარშრუტზე“.

გურულს იუმორით რომ არ ეპასუხა, როგორ იქნებოდა: „ხოდა, უთხარით თქვენს გურულ ლანჩხუთელ უფროსს, აგიჯანყდებიან ლანჩხუთლები-თქო“.

„გურულების ჯანყი“ აღარ დარჩა საჭირო _ კომპანია არ გაჯიუტდა, თავისი გადაწყვეტილება უკან წაიღო და დაადასტურა, რომ მგზავრების აზრს პატივს სცემს: „ძვირფასო ლანჩხუთელებო და ჩვენო ერთგულო მგზავრებო, რამდენიმე დღის წინ ბათუმი–თბილისის რეისზე დროის ოპტიმიზაციის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, ლანჩხუთში გაჩერება ავტობანთან ახლოს გადაგვეტანა. ჩვენი მიზანი იყო რეისის ეფექტურობის გაზრდა და დროის მოგება. თუმცა თქვენგან მიღებულმა უკუკავშირმა გვაჩვენა, რომ ამ ცვლილებამ დისკომფორტი შეგიქმნათ. ჩემთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მეც  ლანჩხუთელი ვარ და კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრიდან გადაადგილების შესაძლებლობა. ამიტომ, მგზავრების სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება: ავტობუსები კვლავ შევა ლანჩხუთის ცენტრში და გაჩერება მოხდება ძველი, მრავალწლიანი მარშრუტის ადგილზე. მადლობა ნდობისთვის, ერთგულებისთვის და გულწრფელი პოზიციისთვის. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დროის დაზოგვა, არამედ თქვენი კომფორტი და კმაყოფილება“ _ დაწერა სოციალურ ქსელში კომპანიის წარმომადგენელმა, ირაკლი გალოგრემ.

რას ჩივი?