„წუხელ ბოლო მორიგეობა გვქონია ერთად ლანჩხუთის „მედალფაში“, ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო“ _ ვისზე წერს ელისო ჭიჭინაძე

|

Loading

ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე ჩოხატაურელი ექიმი-ანესთეზიოლოგის, ნინო პაიჭაძის გარდაცვალების გამო გულისტკივილს გამოთქვამს: „წუხელ ბოლო მორიგეობა გვქონია ერთად ლანჩხუთის „მედალფას” კლინიკაში, ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო, გამორჩეულო ადამიანობითა და პროფესიონალიზმით, განსაკუთრებულად თბილო და საყვარელო. ვერ ვიჯერებ, ვერა… როგორ მენანები… ძალიან მიყვარხარ და მტკივა უშენობა. ჩვენს გულებში მუდამ იქნები, შეხვედრამდე, ჩვენო ნინო ექიმო“ _ წერს ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.

ლანჩხუთის „მედალფას“ თანამშრომელი თამარ კუკულაძეც ემოციურად ემშვიდობება ნინო ექიმს: „წავიდა ჩვენგან საუკეთესო ადამიანი, გულისხმიერი ექიმი და არაჩვეულებრივი მეგობარი. რამდენი სიკეთე გიკეთებია ამ ქვეყანაზე, უამრავი სიცოცხლე გადაგირჩენია, ჩემო ნინო ექიმო . რა სასტიკია ბედისწერა, ნაადრევად გადასხლდი იმიერში. სიკეთით ანთებული ჩაუქრობელი კელაპტარი იყავი და ასეთი დარჩები ჩემს გულში, გემშვიდობები შეხვედრამდე“.

„არაჩვეულებრივი ადამიანი და კოლეგა. ყველას ძალიან დაგვაკლდება“ _ წერს კიდევ ერთი ლანჩხუთელი ექიმი დათო ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.

ნინო პაიჭაძე

„გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით 11 საათზე ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრამვები მიიღო ნინო პაიჭაძემ, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მისი მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს“ _ წერს გამოცემა.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ნინო პაიჭაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, კოლეგებსა და ყველა ახლობელს.

რას ჩივი?