ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 13 ფალავანი მონაწილეობდა რესპუბლიკურ ტურნირში, რომელსაც ჭიათურამ უმასპინძლა და მასში 28 გუნდის 300-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა.
უფროსმა მწვთნელმა დავით მჟავიამ და მწვრთნელმა ვასილ ეზიეშვილმა შეჯიბრზე შემდეგი სპორსტმენები წაიყვანეს: ზურაბ ბოლქვაძე (35კგ.), ამირან ჯორბენაძე (38 კგ.), ცოტნე ცეცხლაძე, სანდრო ხოზრევანიძე (ორივე 48 კგ.), გოგა მახარაძე, ლუკა კუკულაძე, ომარ ჯანელიძე (სამივე 57კგ.), ამიკო ცეცხლაძე, საბა კუკულაძე და ნუკრი ბოლქვაძე (სამივე 60 კგ.), თორნიკე ებრალიძე (62 კგ.), ირაკლი ენდელაძე (75კგ.), და საბა ხოზრევანიძე (80კგ.).
წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონები გახდნენ გოგა მახარაძე და ამიკო ცეცხლაძე. გოგამ ამჯერად ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონობა. ასევე ჩინებულად იასპარეზა ცეცხლაძემ, რომელმაც 4 შეხვედრა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა. ამიკომ მაისის დასაწყისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი ოქროს მედალოსანი გახდა. მან მეორე შეხვედრაში წალკელ ფალავანს მოუგო, ვისთანაც წინა შეჯიბრზე ფინალში მარცხი იწვნია.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონების ძმებიც წარმატებული მოჭიდავეები არიან. გოგას უფროსი ძმა _ გიორგი მახარაძე საქართველოს ჩემპიონია ჭაბუკებში, ერთდროულად სამი ნაკრების (U-20, U-23 და დიდები) წევრია, ევროპის პირველობაზე მეხუთე ადგილზე გავიდა, ამჟამად ეროვნული გუნდის შემადგენლობაში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.
ამიკოს ძმა _ ნიკა ცეცხლაძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია 17 და 20-წლამდელთა შორის და შანსი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზოს. შარშან კი, საქართველოს ჩემპიონი გახდა U-17 წლამდელთა შორის და ევროპაზე და მსოფლიოს პირველობაზე თითო გამარჯვება დააკლდა, ორივეზე მე-5 ადგილი დაიკავა, რითაც საქართველოს ნაკრებს ჩასათვლელი ქულები მისცა და გუნდი საპრიზო ადგილზე მოხვდა.
„ჩვენს პატარა ლანჩხუთში 2 ოჯახს ჩემპიონი ძმები ჰყავს და იმედი მაქვს, ისინი დიდ სპორტშიც დაწერენ თავის ისტორიას“ _ ამბობს მწვრთნელი დავით მჟავია.