ლანჩხუთელი ილიკო კილაძე მრავალ სფეროშია წარმატებულია _ ყოფილი ფეხბურთელი და მომღერალი ამჟამად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, წერს კარგ ლექსებს, არის კომპანია „ვაინპაკის“ დირექტორი. Winepack ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, თუმცა უკვე 100-ზე მეტ ღვინის კომპანიასთან და მარანთან თანამშრომლობს, მეწარმეებს აწვდის პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთ მასალებს (საცობს, ბოთლს, ჩაჩს, ყუთსა და ეტიკეტს).
გთავაზობთ ილიკო კილაძის ლექსს, რომელსაც დედას უძღვნის:
ცარიელ ფურცლებს უხდებათ სევდა,
დროის ნაპრალებს აავსებს ქარი,
ისევ მომელის სოფელში დედა,
თმაშევერცხლილი, ლამაზი ქალი.
ისევ ბინდდება ქუჩებში ჩუმად,
არც ხეივნები იმჩნევენ ნაღველს,
ერთი დღეც გავა, უჩუმრად, უქმად,
ვიღაც კი იტყვის დიდი ხნის სათქმელს.
დღეები ჰგვანან მოქნეულ ტალღას,
ხან ჩაგითრევენ, ხან აგავსებენ
და ვემსგავსები გადაღლილ ამბავს,
ძველი განცდები არ მასვენებენ.
მე დავიბადე გურიის მთებში,
სადაც სიმღერას სულ სხვა ხიბლი აქვს,
სადაც სიტყვასაც მზის სუნი ასდის,
სადაც ოცნება ფრთაგაშლილია.
იქ მელოდება პატარა ოდა,
ლამაზი ეზო თეთრი ვარდებით,
ხანდახან ძილშიც ჩემს სახლზე ვბოდავ,
ხანდახან ისევ ვპატარავდები.
შემოდგომაა, აცივდა უკვე,
ფერი იცვალა ღვინომ და ზეცამ,
მე დღეს შევნატრი ბავშვობის წუთებს,
რომ დავბერდები, რას ვიზამ ნეტავ?…
ცარიელ ფურცლებს უხდებათ სევდა,
დროის ნაპრალებს აავსებს ქარი,
მე დღესაც მელის სოფელში დედა,
ცისფერთვალება, ლამაზი ქალი…