ლანჩხუთს წელსაც განსხავებული და ულამაზესი მთავარი ნაძვის ხე აქვს, რომლის ფოტოებმა გუშინ სოციალური ქსელი „ააფეთქა“ და უკვე გამოთქვა პრეტეზნია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კრეატიული იყოს.
„ჩიჩილაკის ხეივანი, ოდა-სახლები, თბილი განათებით მიხვეულ-მოხვეული ბაწარივით ვიწრო „გზები“ – ისტორია ერთ პატარა ნაძვის ხეზე, რომელმაც გადარია მთელი დუნია“ _ წერს ჟურნალისტი ნანა ჩხაიძე და სოციალურ ქსელში და ლანჩხუთის მთავარი ნაძვის ხის ფოტოებს აზიარებს.
წამყვანი ონლაინგამოცემები და ინლუენსერები აღნიშნავენ გურული ოდა-სახლებით გაწყობილი და ვიწრო ბილიკებით განათებული ნაძვის ხის სიდიადეს.
„ორიგინალური ნაძვის ხე ლანჩხუთში“ – წერს „პრაიმ-ტაიმი“. კიდევ ერთი წამყვანი ონლაინგამოცემა „ამბები.გე“ საქართველოს ქალაქებიდან ნაძვის ხის ფოტოებს აქვეყნებს და პირველი ლანჩხუთია.

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე ამ ფოტოს და ნაძვის ხის ანთების ვიდეოს ერთ დღეში 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს
„მართლა ჰგავს ჯადოსნურ ქალაქს თავისი ირმებშებმული მარხილებით, სანტას ქოხებით, უზარმაზარი ფერადი სათამაშოებით, ფერადი ბურთებით, გირლანდებით, ახლა უკვე ფერად-ფერადი ჩიჩილაკებითა და საუცხოო, ჯადოსნური ნაძვის ხით, რომელსაც უყურებ და სულ გგონია, რომ სადაცაა რომელიღაც აივნიდან გადმოდგება მეკვლე და მამულის უკვდავებას გვისურვებს“ _ წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ნინო მშვიდობაძე.
გამოხმაურება იმდენად ბევრია, აქ გამოქვეყნება კი არა, წაკითხვის დროსაც არ უჩანს ბოლო…


