„ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ევგრაფ შევარდნაძე“ _ 25 წელი 25-ე ნომერში, ლანჩხუთში არავინ შეგიშვებს, ხონში მოგიწევს გაპარვაო და… რას შობი, შალიკია, მღუპავ?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | შალვა კაკაბაძე „გურიაში“ მუშაობისას და საპატიო სტუმრის რანგში (შუაში) „ევგრაფ შევარდნაძეზე“

დღეს, „გურიას“ ლეგენდარულ მწვრთნელს შალვა კაკაბაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. 22 წლის იყო, ლანჩხუთის გუნდი რომ ჩააბარეს და ზედიზედ 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. სულ კი 25 წელი გაატარა „გურიაში“ _ ერთი სეზონის ფეხბურთელის რანგში და კიდევ 2 წელი  მთავარ მწვრთნელად.

ევგრაფიმ გამომგზავნაო…

ცნობილია, რომ ევგრაფ შევარდნაძის დროს “გურიას” არაფერი უჭირდა. ამიტომაც იყო, ვინც თბილისის “დინამოში” ვერ მოხვდებოდა, ყველა ლანჩხუთისაკენ მოიჩქაროდა, პრემია-ხელფასიც უმაღლესლიგელებზე არანაკლები იყო. ევგრაფი, ედუარდისაგან განსხვავებით, კადრების დიდი ერთგული გახლდათ, ამიტომაც იყო, რიგი ფეხბურთელები წლების მანძილზე, უმეტესად კარიერის დასრულებამდე, გურულთა განკარგულებაში იყვნენ. 24 წლის განმავლობაში კლუბის მთავარი მწვრთნელი შალვა კაკაბაძე იყო და ამ ხნის მანძილზე სასტუმროს ერთ ნომერში ცხოვრობდა. მას წარმატებებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩავარდნებიც ჰქონდა, მაგრამ ჰყავდა ერთგული მფარველი _ ევგრაფ შევარდნაძე. სწორედ შალვა კაკაბაძეს ეკუთვნის სიტყვები: ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე _ მე და ევგრაფ შევარდნაძე. როცა კაკაბაძე რაიკომის მდივანთან ან სხვა ჩინოვნიკთან მიდიოდა და საკითხს არ გადაუწყვეტდნენ, თურმე დაამატებდა _ ევგრაფიმ გამომგზავნაო და საკითხი უმალ გვარდებოდა!

1966 და 1971 წლების „გურია“ _ საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი | ორივე ფოტოზე მარჯვნიდან პირველი შალვა კაკაბაძე

ჩაი და ფეხბურთი

ლანჩხუთში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ. მაშინ ამის შესახებ კიდეც ხუმრობდნენ _  ორი საქმის კეთება იციან მხოლოდ, ჩაის კრეფა და ფეხბურთის თამაშიო. “გურიაში” მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ იყო. შალვა კაკაბაძე ფეხბურთელებზე თავგადაკლული იყო და მათთვის ყველაფერს აკეთებდა. მოსკოვი-ბათუმის მატარებელი მაშინ მხოლოდ ნატანებში ჩერდებოდა, მაგრამ ლანჩხუთშიმოსკოვის მატარებელი მაინც გააჩერეს ხუთი წუთით, რათა გუნდები ჩამოსულიყვნენ. როცა კითხულობდნენ, სად არის ლანჩხუთიო, რადგან რუკაზე არ იყო, უხსნიდნენ, ქუთაისსა და ბათუმს შორის რომ იყო… უბრალო მეჩაიედან დაწყებული, დამთავრებული რაიკომის მდივანით, ყველა „გურიასთან“ ერთად იყო, ჭირშიც და ლხინშიც. ლანჩხუთში არ იყო ოჯახი, სეზონზე ოცმანეთიანი აბონემენტი რომ არ ჰქონოდა. გუნდს შემოსავალი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მოსახლეობა სტადიონზე სიხარულით მოდიოდა, სულ სავსე იყო.

შენც გადასულიყავი 28-ე ნომერშიო…

შალვა კაკაბაძეს “გურიას” გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. როცა “გურიადან” წასვლა მოუხდა, ხშირად დაიწუწუნებდა _ 25 წელი ლანჩხუთის სასტუმროს 25-ე ნომერში ვიცხოვრე და მაინც გამიშვესო… მუდამ მორიდებულმა გია თავაძემ ერთხელ უპასუხა თურმე _ მერე გადასულიყავი შენც 28-ე ნომერში და სამი წელი კიდევ იმუშავებდიო…

რას შობი, შალიკია, მღუპავ?

ლანჩხუთში დაფასებული კაცი იყო. მაშინ გუნდს ყველა ეხმარებოდა: რაიკომი, საწარმოები, კოლმეურნეობები, მილიცია, თქვენ წარმოიდგინეთ, კულაშელი ებრაელებიც, რომლებიც ლანჩხუთში ვაჭრობდნენ. ერთ-ერთმა, ყველაზე ცნობილმა, მოშემ შალვას უთხრა, მილიციის უფროსთან კარგად ხარ და თუ კულაშში ჩამომიყვან, მაგარ ქეიფს ვკისრულობო. თავისიანებს გააოცებდა. მოშესთან პოლიციის უფროსი ძმაკაცობსო, თან შემდეგ უფრო თავისუფლად ივაჭრებდნენ. კაკაბაძე დათანხმდა და მილიციის უფროსი სამშე მჟავანაძე კულაშში წაიყვანა. სუფრაზე მოხვედრილი სამშე მიხვდა, რაც “გაუჩალიჩა” მეგობარმა, მაგრამ არ შეიმჩნია და ქეიფს შეუდგა. მოშე ჭკუაზე არ არის, მილიციის უფროსი მის ოჯახს სტუმრობს. მოშე შალვასთან მივიდა და ჩუმად უთხრა, თუ ამხანაგი სამშე იარაღიდან გაისვრის, თითო გასროლაზე 100 მანეთს ვკისრულობო. შეზარხოშებულმა მილიციელმა არც ამაზე დაიხია უკან. მოშე თავიდან გახარებულია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მჟავანაძემ მჭიდი შეცვალა და ზედიზედ გაუშვა, შალვასთან მივარდა:

_ რას შობი, რას შობი, მღუპავ, შალიკია, მღუპავ?! “ტავარის” ფულს აღარ მიტიებ…

1972 წ. „გურია“ ბიჭვინთაში, შეკრებაზე | შალვა კაკაბაძე _ ქვედა ხუთეულის უკან, მარჯვნიდან პირველი

ალიმენტიც ჩვენი გადასახდელი იქნებაო…

ეს ამბავი დიდ ტრიუმფამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა: რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა “გურიამ” სასურველი ანგარიშით დაასრულა. სანამ ფეხბურთელები გასახდელში არიან, გუნდის ხელმძღვანელობამ ქალაქის ტელეფონიდან ლანჩხუთში დარეკა, ბატონ ევგრაფის დეტალურად უამბეს მატჩის პერიპეტიები. საუბარს ისე შეყვნენ, რომ საკმაო დრო გავიდა, მიირბინეს ავტობუსთან, მაგრამ ფეხბურთელები არ ჩანან. სად არ ეძებეს და ვერაფრით წარმოიდგინეს, ბიჭები ამდენ ხანს აბანოში თუ შეჩერდებოდნენ. გაგზავნეს ადმინისტრატორი და რას ხედავს _ ამ 16 შიშველ ფეხბურთელს 16 გოგონა “დაუთრევია”…

გუნდის ხელმძღვანელმა ყვირილი დაიწყო: _ დროზე გამოყარეთ გარეთ მაი უნამუსოები!

_ კაი, პაწე ხანს ვაცალოთ, ალალია მათზე ქალები, იმფერი თამაში მოგვაგებიეს… ქე მაინც ბოლომდე ისიამოვნონ… _ მწვრთნელმა ფეხბურთელები შეიცოდა.

_ კი ვაცლით, მარა თქვენ რა გენაღვლებიენ, მაი სიამოვნების შედეგი იქნება, მომავალში აქანე რომ ჩამუალთ, 16 ბაღანას დაგვახვედრებენ და მაგენის ალიმენტიც ჩვენი გადასახდელი იქნებაო…

მომეცი შევარდნაძე და…

“გურიის” ტრიუმფის სულისჩამდგმელი გახლდათ ევგრაფი შევარდნაძე _ ბავშვობიდან ინვალიდმა კაცმა თავისი ცხოვრება საყვარელ კლუბს მიუძღვნა. მოგვიანებით სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იტყვის, რომ შევარდნაძემ 40 წლის წინ შექმნა 21-ე საუკუნის პრეზიდენტის სახე. იგი დაბადებული იყო ფეხბურთისთვის და ფეხბურთელზე ერთი ცუდი სიტყვაც არასდროს დასცდენია. როცა ამა თუ იმ საკითხს კაკაბაძეც ვერ წყვეტდა, მაშინ საქმეში უკვე “მძიმე არტილერია” _ ევგრაფი შევარდნაძე ჩაერთვებოდა. რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძის ძმას უარს ვერავინ გაუბედავდა…

28.10.1979. ევგრაფ შევარდნაძე (მარცხნიდან პირველი) გუნდს აეროპორტში დახვდა, ფოტოზე მარცხნიდან მეოთხე შალვა კაკაბაძეა.

რაც შეეძლო, კლუბს ფინანსურად ეხმარებოდა, ხელფას-პრემია, ფაქტობრივად, სახლში არ მიჰქონდა, ბევრი თანამოაზრეც ჰყავდა… რუსეთის ერთ ქალაქში, როცა “გურია” 0:3-ს აგებდა და შეეშინდათ, ევგრაფს ეგ როგორ ვუთხრათო, იმდენი “იჩალიჩეს”, სტადიონის ელექტრიკოსს “პოლიტრა” უყიდეს და განათება მოკლე ჩართვით გაათიშვინეს. მეორე დღეს გათამაშება ლანჩხუთელებმა მოიგეს.

ევგრაფ შევარდნაძის გავლენა განუზომელი გახლდათ თურმე _ ერთხელ, შალვა კაკაბაძეს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი მოსწონებია და კოლეგისათვის, მურთაზ ხურცილავასათვის მისი დათმობა უთხოვია. ლეგენდარულ ქართველ მობურთალს უთქვამს _ მომეცი შევარდნაძე და მთელ გუნდს დაგითმობო.

სევასტოპულის „ღმერთის ხელი“

სანამ დიეგო მარადონა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლს ხელით გაიტანდა და შემდეგ ამას “ღმერთის ხელს” უწოდებდა, ხელით გოლი “გურიის” ფეხბურთელმა, ამირან სევასტოპულომაც შეაგდო, თანაც გადამწყვეტ და უპრინციპულეს შეხვედრაში. იმ სეზონში “გურიასა” და სამტრედიის გუნდს შორის უნდა გადაწყვეტილიყო პირველი ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობა. “გურიას” უმნიშვნელოვანეს შეხვედრა ჰქონდა ყაზანში. მთელი სამტრედიაც იქ არის ჩასული და ადგილობრივებს ქომაგობს. “გურია” მოგებით საგზურს ინაღდებს. ბოლო წუთებზე, როცა 0:0 იყო, კაკაბაძემ თავდამსხმელ ამირან სევასტოპულოს დაუძახა გაბრაზებულმა _ ფეხით ვერ იტან, თავით ვერ იტან, ხელით მაინც შეაგდეო! მართლაც, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეკარემ ხელში დაიჭირა. მსაჯი ცენტრისკენ გარბის, სევასტოპულომ ხელით წაართვა ბურთი და კარში ფეხით შეაგორა! მსაჯებმა ვერ ან არ დაინახეს ხელით თამაში და გოლი ჩაითვალა. ყაზანელები მსაჯს მიცვივდნენ, ედავებიან. არბიტრმა ორი მათგანი გააძევა. სავარაუდოდ, გურულებს მსაჯებზე წინასწარ ჰქონდათ “ნამუშევარი”, ხოლო სამტრედიელებს აშკარად მასპინძლები ჰყავდათ “წახალისებულები”. მასპინძლებმა თამაში მიატოვეს. კაკაბაძემ ჭკუა იხმარა, მასპინძლები დააშინა _ “ფუტბოლ-ჰოკეის” წარმომადგენელი ვიქტორ პონედელნიკი ამ ამბავს მოსკოვში ჩაიტანს და საერთოდ მოგხსნიანო. ამან გაჭრა და “გურია” პირველ ლიგაში გადავიდა!

აღარ მოუწია ხონში გაპარვა…

ეს დიდი ამბავი იყო იმ დროს _ საქართველოს სსრკ-ის პირველ ლიგაში მეორე გუნდი ეყოლებოდა ქუთაისის “ტორპედოს” შემდეგ. გუნდი კოპიტნარში ჩამოფრინდა. ტრაპთან გურულებს ქუთაისის ქალაქკომის მდივანი, ნატანების კოლმეურნეობის თავმჯდომარე გივი წითლიძე, ევგრაფ შევარდნაძე და ათასამდე ლანჩხუთელი ქომაგი დახვდა. მათი ორგანიზებული ჩაყვანა ევგრაფ შევარდნაძემ თავისი “ატეკის” ტრანსპორტით მოახერხა. აეროპორტი ხალხით იყო სავსე. შალვა კაკაბაძემ და ევგრაფ შევარდნაძემ მეგობარზე, მაგრამ ფეხბურთში „დაუძინებელ მტერზე“, კარლო კალაძეზე „შურისძიება“ განიზრახეს (იქამდე სამტრედიელთა თავკაცი კაკაბაძეს აშაყირებდა _ მოგიწია ხონში წასვლა, ლანჩხუთისკენ შენთვის გზა გადაკეტილია, არავინ შეგიშვებს გურიაშიო) და კოლონით სამტრედიაში “შევლა” გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს _  უშიშროებამ ზედმეტი გართულებების ასაცილებლად, “გურიას” ქომაგთა კოლონა სამტრედიაში შესასვლელი ხიდიდან უკან გამოაბრუნა. ისედაც საგზური ცხვირწინ აწაპნეს ლანჩხუთელებმა და სამტრედიელებმა მთავარი მეტოქის ზეიმი საკუთარ ქალაქში აღარ ისურვეს!

ოღონდ ოზურგეთს გავუსწროთო…

ალბათ, არსად ისეთი დაუნდობელი არ არის დერბი საქართველოში, როგორც გურიაში _ ლანჩხუთისა და ოზურგეთის სპორტული დაპირისპირების ინტრიგები ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ერთხელ “მერცხალმა” “გურიას” 5:2 მოუგო და დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა. “გურიას” ფეხბურთელებს წინადღით თანაგუნდელის ქორწილი ჰქონდათ, ნაბახუსევზე იმედი ჰქონდათ, თანაკუთხელები თამაშს დაუთმობდნენ, მაგრამ მწარედ შეცდნენ. სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში “გურიამ” 8:2-ით “მერცხალი” პირველი ლიგისკენ გაისტუმრა. საქართველოში, სადაც “ახლობლობა მოსულა”, ერთადერთი, რის ანგარიშსაც ვერ პროგნოზირებენ, გურული დერბია _ აქ დათმობა და მიცემ-მოცემობა გამორიცხულია! შალვა კაკაბაძეს ეკუთვნის ფრაზა _ ამ სეზონში მე-15-ზე გავიდეთ და გავვარდეთ ლიგიდან, ოღონდ _ ოზურგეთი იყოს ჩვენს ქვემოთო. ეს ხუმრობა ორივე მხარეს ლამის დევიზად ჰქონდათ, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა, რომ რომელიმეს გავარდნა სურდა, მაგრამ ყველაზე “პრესტიჟული” ის იყო, თუ ვინ იქნებოდა უფრო მაღალ ადგილზე და ვინ მოიგებდა დერბის…

„გურიას“ ლეგენდარული მწვრთნელი 2015 წლის 25 აპრილს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რას ჩივი?