„ჩვენივე ხელით დავხატეთ აფიშა სამ ცალ ვატმანის ფურცელზე და ლანჩხუთის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე გამოვაკარით“ _ რა აკავშირებდა აკაკი ბაქრაძეს აკეთთან? [ერთი სპექტაკლის ისტორია]

|

Loading

აკაკი და ნათელა ბაქრაძეები | ეგ. ნინოშვილის მუზეუმის ეზო, 1999 წ.

„გურია თუდეი“, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის მიერ მოკვლეულ მორიგ საინტერესო მასალას, ამჯერად კინო და თეატრმოცოდნე, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძის შესახებ.

ძალიან ცოტამ იცის ის, რომ აკაკი ბაქრაძის დედულეთი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთი. მისი დედა _ მარიამ სოფრომის ასული ჩხაიძე სოფელ აკეთში დაიბადა და ბაქრაძეების ოჯახი ამ სოფლის სიყვარულით ცხოვრობდა. სტუმრობდნენ ნათესავებს, თავადაც დადიოდნენ სტუმრად სოფელში. ამის შესახებ თავის წიგნში _ „ჩემი დედა მარიამ ბაქრაძე“ წერს აკაკის უმცროსი და, ნათელა ბაქრაძე.

თვალსაჩინოა აკაკი ბაქრაძის ღვაწლი ქართული კინემატოგრაფიისა და თეატრის განვითარებაში. მან არაერთი უაღრესად საგულისხმო სტატია შექმნა ამ თემაზე, რაც საკმაოდ გამოკვეთილია მის მრავალფეროვან შემოქმედებაში.

ბატონი აკაკი გახლდათ რუსთაველის თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე _ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილების რედაქტორი, სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი. პერიოდულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე. იგი იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი და განმანათლებელი XX საუკუნის მეორე ნახევარში.  იცავდა ერის ეროვნულ ღირსებას, როგორც მწერალი, მის სამშვინველს, როგორც მოძღვარი.

70-იან წლებში, მაშინ, როდესაც საჯაროდ სიმართლის თქმას მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ, აკაკი ბაქრაძე ამბობდა სიმართლეს უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციებზე.

80-იან წლებში კი აუდიტორიები ვეღარ იტევდნენ მისი ლექციების მოსმენის მსურველთ. ეს ლექციები ეხებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას, ერის რაობას, მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნეებს, გარეშე და შინაურ მტრებს.

მან, ერთ-ერთმა პირველმა, დაანგრია საბჭოური დოგმები, თავისუფალი აზრი შეიტანა ქართულ კინოსა და თეატრში. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო ხანა მისი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ შეიქმნა ცნობილი სპექტაკლები, რომელთა არსებობასაც აკაკი ბაქრაძის სარეპერტუარო პოლიტიკამ და ცენზურასთან აქტიურმა დაპირისპირებამ შეუწყო ხელი. მისი კაბინეტი, რუსთაველის თეატრში მრავალი წლის მანძილზე, ვიდრე ეროვნული მოძრაობა გარეთ გამოეფინებოდა, მისი შტაბის მოვალეობას ასრულებდა.

90-იან წლებში, აკაკი ბაქრაძე რამდენჯერმე ესტუმრა ლანჩხუთს, ერთხელ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, აღდგომას _ ეგ. ნინოშვილის სახლ-მუზეუმი მოიარა და მწერლის საფლავზე წითელი კვერცხი მიიტანა. 

1995 წლის სექტემბერში, ლანჩხუთის თეატრის სცენაზე დაიდგა ამავე სახელწოდების ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლი, აკაკი ბაქრაძის ,,აკაკი წერეთლის“ მიხედვით. სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ აკაკის და – ნათელა ბაქრაძე, ტექსტს კითხულობდა ნინო კუკულაძე.

ნინო კუკულაძე, ფილოლოგი:

აკაკი ბაქრაძემ თავისი წიგნი _ ,,აკაკი წერეთელი ოზურგეთში, თავის დედმამისეულ სახლში დაწერა და მე ამ წიგნის დაბადების მოწმე გახლდით. იმთავითვე გაჩნდა მისი სცენაზე გაცოცხლების იდეა, როგორც ერთი მსახიობის სპექტაკლისა. აკაკის დამ, ნათელამ ამ სპექტაკლის კომპოზიცია დაწერა, ხოლო სათაური ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე თავად ავტორს ეკუთვნის. მე მხატვრული კითხვა ბავშვობიდანვე შემეძლო. ხშირად ვკითხულობდი სცენაზე ლექსებს, სხვადასხვა როლსაც ვასრულებდი, მაგრამ აკაკი ბაქრაძის ნააზრევის სცენიდან გადმოცემა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მაშინ  ეს სპექტაკლი სადაც დაიდგა, ყველაგან ანშლაგით მიდიოდა და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ლანჩხუთში სპექტაკლი 5 სექტემბერს ვითამაშე, ოქტომბერში კი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. აკაკი ბაქრაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს იყრიდა და ბევრმა ჩვენი წარმოდგენა საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. არადა, ეს ასე ნამდვილად არ იყო. აკაკი ბაქრაძეს არავითარი პიარი არ სჭირდებოდა, მან ხალხს, როგორც თავად განმარტა, შანსი მისცა, რომ ჩვენს ქვეყანას ეროვნული სულისკვეთების გონიერი და წესიერი პრეზიდენტი ყოლოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამის ნაყოფი ვიგემეთ.

ნინო კუკულაძე სპექტაკლის შემდეგ

ლანჩხუთში სპექტაკლი რუდუნებით მოვამზადეთ, სცენის დეკორაცია თავად გავაკეთეთ, მძიმე წლები იყო, შუქი ხშირად ქრებოდა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ სპექტაკლის ბოლომდე ელექტროენერგია გვქონდა. სცენიდან აკაკი წერეთლის საინტერესო ბიოგრაფიის გადმოცემა და მისი ნააზრევის ანალიზი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, ამას თავი კარგად გავართვი, რომელსაც, ასევე, ლანჩხუთლებსაც ვუმადლი. მათი მასპინძლობა, მე არასოდეს დამავიწყდება და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები.

ოქტომბერში კი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლანჩხუთში თავად აკაკი ბაქრაძე ჩამობრაძანდა და ხალხთან შეხვედრა კულტურის სახლში მოეწყო. მას ლანჩხუთში საინტერესო საზოგადოება დახვდა და თავად ვარ მოწმე, როგორი კმაყოფილი გახლდათ იგი ლანჩხუთელებთან შეხვედრით.

თალიკო კვირკველია, პედაგოგი:

,,ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს დღე, არ ველოდი თუ აკაკი ბაქრაძე ჩემს ოჯახში შეიძლებოდა შემოსულიყო, იგი ჩამოიყვანა ბატონმა ოლეგ კეშელავამ, ჩემი დურმიშხანის (ჩხაიძე _ რედ.) მეჯვარემ. როგორც ყოველთვის, იყო ძალიან თავმდაბალი და მორიდებული, ყავაც კი არ დალია. შეხვედრის დაწყებამდე მოწესრიგდა ჩემს სახლში. შემდეგ საღამოს ვნახე შეხვედრაზე, ის იყო პიროვნება, რომელსაც მთელი თბილისი და საქართველო იმედის თვალით უყურებდა. წინა რიგებში ვიჯექით. მახსოვს, ქალბატონი ნათელა ბაქრაძე იყო ასევე სტუმრად მოწვეული. მან საჩუქრად გადმოგვცა აკაკი ბაქრაძის წიგნი ილია და აკაკი.

ძალიან ამაღლებული დღე იყო ჩემთვის, ვღელავდი, რომ ასეთ დიდ პიროვნებასთან მქონდა შეხება და მან ის წიგნი გადმომცა, რომლითაც წლების მანძილზე ვაკვალიანებდი ჩემს მოსწავლეებს. ეს იყო საღი მარცვალი იმისა, თუ როგორ უნდა გაიგონ ილია და აკაკი. ხედვა აკაკი ბაქრაძისა ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გამომადგა.

როგორი მოკრძალებულიც და თავმდაბალიც იყო, ისეთი სიტყვა წარმოთქვა. ეს არ იყო პომპეზური გამოსვლა. რომ იციან, ამას დაგპირდებიან, იმას დაგპირდებიან, მის სიტყვას ჰქონდა ფასი და წონა.

რაც შეეხება სპექტაკლს, გაოცებული დავრჩი ნამდვილად, როგორ წარმოადგინა ერთმა გურულმა გოგონამ აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა მხატვრულად. რა დონეზე გადმოსცა,  აღფრთოვანებული დავრჩი.

ნინო კეკელიძე, პედაგოგი:

,,დარბაზს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ წიგნიერ ლანჩხუთელებს სულის დაპურება უნდათ და სტუმარსაც უთუოდ ეს უნდოდა, ცოცხალი კონტაქტი თავის ხალხთან და ეროვნული ცნობიერების ამაღლებული განცდის გადადება საკუთარი მაყურებლისათვის.

ტრიბუნასთან იდგა საოცრად კეთილი ბრძენკაცი და ქვეყნის გულმხურვალე ჭირისუფალი, ერის გამოფხიზლება მიაჩნდა თავის უპირველეს მოვალეობად. ნახევრად ცარიელ დარბაზში ვისხედით მაშინ და სუნთქვაშეკრული ვისმენდით მართალ სიტყვას – მართალი კაცისას, რომელსაც პრეზიდენტობის სკამზე მეტად, ერის ბედი აღელვებდა და ქვეყნის მომავალი აფიქრებდა.

ბაქრაძისეული სიმართლე, მახვილივით მჭრელი ლოგიკური აზროვნება და გამბედაობა, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. დარბაზი მონუსხულივით იჯდა და ისრუტავდა ორატორის თითოეულ სიტყვას. იგი არაფერს დაგვპირებია და ან რას უნდა დაგვპირებოდა იმაზე მეტს, რაც ცხადად ვიგრძენით. ჩვენ მოვისმინეთ სიტყვა საქმიანი და ამის მეტი რა უნდა ყოფილიყო…

სპექტაკლი „ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე“ _ ეს იყო მისი, როგორც მწერლისა და პუბლიცისტის ნააზრევის დემონსტრირება, რომელიც დიდებულად წარმოგვიდგინა ლანჩხუთელმა ახალგაზრდა ქალბატონმა ნინო კუკულაძემ. ეს იყო ნამდვილი ერთი მსახიობის თეატრი. მე პირადად ახალი, ჩემთვის უცნობი აკაკი წერეთელი აღმოვაჩინე და დღემდე არ გამნელებია ეს შთაბეჭდილება.

მახსოვს ლანჩხუთის თეატრის სცენაზე ბედნიერად მომღიმარი აკაკი ბაქრაძე, რომელიც მადლიერებას გამოხატავდა უსაზღვროდ კმაყოფილი ლანჩხუთელების მიმართ“.

მაია კუკულაძე, ჟურნალისტი:

ჩემთვის განსაკუთრებული იყო ეს დღე. სპექტაკლი ,,ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე ლანჩხუთელმა მაყურებელმა იმდენად თბილად მიიღო, მას შემდეგ  ქუჩაში მხვდებოდა ხალხი და მეკითხებოდა, განმეორებით ხომ არ ესტუმრებოდა ლანჩხუთს ეს შემოქმედებითი ჯგუფი. მოგეხსენებათ, მძიმე 90-იანი წლები, უშუქობა, სიღარიბე და გაჭირვება სუფევდა ირგვლივ. მაშინ ლანჩხუთში ახალჩამოსული ვიყავი და ბევრს არავის ვიცნობდი, ეს ამბავი რომ გავიგე,  ჩემი და, ნინო კუკულაძე და ნათელა ბაქრაძე ერთი მსახიობის სპექტაკლზე მუშაობდნენ და მისი დებიუტი უკვე შედგა. მაშინვე ვუთხარი, ლანჩხუთში ხომ არ ჩამოხვალთ-თქო, მათაც მოეწონათ ეს აზრი და დამთანხმდნენ. მორიდებით შევაღე ლანჩხუთის თატრის დირექტორის, ნანული ჩავლეიშვილის კაბინეტის კარი და მოვუყევი იმის შესახებ, თუ რისი დადგმაც გვსურდა. აკაკი ბაქრაძე რომ ვახსენე, ქალბატონი ნანული ფეხზე წამოდგა და მითხრა _ ამაზე უარს როგორ გეტყვი, მაგრამ ნახეთ რა პირობებია, ცოტა არეულობაა, თქვენ თვითონ შეხედეთ, თუ შეძლებთ, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო და დარბაზისაკენ გამიძღვა. ჩვენ თავად მოვაწესრიგეთ იქაურობა, მოვიტანეთ საჭირო რეკვიზიტები. მახსოვს ძველებური პატეფონი იდგა სცენაზე, რომელიც დები იშხნელების ფირფიტას უკრავდა, არავითარი ხმის რეჟისურა და მსგავსი არაფერი იყო. სცენის კუთხეში იჯდა ქალბატონი ნათელა, ტექსტს კითხულობდა ნინო კუკულაძე.

ჩვენივე ხელით დავხატეთ აფიშა სამ ცალ ვატმანის ფურცელზე და ლანჩხუთის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე გამოვაკარით. ამის შესახებ ხმა მალე გავარდა და მაშინდელმა აქტიურმა ახალგაზრდობამ დახმარება შემოგვთავაზა. ესენი იყვნენ _ სოსო ბოლქვაძე,      მამუკა ჭყონია, დავით გოგუაძე, ჯუბა კვაჭაძე და სხვები.

ახლანდელი მერიის შენობის პირველ სართულზე იყო ლანჩხუთის ტელევიზია,  სადაც მუშაობდნენ: ეთერ  ჭყონია, ამირან გიგინეიშვილი, ზვიად აფხაზავა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ,  ჩაწერეს მსახიობი და რეჟისორი, იქვე სახელდახელო სუფრაც გაიშალა.

 დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა აკაკი ბაქრაძესთან, როგორც, პრეზიდენტობის კანდიდატთან. ეს შეხვედრა ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. ბევრს ეშინოდა, შევარდნაძის პერიოდი იყო და ხალხის ოპოზიციური განწყობა ხელისუფლებისათვის არ იყო მისაღები. თუმცა, ვინც გაბედა და მოვიდა, გარეთ აღარ უშვებდა ბატონ აკაკის. ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. საკუთარი ლექსების ხელნაწერი რვეული გადასცა მარინე კვაჭაძემ. ძალიან ბევრი ადამიანი ესაუბრებოდა, ეფერებოდა და საოცარ სიყვარულს გამოხატავდა მის მიმართ…

რას ჩივი?