ლანჩხუთის სოფლებში გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ტექნიკა, ამიტომაც გზების ნაწილი ჯერაც თოვლითაა დაფარული და მოძრაობა პარალიზებულია.
ეწერი-ჯურუყვეთის გზის ფოტოს აქვეყნებს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და თემის ყოფილი მაჟორიტარი ამირან გიგინეიშვილი. “ეს სახლიდან გადავიღე. ეწერი-ჯურუყვეთის გზა, რაც თოვა დაიწყო, არავის გაუწმინდავს. დევს შუა გზაზე მეტრი სიმაღლის თოვლი ზუსტად ისე, როგორც ეზოში!“ – წერს გიგინეიშვილი.
მოქალაქეები წერენ, რომ ანალოგიური მდგომარეობაა ნიგვზიანსა და ზემო ჩიბათში.

ნინოშვილი, ყელა. მანქანა თოვლითაა დაფარული
„გურია თუდეის“ დაუკავშირდნენ ყელადან, სადაც მოსახლეობა ეზოდან გადმოსვლას ვერ ახერხებს. „ნინოშვილში, კერძოდ ყელაში არის ძალიან კატასტროფული მდგომარეობა, სახლიდან ვერ გამოდიან, ვერ თოლავენ და საშიშ მდგომარეობაში არიან. ჩემი მშობლები არიან სახლში, მეც ფიზიკურად ვერ მივდივარ, რომ დავეხმარო. მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა. სახლი არის ჩანგრევის პირას და მომხმარე არავინაა“ _ გვეუბნება დათო გოგუაძე.

ნინოშვილი, ყელა. მარცხნივ ჩანს სახლი, რომელზეც დახმარებას ითხოვენ
კვლავ რთული ვითარება რჩება ჩოჩხათის თემში, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე რიგ ადგილებში 1,5 მეტრსაც აღწევს. გიორგი მარშანიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თოვლს დაფარული აქვს ღობეები და ჭიშკრის მხოლოდ წვერები ჩანს.
„ჩოჩხათში დილის მერე სამაშველოს ელოდებიან ჩემები, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. ცხვირს ვერ ყოფენ გარეთ, იმხელა თოვლია და ავარიულ სახლში იმყოფებიან“ _ დაწერა „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც სტატიის გამოქვეყნების წინ (21:35 სთ.) გვითხრა, რომ ჯერ კიდევ არავინ მისულა მათთან.