ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცული მასალების მიხედვით, სოფელ ეწრის მცხოვრებმა აღათი და ვლადიმერ კვაჭაძეებმა ოთხი შვილი გაგზავნეს სამამულო ომში, მათ შორის ერთადერთი ქალიშვილი ტატიანა. ტატიანა კვაჭაძე 1921 წელს დაიბადა. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის სამედიცინო ტექნიკუმში. იგი 1943 წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც ჩარიცხეს საზენიტო-საარტილერიო ნაწილში.
ტატიანამ თავის დადნაფიც ლიდა ჭყონიას უთხრა: ,,ომი ომია და ვინ იცის, მტრის ტყვია რომელ ჩვენგანს დაეწევა. თუ დავიღუპო, გთხოვ, ჩემი საფლავი უწარწეროდ არ დატოვო, მე ისეთი ძმები მყავს, როცა ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან, ჩემს ცხედარს აუცილებლად წაიღებენ და მშობლიურ მიწას მიმაბარებენ”.
1944 წლის ივლისში, ერთ-ერთი მდინარის გადალახვის დროს ტატიანა დაიღუპა. ფრონტელმა მეგობრებმა მას შეუსრულეს ანდერძი და საფლავს წარწერაც გაუკეთეს. მაგრამ ტატიანას ვერ შეუსრულეს ძმებმა დანაბარები, რადგან სამივე გმირულად დაეცა ბრძოლაში.
ლანჩხუთიდან მეორე მსოფლიო ომში 8236 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 3741 დაიღუპა. რაიონს სსრ კავშირის 7 გმირი ჰყავდა: ვლადიმერ ჩხაიძე, დავით თავაძე, ელისე ტუღუში, სერგო ჩხაიძე, ნოე ურუშაძე, ალექსანდრე სულაბერიძე და ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი.