ლელობურთი გურიის ერთ-ერთი კოლორიტული ტრადიციაა, რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს, სოფელ შუხუთში იმართება. 2020 წლის აღდგომას ლანჩხუთი ლელობურთის გარეშე შეხვდა, ამის მიზეზი – მსოფლიო პანდემია კორონავირუსი გახდა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც შუხუთში, სიმბოლურად ააგდეს ბურთი. პირველად ასეთი ფაქტი 1989 წელსდაფიქსირდა, მიზეზი კი მაშინ 9 აპრილის სისხლიანიმოვლენა გახდა.
„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს. სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ალბათ ხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან.
XIX საუკუნეში ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე.წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოები. თუმცა ის, რაც იმ დროისთვის გურიაში ხდებოდა და დღესაც ასე ხდება, სულ სხვა, მეტად გამორჩეული და განსხვავებული ამბავია.
არსებობს ვარაუდი, როცა ხასანბეგ თავდგირიძეს ერთ-ერთი ლელოს თამაშის დროს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა. შუხუთფერდის ბრძოლა, რომელიც ამ ფაქტთან არის დაკავშირებული, ასევე ჩვენთვის ცნობილია ნიგოითის ბრძოლის სახელით, რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა და ის ამგვარადაა შემონახული:
„გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო“.
ამითი კი გურია გაათავისუფლეს თურქებისაგან. გარდა ლელობურთისა, რომელიც გურიაში (შუხუთში) იმართება, აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება აგრეთვე განუმეორებელისიმღერა „ხასანბეგურა“, ის გადმოცემით სწორედ შუხუთის შესასვლელში მდებარე ცაცხვების ძირში დაიწერა.
დღეს ჩვენ რასაც ლელობურთს ვეძახით, სინამდვილეში არის „გატანიებურთი“. ეს უკანასკნელი ნამდვილი მასობრივი სპორტია. აქ ერთი სოფელი მეორეს ეჯიბრება, სოფლის ზემოური მხარე – ქვემოურს, ერთი კუთხის მოსახლეობა კი – მეორესას, მაგალითად, გურულები და მეგრელები.

„რასაც ლელობურთს ვეძახით, სინამდვილეში არის „გატანიებურთი“
გურულ-მეგრელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პირველ მაისს ქალაქ ფოთში. აღნიშნული ბურთის თამაშს სამეგრელოში – დადიანი, გურიაში კი გურიელი მეთაურობდა. ერთიცა და მეორეც ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. გურიელსაც და დადიანსაც ჩამოჰყავდათ რჩეული მოთამაშეები, როგორც გლეხები, ასევე აზნაურები. აღნიშნული შეჯიბრი ფოთის ცენტრალურ პარკში იმართებოდა. თამაშის საყურებლად დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. ბურთის თამაშს არ თაკილობდა აგრეთვე სამღვდელოებაც და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ შეჯიბრში მღვდელსაც კი მიუღია მონაწილეობა.
პირველი მაისის ერთი ასეთი დაპირისპირება მეგრელებსა და გურულებს შორის აღწერილია გაზეთ „კვალის“ 1897 წლის ფურცლებზე: „მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო… აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ გურულებსა და მეგრელებს… 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა… და ნახევარ საათში ბურთი ლელოზე მიარბენინეს“.
აპოლონ წულაძე (1884-1942) თავის წიგნში „ეთნოგრაფიული გურია“ წერს: „გატანიებურთს თამაშობდნენ ორგვარს: „ღლეტით“ და „არაღლეტით“ ან „უღლეტია“… (ბურთის ძალით ხელიდან გამოცლა). ამ დროს როლებს ინაწილებდნენ; ყველას მიჩენილი ჰქონდა შესაფერისი საქმე: მღლეტელი, გამქცევი, გზისამრევი, გამქცევისდამცველი, გზა-გზადამალული შემცვლელი, მარქაფა შემონახული მოთამაშეები და სხვ…“
ნამდვილად საინტერესო და კარგი საყურებელი იყო აგრეთვე თამაში ერთი სოფლის ცოლიანებისა და უცოლოების, ისიც აპოლონ წულაძეს (1884-1942) აქვს აღწერილი თავის წიგნში „ეთნოგრაფიული გურია“: „აღნიშნული დაპირისპირება აღდგომიდან ამაღლებამდე გრძელდებოდა. უცოლოები გაიხდიდნენ ჩოხას, ჯალს და მას გადაცემდნენ გასათხოვარ ქალიშვილებს, ისინი კი ჩოხას კაბაზე გადაიცმევნენ და ვაჟურად მოირთვებოდნენ, იმავეს აკეთებდნენ ახლამოყვანილებიც. ქალები ბურთით მოთამაშეებს დასდევნენ და ამხნევებდნენ: გასათხოვარი – უცოლოებს, გათხოვილები კი მეუღლეებს – „აბა ბიჭებო თქვენ იცით, მარჯვეთ იყავით, თვარა თუ მაჭამეთ სირცხვილი და „ყაზილარებმა~ გაჯობათ, ქალები გაგექცევათ, აბა ბიჭებო! არ გაჯობოს ცოლიანებმა, თვარა უცოლოთ დარჩებით და სხვ.“.
ლელობურთი შუხუთში ყოველ აღდგომადღეს, საღამოს 5 საათზე იწყება. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ ზემოურები და ქვემოურები) ეპაექრებიან. ადრე, სოფლის ცენტრში თოფის გასროლისა და ლელოს აგდების პატივი უხუცეს მოთამაშეებს ჰქონდათ. ახლა კი თამაშს, ტრადიციისამებრ, შუხუთის ტაძრის მღვდელი იწყებს, რომელიც ბურთს აგდებს.
შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მამა საბა ჟღენტი ამბობს, რომ – „ლელობურთით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და აღდგომაზე, შუხუთში სულ უფრო მეტი მაყურებელი ჩამოდის, არამარტო საქართველო სხვადასხვა რეგიონიდან, არამედ უცხოეთიდანაც კი. შუხუთის მაცხოვრებლები ორ ნაწილად იყოფიან და ერთმანეთს ერკინებიან ლელოს დასადებად. გამარჯვებულს კი ბურთი სასაფლაოზე მიაქვს, მიცვალებულის სულის პატივსაცემად“.
სწორედ მამა საბა ზედამხედველობს უკვე 15 წელზე მეტია აღნიშნულ ტრადიციას და შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური ფიგურაც კი არის.
ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურის მკვიდრის, 84 წლის ნესტორ იმნაძის თქმით – „ლელო ლანჩხუთელებისთვის იგივეა, რაც ფეხბურთი ბრაზილიელებისთვის“.
ბურთი, რომლითაც თამაშობენ, ზუსტად 16 კილოგრამიანია და საქონლის ტყავისგან არის შეკერილი, ის იტენება ბალახით, ნახერხითა და ქვიშით. ადრე ბურთის მოკერვამდე, მასში მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების – აგუნას წვენს ასხამდნენ, ეს უკანასკნელი მოგვიანებით, ალადასტურის ღვინომ ჩაანაცვლა.
ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურის მკვიდრის, ელიკო იმნაძის თქმით – „ლელო არის ტრადიცია, რომელიც გვიყვარს და მოუთმენლად ველოდებით. ამ ტრადიციაში არის ორთაბრძოლა, გამეტებული ჩხუბი და თავდადება ლელოს ბურთის მოპოვებისთვის. თითქოს დაპირისპირებული და ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანები ვერასოდეს ამ ჩხუბს კეთილად ვერ დაამთავრებენ. სინამდვილეში კი სულაც ორივე მხარე გამარჯვებულია. ბევრი ემოცია, ენერგია იხარჯება და ყველაფერი მთავრდება სიყვარულით. ესაა ჯანსაღი ბრძოლა, სპორტი და სიყვარულით სავსე ტრადიცია. ლელობურთი სანახაობაა, რომელიც ხალხს უყვარდა, უყვარს და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ეყვარება“.
პირველი სამზადისის შემდგომ შუხუთელებს ბურთი გადაგდება-გადმოგდებით ჯერ ეკლესიაში მიაქვთ, შემდეგ კი იწყება თამაში. მოთამაშეების მთავარი ამოცანა ბურთის თავიანთ მხარეს გადატანაა, რაც გამარჯვებას ნიშნავს.
ქვემო შუხუთის მკვიდრი დავით დოლიძე ჩვენთან საუბრისას ამბობ, რომ – „ვერანაირი საზოგადოება და დრო, ცვლილებებს ვერ შეიტანს ლელობურთში. ის ძირითადად რჩება უცვლელი, როგორც ფიზიკური ასევე თავისი ფუნქციური დანიშნულებით, თუმცა დროის სხვადასხვა მონაკვეთში მას ესადაგება სხვადასხვა გარემოებები. ჩემი ოჯახის ორი წევრის: ბაბუაჩემის და ბიძაჩემის საფლავებზე დევს ლელო ბურთი. ამ თამაშში ჩვენი ოჯახის ყველა თაობის წარმომადგენელი იღებდა აქტიურ მონაწილეობას“.
შუხუთურ ლელობურთს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული წესები.ამ თამაშს ხშირად უწესებო რაგბის
უწოდებენ, თუმცა მას რამდენიმე წესი მაინც აქვს, მათ შორის: თუკი აღნიშნულის დროს რომელიმე მოთამაშე მძიმედ დაშავდა, სხვა მონაწილეები ხელებს მაღლა სწევენ, ეს კი იმის ნიშანია, რომ თამაში უნდა შეჩერდეს და დაშავებული ხალხმრავლობას უნდა გაარიდონ. უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება და თამაში ჩერდება ხოლმე. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმები და ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც კი ხდება, ასე მაგალითად, 2015 წელს ლელო სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, თამაშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ლელობურთი 2014 | ფოტო: გიორგი გოგუა, „რადიო თავისუფლება“
არც ის უნდა იფიქროთ, რომ რაიმე განსაკუთრებული საპრიზო ფონდი იყოს დაწესებული. მოწინააღმდეგეთა მიზანია, ლელო საკუთარ მხარეს გაიტანონ – ქვემოურებმა „ჟორდანიას ღელეში“, ზემოურებმა კი „უკან ღელეში“. მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე ააქვს და რომელიმე ახლადგარდაცვლილი თანასოფლელის საფლავზე მიუჩენენ სამუდამო ადგილს. გამარჯვებულ გუნდთან ერთად სასაფლაოზე დამარცხებულებიც მიდიან. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საფლავიდან ბურთი დაკარგულიყოს. საფლავზე ბურთის წაღების ტრადიცია 1974 წლიდან არსებობს. ლანჩხუთელები სწორედ ამგვარად გამოხატავენ წარსულის პატივისცემას.
გრიგოლ აფხაძე გვიამბობს – „ჩემთვის ლელობურთი სიამაყე, ტრადიცია და მებრძოლ წინაპრებთან შეხვედრაა. ის ემოციურად ჩემში ბრძოლასთან ასოცირდება, სადაც დიდი ადრენალინი და ამავე დროს მარცხის შიშია. პირველად ლელობურთი 1990 წელს, 16 წლის ასაკში ვითამაშე. მცირე ცვლილებები და ტრანსფორმაცია ათწლეულობის მანძილზე განიცადა, მაგრამ ძირითადი ფორმატი და ტრადიციულობა არ შეცვლილა“.
ლელობურთის ზუსტი ანგარიში, დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავინ იცის.
ლანჩხუთის რაიონის სოფელი გვიმბალაურის მკვიდრი, ციური ხელაძე-იმნაძე გვიყვება, რომ – „ლანჩხუთში ლელოს დიდი ტრადიცია აქვს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ლელობურთი ტრადიციულად ყოველ გაზაფხულს ტარდებოდა. ლელოს ბურთი იკერებოდა ხელით და ის ძალიან მძიმე იყო. თამაში ძალიან აზარტულია, მაყურებელიც ბევრი ჰყავს, ჩამოსულებიც და აქაურებიც. ზოგი სახლის აივნიდან, სახურავიდან და სულაც ხეებიდან ადევნებენ თვალს. მონაწილეები თამაშის დროს საოცარი სანახავები არიან: გაოფლილები, ტანზეშემოხეულები, ზოგჯერ ცალ-ცალი ფეხსაცმლით ამთავრებენ თამაშს. დიდი სამამულო ომის დროსაც კი ჩაუტარებიათ ლელობურთი, ვინაიდან მაშინ სოფელი ახალგაზრდებისაგან და მამაკაცებისგან დაცლილი იყო მონაწილეობა ქალებმა მიიღეს და ტრადიცია არ დაარღვიეს. ყოველ წელს ლანჩხუთის თითოეული მკვიდრი სიხარულით ელოდება ამ დღესასწაულს, ეს არის გურულების ხასიათის დიდებულად გამომხატველი სპორტი. თამაშის ბოლოს უწინ წაგებულიც და მოგებულიც ერთად გაჰკიოდა კრიმანჭულს“.
ლუკა კარკაძე, სპეციალურად „გურია თუდეისთვის“