ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდან, განკუთვნილი თანხა, წინა წლების მსგავსად, წელსაც 748 ათასი ლარითაა განსაზღვრული. ვინაიდან პროგრამა მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებს მოიაზრებს, სოფლის საერთო კრებაზე, კენჭისყრით უნდა გადაწყდეს, თუ რისი გაკეთებაა სოფელში პრიორიტეტი. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები და კრებები ლანჩხუთის სოფლებში თებერვალში გაიმართა და ის პრიორიტეტებიც გამოიკვეთა, რომელთა გახორციელებასაც უნდა მოხმარდეს ზემოთ ნახსენები თანხები.
აღნიშნულ თემაზე, სოფლების მიხედვით, ვრცელ სტატიას „გურია ნიუსი“ აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ზემო შუხუთში 12 000 ლარი სასაფლაოს შემოღობვა-კეთილმოწყობას და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება. ქვემო შუხუთში კი გზა, გზის შემადგენელი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას სოფლის პროგრამის თანხიდან 20 ათასი ლარი გაიხარჯება, ხოლო დამატებით 20 ლარს თანადაფინასებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს.
ნიგოითის ადმინისტრაციაში სოფლის პროგრამით 86 ათასი ლარია გამოყოფილი, რვა ათას ლარს კი ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს. გადაწყდა, რომ სოფელ ნიგოითისთვის განკუთვნილ16 ათასი ლარი სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობის სამუშაოების გაგრძელებას მოხმარდეს. საგულისხმოა, რომ ამ სკვერის მოწყობა გასულ წელს დაიწყო სოფლის პროგრამის თანხით, რაზეც სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
“სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ვინ უნდა მიიპატიჟონ კრებაზე, რომ მხარდაჭერა მიიღონ. პრიორიტეტი რეალურად სხვაა ჩვენს სოფელში, ვიდრე ამ სკვერის მოწყობა. თან, იმდენად უთავოდ მუშაობენ, რომ ერთიდაიგივე საქმის გაკეთება ორჯერ მოუწიათ. შემოღობეს და მერე გაახსენდათ, რომ… ღობეს ფუნდამენტი ჭირდება! სამწუხაროდ, ყოველი შეკრება ცირკს ჰგავს, კარგად დადგმულ ცირკს“, _ გამოცემა ნიგოითის უკმაყოფილო მცხოვრებლების პოზიციას ავრცელებს.
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 74 ათასი ლარია გასახარჯი სოფლის პროგრამის თანხიდან. ჯიხანჯირში, გულიანში, შრომისუბანში, მოედანსა და ხორეთში არჩევანი რკინა-ბეტონის გზის მოწყობაზე გაკეთდა, რასაც სოფლის პროგრამის თანხიდან 12-12 ათასი ლარი მოხმარდება, 12-12 ათას ლარს კი თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს. სოფელ ჩოჩხათშიც რკინა-ბეტონის გზის მოწყობაზე შეჩერდა არჩევანი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ჯამურად 32 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს. ჩოჩხათის კიდევ ერთ სოფლის _ კოკათის წილმა კი, სოფლის პროგრამის თანხებიდან 10 ათასი ლარი შეადგინა და ის სასმელი წყლის მოწესრიგებას მოხმარდება.
აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: გაგურში, ჭანჭათში, ზემო აკეთსა და ქვემო აკეთში, სოფლის პროგრამის თანხიდან ჯამში 54 ათასი ლარი გახარჯვაა გათვალისწინებული, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსების წილი 32 ათასი ლარია.
აცანის ადმინისტრაციულ ერთეულს მთლიანობაში 28 ათასი ლარი ერგო. აქედან, 16 ათასი ლარით სოფელ აცანაში სასმელი წყლის სათავის მოწყობისა და სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურისთვის დაიხარჯება, ხოლო დარჩენილი 12 ათასი ლარი სოფელ ტელმანში გარე განათების მოწყობა გადაწყდა.
მამათის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფლის პროგრამის თანხიდან 44 ათასი ლარი ერგო, ხოლო 34 ათას ლარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებისთვის, ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელში რკინა-ბეტონის გზების, სანიაღვრე არხების, ცხაურებისა და გარე განათების მოწყობისთვისაა განკუთვნილი. ასევე სოფელ შათირში სასაფლაოს შესაღობად.
სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/80mr5