ლანჩხუთი კიდევ ერთ საოცარ ადამიანს ემშვიდობება _ მაია გოგუაძის გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა, ვინც კი მას იცნობდა.
„ამ ძალიან კარგ ქალბატონს მალე გააცილებს ჩემი უბანი უკანასკნელ გზაზე. იცით, ის ვინ იყო? ახლა აგიხსნით… ყველას გამოუცდია 90-ანი წლების მძიმე გაჭირვება და ამ წლების ცუდი მემკვიდრეობა… ამ პერიოდში ეს ქალბატონი ამუშავებდა ფურნეს, სადაც რეგულარულად პურს აცხობდნენ სახლში. მასთან მეც მივდიოდი, თამამად მივდიოდი, ისეთი პატარა ვიყავი, ვერ ვწვდებოდი ფურნის სარკმელს და ვითხოვდი პურს ნისიად… ეს ქალბატონი კი იცით, რატომ დარჩა ჩემს მეხსიერებაში ასე სანუკვარი და დაუვიწყარი? ერთხელაც არ შეუხრია წარბი, ისე მატანდა პურს და ისე მცემდა პატივს. მაია დეიდა, შენმა ამბავმა დამაკლო რამდენიმე წლის სიცოცხლე. ნათელში იყავი!“ _ წერს გოჩა პაპავა სოციალურ ქსელში.
ასევე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ოჯახის ახლობელი: „იცით, როგორმა ბიცოლამ დაგვტოვა, სიცოცხლე რომ უხაროდა, სიხარულით ყველგან რომ მიეჩქარებოდა. ჩვენ მისი გოგოები ვიყავით და დაგვტოვა გულნატკენი. თვითონაც არ ელოდა არ ეგონა ასე თუ მოხდებოდა. ეგონა, გამოჯანმრთელების გზაზე იყო, რადგან ამას გადავურჩი, რა მომკლავსო, ერთ დღეში რა მოუვიდა… ერთ დღეში წავიდა… ავად არასდროს ყოფილა, ამ ბოლო ერთმა თვემ გაგვაწამა და გაგვაგიჟა ყველა. სიკვდილმა წაგვართვა, მეც მისი შვილი ვიყავი, ვაიმე როგორ მტკივა“ _ წერს მაგდა ორაგველიძე.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მაია გოგუაძე-ორაგველიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.