ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ლელა ჩახვაძე, რომელიც ემიგრაციაშია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ყველაზე ძლიერი წიგნი, რაც წამიკითხავს, შენი გავლილი ცხოვრებაა, ყველაზე ძლიერი ქალი, რომელიც მინახავს ,,რკინის ქალამნებით“, შენ იყავი, სამართალი რაც ასე აკლია ცოდვილ დედამიწას, შენში მოჭარბებით იყო. ხშირად გეტყოდი, ბოლომდე რომ გესწავლა და შენი კარიერა შეგექმნა, უძლიერესი მმართველი იქნებოდი-მეთქი. სამი გმირის გამზრდელო ქალბატონო, შენი ყველა სიტყვა, ჩემი ცხოვრების მეგზურია დღემდე. შენს დღეს გილოცავ, ჩემო დედისტოლფასო თინა დეიდა. მიყვარხარ, მენატრები და სულ მახსოვხარ“ _ წერს ლანჩხუთელი პოლიტიკოსი.
თინა ხოფერია გასულ წელს გარდაიცვალა. მისი შვილი ჯამბულათ ხოფერია უფროსი აფხაზეთის ომში დაიღუპა, შვილიშვილი _ ჯამბულათ ხოფერია უმცროსი კი რუსებთან ბრძოლას უკრაინაში შეეწირა. ახლა შვილი არჩილი აგრძელებს ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ.
„დღეს დედა 78 გახდებოდა…
ჩვენმა კაპიტანმა, ამ რამდენიმე დღის წინ მითხრა, ხასიათზე თუ ხარ, ბიჭებია შესაყვანიო.
კაპიტანი სულ 23 წლისაა… შვილივით მყავს… გამეცინა..
მერე ვუთხარი, ეგრე არ მითხრა არასდროს, შენ ბრძანებას გასცემ სხვები ვაკეთებთ… თუ რამე ცალკე, მარტო მითხარი ეგრე…
იმ დღეს არ შევედით… გადაიდო.
სამი დღეა სიცხე მაქვს…
წუხელ თავად შესულა ბიჭებთან ერთად…
მერე ფპვ დრონები დაესხნენ, გამთენიისას, დღეს..
ბოლომდე ესროდა…
ჰოდა, მხოლოდ ჩვენი ნავარა დაიწვა, ლეგიონის…
კაპიტანი გადარჩა… გადარჩნენ სხვებიც…
მე ვიცი, რატომ არ მოვხვდი მანდ.
რატომ გადარჩა ყველა, კაპიტნის ყურების აპკის გარდა…
დღეს დედა 78 გახდებოდა…“ – წერს სოციალურ ქსელში არჩილ ხოფერია, ლანჩხუთელი მეომარი, რომელიც ახლა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის.
ასევე წაიკითხეთ:


