„ყარაულის 520-ლარზე გავაკეთე არჩევანი… 5-15-ათასიანი ხელფასებით, ჩემნაირი ადამიანების ხმებით ხომ ზიხართ თბილად და ქამარს გვიჭერთ ჩვენ?“ _ ლანჩხუთში „შეთავსებითი სამსახურის“ კანონს აპროტესტებენ

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის მთავარი ადმინისტრაციული შენობა, მოხელის სავარძელი

„გურია თუდეის“ ბევრმა გულისტკივილით უთხრა, რომ ახალი კანონის მიხედვით, შეთავსებით სამსახურები დაკარგეს და მხოლოდ მიზერულ ანაზღაურებაზე რჩებიან. „200 და 300 ლარი რომ გვქონდა ხელფასი ამიტომაც ვწვალობდით და ორ-სამ სამსახურში ვიყავით, თორემ ჩვენც გვირჩევნია ერთ ადგილზე მუშაობა, მაგრამ 300 ან თუნდაც 500 ლარით რა უნდა ვქნათ? ამ კანონს რომ იღებდნენ, ხელფასები მაინც მოემატებინათ. ან რა უსამართლობაა 10%-ით გაზრდა ყველასთვის _ 15 ათასი ვისაც აქვს იმას 1500 ემატება, 500-ლარიანს კი _ 50 ლარი. ისეც ხო უსამართლო შეუსაბამობაა და ამ 10%-ით კიდევ უფრო ზრდიან ამ სხვაობას. ვიღაცას 10 ათასები არ ყოფნის და ჩვენ მეორე 200-300 ლარიან სამსახურს გვიკრძალავენ, ესაა სამართალი?“ _ ამბობენ ადამიანები, რომლებიც ერთი სამსახურის და მიზერული ხელფასის ამარა დარჩნენ.

ლანჩხუთელი კობა ზენაიშვილი, მისი სოციალური აქტივობიდან, ხელისუფლების მხარდამჭერია, „ფეისბუქზე“ ხშირად გვანებივრებს კურიოზული თუ სასაცილო ამბებით. მის პოლიტიკურ აქტივობებშიც ვერ ნახავთ ვინმეს შეურაცხყოფას _ ჩვეული სარკაზმით აკრიტიკებს წინა ხელისუფლებას და მოქმედის შექებასაც ოპონენტების კომენტარების ირონიული პასუხებით ახერხებს. აშკარად, გონიერი კაცია და მისი წყობილებიდან გამოყვანაც რთულია.

თუმცა ახალმა კანონმა, რაც პირს ორ სამსახურში მუშაობას უკრძალავს, იგი ძალიან გაანაწყენა და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა: „დეკემბრიდან, რაც მეორე სამსახურიდან გამომიშვეს, „შეთავსებითი სამსახურების შესახებ“ კანონის საფუძველზე, რათა აღმოიფხვრას ეს „კორუფციული ელემენტები“ ქვეყანაში… მე, სადაც შპს-ში, შტატგარეშე 468-ლარიან ხელფასზე, სპეციალისტის პოზიციაზე [ვიყავი დასაქმებული] და არჩევანი გავაკეთე 520 ლარიანი ხელფასზე, 4-დღეში ერთჯერ ყარაულად, კოლეჯში…“ _ წერს იგი და იუმორს არც ამჯერად ღალატობს:„უკვე უსაქმურობისგან, ყველას პროფილი შევამოწმე და ორს ერთი და იგივე ქმარი გყავთ. მადლობა ვის?…“

მეტი კონკრეტიკისთვის ბატონმა კობამ ორ კომენტარში „ჩაშალა“ თავისი პოზიცია:

„და ამის ფონზე, 5-15 ათასიანი ხელფასებით, ჩემი და ჩემნაირი ადამიანების ხმებით ხომ ზიხართ თბილად და ქამარს გვიჭერთ ჩვეენ?…ყველა ნაცი დაწინაურებულია.. .საერთოდ, 468 ლარიანი სამსახური უნდა იყოს ქვეყანაში? ახალი წელი მაინც გეცლიათ,4 ოქტომბერი გავიარეთ არჩევნებით და 1-ლი ნოემბრიდან აამოქმედეთ ორი-სამი თვის წინ მიღებული კანონი…იცოდა ვინმემ?..კანონებს პატივი უნდა სცეს ადამიანებმა, მაგრამ ამხელა უსამართლობა…არ გრცხვენიათ?“ _ წერს იგი და იქვე „ჩააზუსტა“: „არავინ არ ფიქრობს იმ მომაკვდინებელ ცინიზმზე, დაცინვაზე გვერდით მდგომებიდან, როგორი მზერით და სიცილით გვიყურებენ ჩვენ მხარდამჭერებსდა მოდი, შევეშვათ ყველაფერს, ბედავენ და ისევ ტოვებენ სამსახურში შეჩევით ადამიანებს, პირდაპირ სულში გვაფურთხებენ…კორუფცია აი ეს არის, აი ასეთი მფარველები არიან სტრუქტურებში და გადაამოწმეთ მაინც, ვინაა ეს ხალხი და კორუფციაა თუ ნეპოტიზმი…კანონია? კანონი ერთი უნდა ყველასთვის…გამონაკლისია 5 მუხლიო…გამონაკლისი არა, კვახი…არანაირი სამსახურს ზარალი და ზიანის მიყენება არ ხდება, ეს არის ჩრდილიდან გამოყვანა? თუ ჩრდილში შეყვანაა…“

ამ განცხადებებს გამოხმაურებაც მოჰყვა. მარინა ჩიხლაძე წერს: მაძღარ მღვდელს ყველა მაძღარი ეგონაო, ისე არიან ესენიც, გვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდადაა და უარესს შორის. პენსია 20 ლარით მოუმატეს პენსიონრებს, 20 და მეტი ლარით გაძვირდა პროდუქტები, რა აზრი ჰქონდა მომატებას თუ ბაზრის ფასებს არ დაარეგულირებდნენ. ამ მომატებამ არა მარტო პენსიონრებზე, ყველა ჩვენგანის ჯიბეზე იმოქმედა“.

ძველ დროს იხსენებს კობა ზენაიშვილის ერთ-ერთი თანამებრძოლი:„2012 წელს ბიძინა[ივანიშვილი _ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი] რომ მოდიოდა, ფილარმონიაში ყრილობა გაიმართა. დიდ ამბავში ვიყავით, გემახსოვრება. ოზურგეთიდან მოდიოდნენ მანქანებით და „ნაცები“ საბურავებში ლურსმნებს უყრიდნენ. ზუსტად ის „ნაცები“ დააწინაურა „ოცნებამ“ მოსვლისთანავე. ეს ამბავი ყველამ იცის ოზურგეთში.მაშინ უნდა მივმხვდარიყავით,მაგრამ…“

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ელგუჯა ჩხაიძე სარკასტულ კომენტარს აკეთებს: „ბატონო კობა, სანამ თავისთავზე ადამიანი არ გამოცდის ღირსების შელახვას, მანამ არის სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“.

თემას პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ასევე დიდი პრობლემაა იზი წერეთლის მიერ დასახელებული თემა: „რაც ეს შპს-ები დაარსდა, ყველაფრის უფლება მისცეს ხელმძღვანელობას და მონებივით ამუშავებენ დაქირავებულებს, 3-4 პოზიციაზე მომუშავე ექთანს, 7 საათიან დამღლელ მუშაობას რომ 400 ლარით დაუგვირგვინებ და ამცრელ ექთანს რომ 100 ლარს გადაუხდი თვეში,აი რა უნდა უთხრა ან ჯანდაცვას ან დაწესებულებისმთავარ ექიმს,შუბლის ძარღვი რომ აქვთ გაწყვეტილი. ეს კარგად იციან, პენსია ხომ გააქვთ… გაუსაძლისია ეს ყველაფერი!“

არახალია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, განსაკუთრებით „2012-იანელების“ [ვინც პირველები შეუერთდნენ ბიძინა ივანიშვილის გუნდს] გულისტკივილი _ ისინი წლებია, აპროტესტებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მაღალ თანამდებობებზე დასაქმებას და „ძველი მეოცნებეების ჩაგვრას“.

რაც შეეხება ახალ კანონს, როგორც ცნობილია, ორ სამსახურში მუშაობა ეკრძალებათ ადამიანებს, თუ სამუშაო საათების დამთხვევა ხდება. ასეთ დროს საჭიროა სამსახურის უფროსების ნებართვა, ანუ იმის განსაზღვრა, შეუძლია თუ არა კონკრეტულ თანამშრომელს ორივე სამსახურში მოვალეობის სრულყოფილად შესრულება.

ერთი შეხედვით, ახალი კანონი გონივრული და სამართლიანია (რა თქმა უნდა, თუ ის ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე, ყველაზე თანაბრად გავრცელდება), რადგან ერთსა და იმავე სამუშაო დროს ერთი ადამიანი ორ სამსახურში ვერ იმუშავებს, თუმცა მისით დაზარალებულები საკმაოდ მყარ არგუმენტებს ასახელებენ _ ორ და სამ სამსახურში იმიტომ მუშაობენ, რომ ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ, როცა მაღალჩინოსნების ხელფასი ათი ათასებსაც კი სცდება…

ასევე წაიკითხეთ:

„ვის რატომ დაჭირდა ამ პოლიტიკურ ასპექტში ამის აფიშირება უნებართვოდ?“ _ „გურია თუდეის“, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ

რას ჩივი?