ქორწილში მოლხენა და… გივი წითლიძე _ იცოდით, „გურიას“ ჩემპიონობა „მერცხალმა“ დააკარგვინა? გურული დერბის ლამის საუკუნოვანი ისტორია

|

Loading

გიგა კვერენჩხილაძე გურული დერბების ბომბარდირია

შალვა კაკაბაძე: „თუ გინდა, გავვარდეთ, ოღონდ ოზურგეთს გავუსწროთ…“

გურული დერბის ისტორია სათავეს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს. პირველი შეჯიბრი 1937 წელს გაიმართა, როცა ლანჩხუთში პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი „სპარტაკი“ შეიქმნა (მისი წინამორბედი „კიმი“ არაოფიციალური გახლდათ). აღნიშნულ შეჯიბრში „სპარტაკის“ გარდა მაშინდელი მახარაძის, ჩოხატაურის ნაკრებები და სამტრედიის „ლოკომოტივი“ მონაწილეობდნენ. ზონაში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადიოდა, ეს პატივი კი ლანჩხუთის კლუბმა მოიპოვა და როგორც შემდგომში გამოჩნდა, გურიის რეგიონის საფეხბურთო ფლაგმანი სწორედ ამ ქალაქის გუნდი გახდა.

სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ სამივე გურული გუნდი გააუქმა. ომის დასრულების შემდეგ, სამშობლოსადმი ვალმოხდილი ვეტერანები უკან რაიონებში დაბრუნდნენ და ახალი საფეხბურთო კოლექტივები ჩამოაყალიბეს. ლანჩხუთის გუნდი შეხვედრებს სუფსაშიც ატარებდა. მალე ოზურგეთშიც გუნდი თავიდან შეიქმნა. ასევე ოზურგეთში ფუნქციონირებდა საკმაოდ საინტერესო კოლექტივი, რომელიც ურეკის „მაგნეტიტში“ მომუშავე უნგრელი სამხედრო ტყვეებისაგან იყო დაკომპლექტებული. მათთან შეხვედრებს სისტემატურად მართავდნენ ლანჩხუთისა და ოზურგეთის კოლექტივები. პრინციპში, „მაგნეტიტის“ გუნდი ოზურგეთისა და გურიის ისტორიაში პირველი ინტერნაციონალური, მთლიანად უცხოელებით დაკომპლექტებული კოლექტივი გახლდათ.

 1937 წელს გაიმართა პირველი გურული დერბები _ ლანჩხუთის „სპარტაკმა“ (ფოტოზე) აჯობა მახარაძისა და ჩოხატაურის ნაკრებებს

როგორც ვთქვით, ისინი შეხვედრებს გურულებთან მართავდნენ. ეს შეხვედრები მაყურებელთა უდიდეს ინტერესს იწვევდა, რამეთუ უნგრელები ბურთის ფლობის ისეთი ელემენტების დემონსტრირებას ახდენდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ „უცხო ხილი“ იყო გურული ფეხბურთელებისა და ქომაგებისთვის.

„მადიარებს თამაშის ტექნიკურ არსენალში ჰქონდათ მფრინავი ბურთის გაჩერება და დამუშავება ტერფის ზედა ნაწილით, ბურთის მიწოდება მკერდით, კომბინაცია „გადაჯვარედინება“, სტანდარტული მდგომარეობიდან ბურთის გათამაშების მრავალფეროვნება და სხვა ტაქტიკური და ტექნიკური ელემენტი. იმ დროს უნგრეთს სახელოვანი გუნდი ჰყავდა, შემდგომში „დიდი გუნდის“ სახელით ცნობილი. მათმა თანამემამულეებმა მრგვალი ბურთის კეთილშობილური კვალი დატოვეს გურიის მხარეში“, – იხსენებდა ლანჩხუთელი ფეხბურთელი და გურული ფეხბურთის მეისტორიე იური ებრალიძე.

გურულ-უნგრულმა გუნდმა 4:1 დაამარცხა ჩოხატაურის გუნდი, მახარაძეში ჯერ ადგილობრივ გუნდს მოუგო, ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა. ტყვე ფეხბურთელებმა ითამაშეს „გურულ ფოთთანაც“ – ჯერ 0:1 წააგეს, მეორედ კი, მატჩი 1:1 დაასრულეს. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა ასევე ჯერ უნგრელებს მოუგეს 3:1, მეორედ კი (მატჩი სუფსაში გაიმართა) ისინიც ფრეს დასჯერდნენ – 3:3.

რაც ყველაზე საინტერესოა, უნგრელ ფეხბურთელებს ტყვე თანამემამულეების სახით, მრავალრიცხოვანი ქომაგი ჰყავდათ, რომლებიც საკუთარ გუნდს ყოველ თამაშზე დაჰყვებოდნენ და მთელი 90 წუთის განმავლობაში ამხნევებდნენ ომახიანი შეძახილებით: „ტეე-მპო მადია-რო“!

ახლა რაც შეეხება „ნამდვილ“ გურულ დერბებს – „გურიისა“  და “მერცხალის“ მონაწილეობით. ეს იყო და არის ძალიან დაუნდობელი, უშეღავათო პაექრობა, რომელიც სათავეს გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს, როცა ლანჩხუთში გუნდს „გურია“ დაერქვა.

 ამ სახელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაა – ერთის მიხედვით, წინა სეზონში უკეთეს ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებდა რეგიონის სახელს; მეორე ვერსიით კი, ლანჩხუთელებმა „ჩააწყვეს“, მათ განაცხადი ოზურგეთელებამდე შეიტანეს. ამაში კი, გურული ფეხბურთის მესვეურები „გურიის“ ლეგენდარული პატრონის, ევგრაფ შევარდნაძის ხელს ხედავდნენ.

 ასეა თუ ისე, 60-იანი წლებიდან სათავეს იღებს გურული დერბების „ფათერაკებიანი“ ისტორია. ინტრიგა ამაში „გურიის“ ასევე ლეგენდად ქცეულმა მწვრთნელმა (25 წელი ედგა „გურიას“ სათავეში) შალვა კაკაბაძემ შეიტანა. ხუმრობით ამბობენ, რომ იგი სეზონის წინ გუნდის უმთავრეს მიზნად არა რომელიმე კონკრეტული ადგილის დაკავებას, არამედ – ოზურგეთელთათვის მოგებას და ცხრილში გადასწრებას მიიიჩნევდა. „თუ გინდა, მეთხუთმეტეზე გავიდეთ და გავვარდეთ, ოღონდ „მერცხალი“ იყოს მეთექვსმეტე!“, – ასეთი ყოფილა კაკაბაძის წინასასეზონო „მონახაზი“.

ანალოგიურად ფიქრობდნენ ოზურგეთშიც. ჰოდა, ამის შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ, რა თამაშები იმართებოდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის სტადიონებზე.

ამ საქმეში გურული ფეხბურთის მესვეურები „გურიას“ ლეგენდარული პატრონის, ევგრაფ შევარდნაძის (ავტომობილში ზის) ხელს ხედავდნენ

ცნობილია, რომ საწყისი 6 წლიდან, სამში „გურიამ“ „მერცხალს“ აჯობა, ორჯერ ლანჩხუთელებმა საქართველოს ჩემპიონატში I ადგილი დაიკავეს (1961, 1966 წლებში), ერთხელ – II ადგილი (1960 წ). 1967 წლიდან „გურია“ უკვე სსრკ-ს „ბ“ კლასში ასპარეზობს, სადაც არ იყო „მერცხალი“. აქედან გამომდინარე, პირველი საბჭოური დერბი მომდევნო წლისთვის გადაიდო. ერთი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო მეორეში „გურიამ“ 1:0 გაიმარჯვა. 

1969 წელსაც ცხრილში „გურიამ“ აჯობა თანაკუთხელს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ვერა (0:0 და 0:2);

 1970 წელი: „გურიამ“ დერბებში აჯობა (0:0 და 3:0), მაგრამ იმ წელს „გურულმა სკანდალმა“ (გადაკეთდა მატჩის ოქმი) „გურია“ შეიწირა – ლანჩხუთელები დააქვეითეს.

 ამით ლანჩხუთელებმა ლიგა დატოვეს და საქართველოს პირველობაზე გადაინაცვლეს, საიდანაც უკვე სსრკ-ს მეორე ლიგას და „მერცხალთან“ დერბებს 1972 წლიდან დაუბრუნდნენ. ეს იყო პირველი წელი, როცა ერთმა გუნდმა მეორეს ორივე შეხვედრა მოუგო, რაც ოზურგეთელებმა მოახერხეს (2:1 და 3:2);

1973 წელს „მერცხალმა“ 1:0 მოიგო, ხოლო მეორე მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.  მომდევნო წელს, ორივე შეხვედრა ფრედ პირველად დასრულდა – 1:1 და 3:3. 1975 წელს გუნდებმა მოგებები გაცვალეს (4:1, 0:1), „მერცხალმა“ XV დაიკავა და ლიგა დატოვა.

ამის შემდეგ ზედიზედ 4 წლის განმავლობაში გურული დერბი აღარ შემდგარა, რადგან „მერცხალმა“ უკან დაბრუნება ამ პერიოდში ვერ შეძლო. შემდეგ კი, 10 წლის განმავლობაში „გურია“ ოზურგეთული კლუბისთვის მიუღწეველი იყო – ლანჩხუთელებმა 1979 წელს I ლიგის საგზური მოიპოვეს.

 ალბათ, რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდებოდა გურული დერბების 15-წლიანი პაუზა, მაგრამ 1990 წელს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა და სსრკ-ს უმაღლესლიგელი „გურია“ და მეორელიგელი „მერცხალი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადაიკვეთნენ.

 აქვე, აღსანიშნავია საინტერესო მომენტი – ჯერ იყო და „მერცხალმა“ „გაიმეტა“ „ბ“ კლასიდან გასაგდებად „გურია“, ხოლო შემდგომ „გურიამ“ ორჯერ „გადაუხადა“ სამაგიერო – ჯერ ზემონახსენებ 1975, ხოლო შემდეგ 1992 წელს: მესამე ეროვნულ ჩემპიონატში, ლანჩხუთში „გურიამ“ 8:2 გაიმარჯვა, ხოლო ოზურგეთში 2:0 და დიდი წვლილი შეიტანა „მერცხალის“ გავარდნაში.

გურული დერბის აფიშა ლანჩხუთში, 2010 წ.

თუმცა, მანამდე, 1990 წელს ოზურგეთელებმა თანაკუთხელებს ისეთი დერბი მოუგეს, რის სრულფასოვან რევანშს „გურია“, ალბათ, ვერასდროს აიღებს. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში ამის პერსპექტივა არ არსებობს. 1990 წლის სეზონის მიწურულს, საქართველოს პირველი ჩემპიონობის ფავორიტი „გურია“ ოზურგეთში სამარცხვინოდ, 2:5 დამარცხდა.

როგორც კულუარებში ითქვა, წინა დღეს ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა თანაგუნდელის ქორწილში თავს მოლხენის უფლება მისცეს, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ოზურგეთიდან 3 ქულას წაიღებდნენ, მაგრამ მათ ვერ გათვალეს გურული დერბების ისტორია. „მერცხალმა“ თანაკუთხელი ჩემპიონობას ჩამოაშორა. მაშინ ლანჩხუთის ფეხბურთის მესვეურებმა ოზურგეთელთა წახალისებაში ნატანების კოლმეურნეობის ლეგენდარული თავმჯდომარის, გივი წითლიძის ხელი დაინახეს. ადამიანის, ვინც ათეული წლების მანძილზე „გურიას“ ფინანსურად გვერდში ედგა.

ეროვნული პირველობის ქვედა ლიგებში გუნდები სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს – თითოჯერ გასვლა მოიგეს და სახლში ფრედ ითამაშეს, ხოლო ორ სეზონში „გურიამ“ ორივე შეხვედრა მოიგო, თანაც პირველად მოახერხა ოზურგეთში 4 გოლის გატანა.

 ახლა კი, შევაჯამოთ „გურია“-„მერცხალის“ ზუსტად ნახევარსაუკუნოვანი დერბების ისტორია. დამოუკიდებელ ეროვნულ ჩემპიონატებამდე, 1968-1989 წლებში (1960-66 წლების მონაცემები არ გვაქვს), სულ 14 დერბი გაიმართა, „გურიამ“ მოიგო 3 შეხვედრა, „მერცხალმა“ – 5, ხოლო ფრედ დასრულდა 6 მატჩი. ლანჩხუთელებმა 19 გოლი, ხოლო ოზურგეთელებმა 18 გაიტანეს.

ეროვნული ჩემპიონატები: 1990-92 წლებში „გურია“-„მერცხალი“ სამი სეზონის მანძილზე ერთად იყვნენ და სამჯერვე ლანჩხუთელებმა უკეთესი ადგილი დაიკავეს. ქართული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სულ 5 გურული დერბი შედგა ოთხი „გურიამ“ მოიგო, ერთი – „მერცხალმა“, ბურთების შეფარდება – 16-7-ზე, ლანჩხუთელთა სასარგებლოდ.

 ბოლო გურულ დერბს ოზურგეთმა 2012 წელს უმასპინძლა, გიგა კვერენჩხილაძისა და ლაშა ჯანგიძის (ორივე წინა ხედით) გოლებით „გურიამ“ 2:0 მოიგო

 სულ, ეროვნულ ჩემპიონატში გუნდები 18-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 11 შეხვედრა „გურიამ“ მოიგო, 2  – „მერცხალმა“, 5 ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 43-19. 

გურული დერბი ლანჩხუთში – სულ 10 თამაში. გურიამ მოიგო 6, ფრედ ითამაშა 3 და წააგო 1 მატჩი. ბურთების სხვაობა 28-7.

 გურული დერბი ოზურგეთში – სულ 9 თამაში. „გურიამ“ მოიგო 6, ფრედ ითამაშა 2 და წააგო 1 მატჩი. ბურთების სხვაობა 19-12.

 სულ, 50 წლის განმავლობაში გამართული 33 დერბიდან 18-ში ლანჩხუთელებმა იმარჯვეს, 8 შეხვედრა მოიგო „მერცხალმა“, ხოლო 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 66-37-ზე, „გურიას“ სასარგებლოდ.

 ყველაზე უხვგოლიანი მესამე ეროვნული ჩემპიონატის მატჩია, სადაც 10 გოლი გავიდა (8:2), აქედან 4 გოლი დავით უგრელიძემ გაიტანა. დერბების ბომბარდირიც თავად იყო 7 გატანილი გოლით, თუმცა ბოლო დერბებში გატანილი გოლებით გიგა კვერენჩხილაძე ჯერ გაუთანაბრდა, ხოლო ბოლო დერბებში დაწინაურდა კიდეც.

სხვათა შორის, გიგა კვერენჩხილაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გურულ დერბიში ორი გუნდის მაისურით გაიტანა _ თუ ადრე მხოლოდ „გურიასთვის“ და „მერცხალის“ კარში იტანდა, 2018 წლის სეზონში, „ბახმაროს“ მოუტანა მისმა გოლმა გამარჯვება „გურიასთან“.

 აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში მეტოქეები ერთხელ გადაეყარნენ ერთმანეთს და ორივე შეხვედრა ფრედ (0:0 და 2:2) დასრულდა. სტუმრად გატანილი გოლების წყალობით, შემდეგ ეტაპზე „გურია“ გავიდა…

მათე გურული

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის გურიაში „პირველი“, ანუ ფეხბურთი, რომელიც პოლიტიკასაც გასცდა… ელ-ფირალო _ ლანჩხუთურ-ჩოხატაურული დერბის ისტორია

რას ჩივი?