ლანჩხუთის ვალ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში მსახიობის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/VlqWg
ვასილ ჩხაიძე ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. დაიბადა 1905 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლანჩხუთის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში სწავლობდა. 1925-26 წლებში იყო რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის წევრი. 1936 წელს კი მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით.
წლების მანძილზე მასწავლებლად მუშაობდა გორში, მცხეთაში, თბილისში, ლანჩხუთში; იყო ბათუმის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა, ფოთის თეატრების მსახიობი.
მცხეთაში მუშაობისას გაიცნო მან მომავალი მეუღლე, პროფესიით ექიმი – ნინი ვარდიგულაშვილი, რომელთანაც ერთადერთი ვაჟიშვილი შეეძინა. შვილს ძმის პატივსაცემად გიორგი დაარქვა. უმცროსი გიორგი ჩხაიძე მონაწილეობდა 2 მხატვრულ ფილმში – ,,ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” და ,,სიცოცხლე ერმილეს”. ის გარდაიცვალა 2000 წელს.
ყოველივეს შესახებ გვიყვება ვალ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი მაია ჩხაიძე. ის ხშირად აძლევს ინტერვიუებს წამყვან გამოცემებს და ვასილ ჩხაიძის ცხოვრების შესახებ უამბობს.
ვასილ ჩხაიძე _ ქართული კინოს ვარსკვლავი აცანიდან
„1937 წლიდან 1956 წლამდე ვასილ ჩხაიძე მუშაობდა აცანის საშუალო სკოლაში გერმანულისა და რუსული ენის მასწავლებლად. მისი გაკვეთილები თავიდან ბოლომდე შემოქმედებითი მუხტით იყო გამსჭვალული. თავისუფლად საუბრობდა მსოფლიოს ისტორიაში ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი, იტალიელი მეცნიერებისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა წვლილზე. ქართველ ფილოსოფოსთაგან განსაკუთრებულ მაღალ შეფასებას აძლევდა მოსე გოგიბერიძეს, მწერალთაგან მიხეილ ჯავახიშვილს, პოეტებში – გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეებს“ _ ამბობს მაია ჩხაიძე.
მისივე თქმით, „1967 წელს ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე ,,არაჩვეულებრივი გამოფენისათვის” ეძებდნენ ამაღლებული, შემოქმედებითი სულის, მსახიობური გამოცდილების მქონე ადამიანს. ასეთ პიროვნებას მათ აცანაში მიაგნეს. ეს იყო ვასილ ჩხაიძე. მან ისე მშვენივრად განასახიერა ეს როლი, რომ ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში ის და გადამდგარი პოლკოვნიკი პიპინია ერისთავი გაიგივდა“.
ვასილ ჩხაიძე და დავით ჟღენტი გადასაღებ მოედანზე (კ/ფ „შერეკილები”)
ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ელდარ შენგელაია ჰყვებოდა: „პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, – ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი ის კაცია, რომელსაც “არაჩვეულებრივ გამოფენაში” ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, გამოგვდგომოდა – ვასილ ჩხაიძე ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან გარიცხეს და სოფელში პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო. გურამ ლორთქიფანიძე, რომელიც ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა… გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, – ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი, პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, – ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე, გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. პირველად კამერის წინ რომ დარჩა, შეშინდა, მაგრამ სინჯების შემდეგ, პიპინიას როლზე დავამტკიცეთ“.
აი,როგორ იხსენებს მას ყოფილი მოსწავლე და შემდეგში მეგობარი, აცანის სკოლის დირექტორი, აწ გარდაცვლილი გივი ქინქლაძე: ,,ვასო ჩხაიძე იყო ჩემი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. იგი ჩემს მეხსიერებაში დარჩა როგორც მაღალი კულტურის პიროვნება, ფრიად განათლებული, ღრმად მოაზროვნე, რომელიც თამამ, უკომპრომისო შეფასებას აძლევდა მოვლენებს , ყველაფერს თავის სახელს უწოდებდა. გასაოცარია, რომ ასე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი როგორ გადაურჩა მძიმე რეპრესიების ეპოქას”.
ვასილ ჩხაიძე (დგას შუაში) აცანის საშუალო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა შორის. ფოტო გადაღებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში.
იქვე დასძენს, რომ: ,,ჩვენის აზრით, როდესაც აცანის საშუალო სკოლას ახალი შენობა ექნება, იქნებ ღირდეს ვიფიქროთ იმაზე, რომ მას მიენიჭოს დიდი მსახიობისა და განმანათლებლის – ვასილ ჩხაიძის სახელი”.
კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი მას ,,აზნაურ ვასილ ჩხაიძეს” უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ „ვასილ ჩხაიძე რაც იყო ცხოვრებაში ,იმას თამაშობდა კინოკამერის წინ, ცხოვრებაში კი ის იყო ჯიშიანი ქართველი არისტოკრატი”.
ისევ მაია ჩხაიძეს მოვუსმინოთ:
„ვასილ ჩხაიძემ მრავალი საინტერესო ეკრანული სახე შექმნა ფილმებში: ,,ჩამავალი მზე” – სანდრო, ,,მყუდრო სავანე”- გიორგი თუხარელი, ,,სემირამიდას ბაღები”- ფოსტალიონი, ,,კაპიტნები“ -კაპიტანი, ,,წყარო გზის პირას” – პუპლი, ,,პირველი მერცხალი”- ელიზბარი, ,,მოხეტიალე რაინდები” და სხვ. განსაკუთრებით , აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ქრისტეფორეს როლი ე. შენგელაიას ,,შერეკილებში” , რისთვისაც ქართული ფილმების 1-ლი რესპუბლიკური კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო. 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა… მსახიობის მამა – ისააკი ღარიბი გლეხი იყო, დედა ჩიჩუას ქალი გახლდათ, წარმოსადეგი, კარგი დედა და დიასახლისი. ვასო გარეგნობით, სიმაღლით, ინტელექტით მას ჰგავდა… ბატონ ვასოს ძმაც მასწავლებელი იყო და დიდხანს ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის განათლების განყოფილებას. ვასილ ჩხაიძემ შესანიშნავად იცოდა, არა მარტო რუსული ლიტერატურა, გერმანულიც, მსოფლიო ლიტერატურა, ასევე ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების ცხოვრება.
სპეციალისტების აღნიშვნით, ,,ყველა როლში იგრძნობა ვასილ ჩხაიძის უსაზღვრო ადამიანური მომხიბვლელობა, მისი ამაღლებული სულის სიწმინდე და რაინდული შემართება”; ,,ქართულ ეკრანზე მან კეთილშობილური სისხლისა და ამაღლებული სულის რაინდის წარუშლელი სახე დატოვა”.
ვასილ ჩხაიძე გარდაიცვალა 1983 წლის 26 დეკემბერს. თავდაპირველად, იგი დაკრძალულ იქნა მუხათგვერდის სასაფლაოზე. შემდეგ, დიდი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას მონდომებითა და თაოსნობით მისი ნეშთი გადაასვენეს დიდუბის მოღვაწეთა პანთეონში, ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას გვერდით“.