„ერთად მუშაობის 19 წლის მანძილზე მისგან ბევრი კარგი ვისწავლე. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისთვის, ასევე ქართული ჟურნალისტიკისთვის“
ლანჩხუთის გამორჩეულ ჟურნალისტს, ქეთევან ნაკაშიძეს ემოციურად ემშვიდობებიან მეგობრები, კოლეგები, ახლობლები, ნაცნობები.
გულო ჭყოიძე: „როგორ დამწყვიტე გული, ქეთი, ჩემო კარგო ქალბატონო, კარგო მეზობელო და უნიჭიერესო პიროვნებავ, ჩვენი ყველა შეხვედრა გულთბილი და საინტერესო იყო. ძალიან დამაკლდები, ნათელი და სანთელი არ მოგაკლდეს იმიერში“
ნანა ბეროშვილი: „რედაქციაში მხოლოდ ხუთი წელი ვიმუშავე და შემდეგ 15 წელი დავდიოდი სულის მოსათქმელად, აზრების გასაზიარებლად, უბრალოდ, ჭკვიანი ადამიანის რჩევის მოსასმენად. რამდენ ადგილას მიმუშავია და ასეთი მიჯაჭვული არავისთან ვყოფილვარ. თვითონ ამბობდა, ჩემი კოლექტივი ბრინჯივით მყავს გადარჩეული და გამორჩეულიო და მართლაც „ლანჩხუთი პლუსი“ ოჯახი იყო. შეიძლება ნაკლებად შემძლე, მაგრამ ღირსეული ოჯახი, ღირსეული დედით. ჯერ გაზეთის დახურვამ გამომიკეტა „კლუბის“ კარი და ახლა ქალბატონი ქეთევანის სიკვდილმა საერთოდ მაგრძნობინა დროის ულმობლობა. ეპოქა დამთავრდა მისი წასვლით. არ ვიცი, რა აანზღაურებს ამ დანაკლისს. თანავუგრძნობ ბატონ ჯეირანს, ზაზას და გელას. დიდი საყრდენი გამოეცალათ. მე კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დამაკლდა“.
ამირან მორჩილაძე: „ძალიან მეწყინა, მისი ამ ქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისთვის, ასევე ქართული ჟურნალისტიკისთვის. ერთად მუშაობის 19 წლის მანძილზე ბევრი კარგი ვისწავლე მისგან. იყო ძალიან ნიჭიერი, მიუკერძოებელი ჟურნალისტი, ახალგაზრდების დამრიგებელი და სიახლეების მაძიებელი, ნამდვილი პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი. ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველა ახლობელს“.
ქეთევან კუნჭულია-გვარჯალაძე: „ძალიან მეწყინა, ელდა მეცა, რომ ამოვიკითხე ქეთევანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. წავიდა თავის ნათლიასთან, მეგობართან, თანამოაზრესთან _ მაყვალა გვარჯალაძესთან. მადლი იყო ამათი ერთად ნახვა, მათი საუბრები… დამთავრდა… წუთია წუთისოფელი… ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ქალბატონო ქეთევან, თქვენი ლამაზი სული“.
ლია კომახიძე: „ყველა ლანჩხუთელისთვის და მთელი რაიონისთვის გამორჩეულად ძვირფასი და საყვარელი ქეთევან ნაკაშიძე. ქალი, რომელმაც მართლაც რომ „ლამპის შუქზე“ შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ _ ამბის და სინათლის მომტანი გაზეთი, თავისი ახალგაზრდა სარედაქციო კოლექტივით… დიდია მისი ღვაწლი და ამაგი ჩვენი რაიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უფალმა განუსვენოს“.
თინათინ გოგუაძე: „ძალიან საწყენია. ქალბატონი ქეთევანი გამოირჩეოდა თავისი კულტურით, ადამიანებთან ურთიერთობის ფორმით. მისი ჟურნალისტური ცხოვრება შევსებული იყო მხოლოდ რეალობით და არა ვინმეს მისთვის არმოსაწონი აზრის გამოხატვით, კრიტიკით და ცილისწამებით. მისი სახით რაიონმა დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნება, როგორც სპეციალისტი და ადამიანი. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს“.
კახა ასკურავა: „მართლაც ძალიან დიდი და საპატივცემულო ადამიანი წავიდა იმიერში! ქალბატონი ქეთევან ნაკაშიძე ძალიან დიდი ხანი ემახსოვრება ლანჩხუთს. მან ეს დაიმსახურა თავისი საქმიანობით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოღვაწეობითაც. აცხონოს ღმერთმა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა შინაურს“.