მეხის გავარდნას გავდა შენი გარდაცვალების ამბავი. ყველას დამხმარე, მშველელი, მრჩეველი და პატრონი იყავი. საკუთარ თავს ვერ გაუფრთხილდი, სიცოცხლის უკანასკნელი საათიც კი სხვის დასახმარებლად დახარჯე, ყველას _ მთელ კუთხეს, სამეზობლოს, ძალიან ბევრ ლანჩხუთელს შენი იმედი გვქონდა, რომ გვიჭირდა. დაუზარებლად, უანგაროდ, თბილი ღიმილითა და გამამხნევებელი სიტყვებით გვაიმედებდი და გვეხმარებოდი, გამოცდილი ექთანი იყავი, საუკეთესო მედდა, ხალხის სამსახურში გაატარე მთელი ცხოვრება. საუკეთესო ოჯახის დედა, კარგი შვილების აღმზრდელი, საუკეთესო მეუღლე, კარგი ბებია, ძვირფასი თანამშრომელი, ფუსფუსა, სულ სადღაც მიიჩქაროდი, ვიღაცის საშველად…
საკუთარ თავს კი ვეღარ უშველე, დაგაგვიანდა…
ძალიან დაგვწყვიტე გული ყველას, ჩემო ლარისა, ჩემო კარგო მეზობელო, 55 წელი სამეზობლო ავითვალე, 30 წელი ერთად ვმუშაობდით, მთელი დღე ერთად ვატარებდით და მაინც გვრჩებოდა სალაპარაკო, ახლაც, იმ ავბედით დღეს, ყველაზე ბოლოს მე გნახე და მითხარი, სათქმელი მაქვსო და დაგვრჩა უთქმელი.
წახვედი პირნათელი და ვალმოხდილი ყველას წინაშე.
ნათელში იყოს შენი სული და მსუბუქი იყოს შენთვის ის მიწა, რომელმაც მშობელ დედასავით უნდა ჩაგიხუტოს.
ყველას, ადრე თუ გვიან, ერთი გზა გვაქვს. შეხვედრამდე, მეგობარო!
გულო ჭყოიძე