ლანჩხუთელი პოლიტიკოსი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ლელა ჩახვაძე, რომელიც თანამემამულეთა იმედი და ჭირისუფალია საფრანგეთის მიწაზე, „გურია თუდეის“ ემოციურ წერილს უგზავნის.
ლელა ჩახვაძე, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი:
_ ჩემთვის ყველაზე მძიმე ღამე გათენდა, აფრინდა „თბილისი-სტამბული-პარიზი”, მე, ჩემი უმცროსი შვილი და შვილიშილები ვტოვებდით ჩვენს სათაყვანებელ სამშოლოს. სევდა, გაურკვევლობის შიში, ბუნდოვანი მომავალი მიფორიაქებდა სულსა და გულს.
მივდივარ საფრანგეთის სახელმწიფოსა და ერთადერთი ნაცნობის, ლაშა ელიაძის იმედზე (მაშინ მხოლოდ აქციებიდან ვიცნობდი შორიდან).
ქალაქ რეიმსში ლაშას თავის სახლში ავყავართ და ჰოი, საოცრებავ, იქ გვხვდება ჩვენი მიწა-წყლის ახალგაზრდა, ლანჩხუთის მკვიდრი – ბაჩო (ლევან) ხვედელიძე.
სანამ საკუთარ ბინას მოგვცემენ, თითქმის ერთი თვე ბიჭებმა შეგვიფარეს, გულითადი მასპინძლობა გაგვიწიეს და ვხედავ, ორთავე მოსიარულე სიკეთე ბიჭია.
ჩვენ სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს, მაგრამ ერთი წუთი არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. ყველა დღესასწაულს ბიჭებთან ვხვდებით და ისინი გვიადვილებენ ჩვენი ყოფის პირველ თვეებს.
ლაშა რეიმსიდან წავიდა და დაგვრჩა ბაჩო. მერე აზაც ჩამოვიდა _ ბაჩოს დედა და ჩვენც გადმოგვიყვანეს რეიმსში. პირველად მე და გვანცამ უმძიმესი დღეები გავიარეთ და ჩვენს გვერდში აზა და ბაჩო იდგნენ უპირველესად. და ასე ერთ ოჯახად მოვდიოდით 3 წელი და 8 თვე…
ამ დროის განმოვლობაში ვხედავ ბაჩოს გაკეთებულ უამრავ სიკეთეს, საქართველოდან ჩამოჰყავს ჯანმრთელობა შელახული ადამიანები, აცხოვრებს მასთან, დაჰყვება საავადმყოფოებში და მოკლედ რომ გითხრათ, რეიმსში ყველაზე დიდი სიკეთის მკეთებელი ბიჭია.
არ დაგავიწყდეთ, ექიმებთან კარგი ურთიერთობის შემდეგ, ბევრ მათგანს თხოვს გამოწეროს წამლები, რომლებიც საქართველოში დიალეზზე მყოფებს არ აქვთ, 1500 ევრო ჯდება კვირაში და აგზავნის საქართველოში სრულიად უსასყიდლოდ, გაგზავნის ფულსაც თვითონ იხდიდა, მიუხედავად მისი ფინანსური მდგომარეობისა.
ამ ყველაფერში მისი დედიკო უწყობდა ხელს. აურებელი სუფრები… მხოლოდ თავისი კი არა, სხვისი სტუმრების მასპინძლებიც იყვნენ. პატივისცემა არ აკლდათ არავისთვის. ყველას უყვარდა ეს გურული იუმორით, ნათელი ხასიათის და სიკეთის ბიჭი რეიმსში.
თავისი სამშობლოს უღირსეულესი დესპანი იყო საფრანგეთში, სამშობლოზე შეყვარებული ბაჩო. გულის მხარეს საქართველოს, მეორე მხარეს საფრანგეთის დროშა ეხატა. არ შეშლია არც საფრანგეთის სათანადო დაფასება.
აი ასეთი იყო ბაჩო, მინდოდა გცოდნოდათ, იგი უბრალოდ ახალგაზრდა არ ყოფილა. 36 წლის დიდი ადამიანი და პიროვნება იყო. ამიტომაც ორდღიან პანაშვიდზე საფრანგეთში ხალხი არ წყდებოდა, ყველა, მამაკაცებიც კი გულიანად, ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ და ეფერებედნენ ჩვენს საამაყო ბიჭს. არამარტო ქართველები, ალბანელი, იეზიდი, სომეხი, აფრიკელი მეგობრები და ის, რაც სამედიცინო პერსონალმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტო იყო: ბაჩოსათვის პატივის მიგება, დედის გამხნევება სახლში მისვლით. ბაჩოს ფრანგი ექთნის შვილი უგო კი ნიგოითშიც ჩამოვიდა და ბოლო გზაზე გააცილა.
ასეთი თანამემაულე გვყავდა, ჩემო ლანჩხუთელებო, რომელიც ძალიან დააკლდა არამარტო ჩემს ოჯახს, არამედ მთლიანად რეიმსის ქართველობას.
40 კილომეტრი გამოიარა მამა ამბროსიმ და გულიდან აღმოხდა, ეს ბიჭი კი არა, აქ ანგელოზი წევსო და უფალთან იქნება მისი ლამაზი სულიო, გვანუგეშა.
26 იანვარს გამოვაცილეთ, წვიმაც გტიროდა რეიმსის და საბოლოო გზაზე _ მშობლიური ზეცის წვიმის წვეთები…
ასევე წაიკითხეთ:


