ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრს არაერთი ნიჭიერი მსახიობი თუ სცენისმოყვარე ჰყოლია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოუყვანია მაყურებელი.
დღეს ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიამბობთ. თამილა ჩხაიძე დაიბადა 1961 წლის 23 ნოემბერს სოფელ აცანაში. დაამთავრა აცანის საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მუშაობა დაიწყო კულტურის სახლში _ გახლდათ სახალხო ანსამბლ „აცაურას“ სოლისტი.
გარდა იმისა, რომ შესანიშნავად მღეროდა, აგრეთვე, აქტიურად იყო ჩართული აცანის კულტურის სახლთან არსებულ თეატრალური დასის მიერ გამართულ წარმოდგენებში.
მარცხნიდან: გრიგოლ ჯაფარიძე, ამირან ქადეიშვილი, თამილა ჩხაიძე, დიოგენ მგელაძე
ცინცხალი გონებისა და საოცარი იუმორის გრძნობით დაჯილდოებულმა მშვენიერმა ქალბატონმა 1982 წელს მუშაობა დაიწყო ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრში, მსახიობად. ამ დროს ლანჩხუთის თეატრში მოღვაწეობდნენ ქართული თეატრისა და კინოს მარგალიტები: ამირან ქადეიშვილი, ანზორ ურდია, ალექსანდრე ჯორბენაძე, ოთარ ცერაძე და სხვები.
1982 წელს, რეჟისორმა ალ. ჯორბენაძემ ლანჩხუთის სახალხო თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი: „მზე ნეკერჩხლის ტყეში“ (მ. ბერიძის პიესის მიხედვით). ამ ორ მოქმედებიან ტრაგიკომედიას სცენაზე მხოლოდ ოთხი ახალგაზრდა აცოცხლებდა. პიესის მთავარმა გმირმა _ ,,ფაციამ“, რომელსაც თამილა ჩხაიძემ შესანიშნავად გაართვა თავი, მტერს ქედი არ მოუხარა. გმირის უკანასკნელი სიტყვები იყო _ ,,ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს, დაუმარცხებლებო!“ და თავი აიფეთქა. ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა მთელს სპექტაკლს.
1988 წელს, რეჟისორმა ო. ცერაძემ წარმოადგინა ვასილ შუკშინის ,,ენერგიული ადამიანები“. სპექტაკლში თამილა ჩხაიძემ ,,ვერა სერგევნა“’ განახორციელა. სპექტაკლი წარმოადგინეს ქ. გურჯაანში _ თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე. დათვალიერების მიზანი იყო ხელი შეეწყო სახალხო თეატრების შემოქმედებითი დონის ამაღლებისათვის. სპექტაკლმა, რომელშიც თამილა ჩხაიძესთან ერთად მონაწილეობდნენ შესანიშნავი მსახიობები: ამირან ქადეიშვილი, დიოგენ მგელაძე, ვაჟა ებრლიძე, თამაზ ლომაძე, ლადო ებრალიძე და ა.შ. დიდი მოწონება დაიმსახურა. დათვალიერებას ესწრებოდა რიაზანის ოლქის სახალხო დასი, რიგელი რეჟისორი _ მიხეილ მელდესი.
ზემოთ, მარცხნიდან: მანანა ჩხაიძე, დოდო გუგეშაშვილი, მანანა ცირეკიძე, ლუარა სიორიძე; ქვემოთ, მარცხნიდან: ზეინაბ ინწკირველი, თამილა ჩხაიძე, დალი წიტაიშვილი (ხელმძღვანელი), ირმა ჩხაიძე
სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, მან თქვა: ,,ლანჩხუთელთა სპექტაკლმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დადგმაში საოცარი შინაგანი მღელვარებითაა გაცოცხლებული ერთი, თითქმის მარტივი მარადიული ჭეშმარიტება. ადამიანთა სევდა, ადამიანთა სიხარული საერთოა. მსახიობებმა გამოავლინეს შესაშური პროფესიონალიზმი. წარმოდგენის მსვლელობის დროს დამყარდა ცოცხალი, ემოციური კონტაქტი. მაყურებელი თითქმის სპექტაკლის პერსონაჟთა დრამის თანაზიარია და ვფიქრობთ, ეს თეატრის ყველაზე დიდი მიღწევაა“.
საინტერესო სახეები შექმნა თამილა ჩხაიძემ ა. ქადეიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლებში: ,,საბრალდებო დასკვანა“, სადაც ნაკაშიძის დედის როლი განასახიერა და ,,მომავალი წინაპრის ამბავი“ (თინა) და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
იგი, ასევე, სისტემატიურად მონაწილეობდა რაიონში გამართულ კულტ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
მაია ჩხაიძე, ვალ. წულაძის სახ. თეატრისა და კინოს მუზეუმის დირექტორი