„არაფერი გაკვეთილი არ გამოგვიტანია არც ვერის ხეობის, არც შოვის, არც ნერგეეთის ტრაგედიებიდან, არც წყალდიდობიდან, რომელიც 2023 წელს მოხდა გურიაში და ადამიანები დაგვეღუპნენ. სახელმწიფო ცხოვრობს სტიქიიდან სტიქიამდე. სტიქიის დროს ვიწყებთ „ფაფხურს“. უცებ ვიწყებთ რაღაცის კეთებას, იმის მაგივრად, რომ წინასწარ მოვემზადოთ“, – ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე.
„ვუყურებდით მონაცემებს, რომ თურქეთში დიდთოვლობაა. წამოვიდა ეს ციკლონი მთლიანად საქართველოს მიმართულებით. უკვე მზაობა უნდა ყოფილიყო ყველგან. უცებ ხომ არ მოუთოვია 2 მეტრი? ჯერ იყო 30 სმ, მერე იყო 50 სმ. 30 სმ-ზე გზის გაწმენდა ხომ უფრო იოლია, ვიდრე 2 მეტრზე? რატომ არ დავიწყეთ მოქმედება. მუნიციპალიტეტებს, თითქმის ყველას, ვისაც დღეს უჭირთ, აღმოჩნდა, რომ მძიმე ტექნიკა არ აქვთ. ხალხი არა ჰყავთ მომზადებული“, – ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ამ დიდთოვლობას მეწყრული პროცესების გააქტიურება და წყალდიდობები მოჰყვება:
„ეს მიწა დასველდება საშინლად და წამოვა მეწყერები. უკვე უნდა შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან სოფლებში და საფრთხის დანახვის შემთხვევაში, მაშინვე უნდა დავიწყოთ ევაკუაცია. ისევ ტექნიკაა საჭირო იმიტომ, რომ მეწყერს „ლაფატკებით“ ვერ მოუვლი. თუ წყალმოვარდნები დაიწყო, რაც არის მოსალოდნელი, ნაპირები რა მდგომარეობაშია, გაწმენდილია თუ არა ხევები. ეს ყველაფერი გასაკეთებელია“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, მხოლოდ გურიაში გეოლოგიურად საშიშია ათობით სოფელი.

სრულად სტატია [„ოცნების“ მზირები გურიის გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში“] წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/Tgee0