„უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეეკრანისგან ზურგით“ _ როგორ ახსოვს 9 აპრილი გიორგი კეკელიძეს

|

Loading

გიორგი კეკელიძე და ნანა მახარაძე _ გოგონა დროშით 9 აპრილიდან

9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეეკრანისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა.

გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი – ზურგით თუ პირდაპირ. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრებდი. იქ ერთი გოგონა მიყვარდა – მგონი, მთელს ჯგუფსაც. სანამ შინ არ წაიყვანდნენ, ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ. მერე ფეხსაცმელს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი სამიჯნურო რიტუალი. და უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ. სრულიად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. შიში და ბრაზი ერთად. მალე გამიარა – გარეთ ბავშვები თამაშობდნენ. შევუერთდი.

ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს. ლიხაურელი. ნინო თოიძე. ლიხაურშივე დაკრძალეს. თვეების შემდეგ ჩემი ნათესავები ავიდნენ სასაფლაოზე. მე ხელში ცხრა აპრილის კალენდარი მეჭირა, გარდაცვლილთა სიით, სამძიმრებით, ნაჩუქარი თუ საჩუქებელი ტიტებით და სხვა ლექსებით. იქ კი ჰყვებოდნენ: დედამისი იგონებს – დედა, სიზმარში ვნახე, შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდიო. დედამისმა, ვიკითხეო და, ბედიაო, გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაიღო, და 9-ში მომაკითხეო, ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო, უთქვამს ნინოს ღიმილით.

ასეთი ამბები მესმოდა, მე კი საფლავის ქვაზე სურათს ვუყურებდი. ნინოს ადგილას ისევ ის ბაღელი გოგონა წარმომიდგა. და დაბრუნდა იგივე ბრაზი, ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობისა და შურისძიების შეჯახების ბრაზი.

გაუძლებ? არ ვიცი.

ალბათ გააჩნია, როგორ ზიხარ – პირდაპირ თუ ზურგით.

რას ჩივი?