„ტყვეობაშიც არ დაიხია უკან, აფხაზებმა  ჯერ კონდახებით სცემეს, შემდეგ კი დაცხრილეს“… სამი გმირი სოფელ წყალწმინდიდან

|

Loading

ქვედა რიგში მარცხნიდან: დათო, ნიკა და პაატა

ჩვენს ულამაზეს სამშობლოში ბევრი განთქმული ქალაქი თუ სოფელია თავისი გმირული წარსულითა და ნათელი მომავლით. ერთ-ერთი გახლავთ წყალწმინდა. სოფელი, რომელმაც უამრავ გამოჩენილ ადამიანთა შორის აღზარდა უმშვენიერესი გმირი ვაჟკაცები, რომლებსაც „აფხაზეთის ბიჭები“ ჰქვია: დავით გურამის ძე რამიშვილი, ნიკა ვახტანგის ძე იმნაძე და პაატა ბონდოს ძე პაპიძე. ამ მძიმე ცხოვრებაში როგორ მოგვენატრა მათი სათუთი მოპყრობა და უბრალო ვაჟკაცური ნათელი ღიმილი. ისინი სიცოცხლეშივე უკვდავი იყვნენ, იმიტომ, რომ დამსახურებულად უყვარდათ და ეს სიყვარული სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. აი, ეს არის ნამდვილი უკვდავება, რომელიც მარადისობას ეკუთვნის. სამარადისო დიდება საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირულ გმირებს!!! მსუბუქი ყოფილიყოს თქვენთვის მშობლიური მიწა _ ჩვენი დათო, ნიკა და პაატა, თქვენი საფლავი ხომ მამულის სალოცავია!

… 1992 წლის 28 ნოემბერს აფხაზების სამიზნე ოჩამჩირის რაიონის სოფელი ქეთევანა გახდა. ოპერაცია მუშნი ხვარცკიას ხელმძღვანელობით დილის 4.30 სთ.-ზე, კუტოლის, ტამიშის, ჯგერდას, ჩლოუს და ათარას გაერთიანებულმა ჯგუფებმა წამოიწყეს. მტერი სოფელს შეუმჩნევლად მიუახლოვდა და სიმინდის ყანებში არსებული საგუშაგოები უბრძოლველად დაიკავა. ქართველებმა „წვიმის“ გამო მიატოვეს პოზიციებიო – „ხუმრობდნენ“ აფხაზები. შემდეგი სამიზნე სასაფლაოს ტერიტორია იყო, რომელიც მტერმა ასევე უპრობლემოდ დაიკავა. აღნიშნული ტერიტორიები სოფელს 20-25 მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებდა. აფხაზებმა მომგებიანი პოზიციები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს და სოფლის ბედიც, ფაქტობრივად, ბრძოლის დაწყებამდე გადაწყდა.

დავით რამიშვილმა ტყვეობაშიც არ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა და აფხაზებს გინებასთან ერთად, ერთი-ორი მუშტიც მიაყოლა

აფხაზებმა ჩვენს ძალებს მასირებული ცეცხლი გაუხსნეს და მძიმე ზიანიც მიაყენეს. ქეთევანა-კოჩარას მონაკვეთზე 200-მდე ქართველი სამხედრო იყო განლაგებული. შეიარაღებულები იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, თუმცა იმის გამო, რომ გვარდიელებთან „არც თუ ისე კარგი“ ურთიერთობა ჰქონდათ, აფხაზებისთვის მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ (მხოლოდ ხუთიოდე კაცი იღებდა ბრძოლებში მონაწილეობას). ეგ კი არადა, ზოგიერთმა მათგანმა აფხაზებს მეგზურობაც კი გაუწია (აფხაზები მათ ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა ქეთევანას მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქართველები შეადგენდნენ).

მარჯვენა ფლანგზე შეტევაზე გადასულმა ემზარ ონიანმა და მალხაზ ვაჩეიშვილმა, სასაფლაოებთან მტერს რამდენიმესაათიანი ბრძოლა გაუჩაღეს. ონიანი სანადირო თოფით (კარაბინი) და რამდენიმე ყუმბარით იყო შეიარაღებული. აფხაზები მას დანებებას სთავაზობდნენ, მაგრამ ემზარმა ვაჩეიშვილთან ერთად ბოლომდე იბრძოლა და მასთან ერთად დაიღუპა.

ჩვენებს ერთადერთი „ბმპ“ ჰყავდათ, რომელიც აფხაზებმა მალევე აგვიფეთქეს. აგვიფეთქეს ასევე კოჩარადან წამოსული „კამაზი“, რომელშიც გვარდიელები იმყოფებოდნენ.

გადარჩენილმა მებრძოლებმა კოჩარას მიმართულებით დაიხიეს უკან. ქეთევანას დაცემას მეორე დღეს კოჩარას ტრაგედია მოყვა. თუ რატომ ვერ მოხერხდა ქეთევანაში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება, ამაზე პასუხების გაცემა დღესაც ძალიან ჭირს. ჩვენი გენერალური შტაბი იმ დღეებში კოჩარა-ქეთევანას მონაკვეთზე „წარმატებით“ განხორციელებულ ოპერაციაზე იუწყებოდა. სანამ რუსულმა არხებმა კოჩარაში შესული აფხაზური დაჯგუფებები არ აჩვენეს, მანამდე ჩვენი გენშტაბი ჯიუტად უარყოფდა მოწინააღმდეგის მიერ ორივე სოფლის აღებას.

დაბნეულობის და არაორგანიზებულობის მიუხედავად, ქართველმა სამხედროებმა საღამომდე მაინც შეძლეს მტრის იერიშების შეკავება. ჩვენი დაქსაქსული ძალების რამდენიმე ჯგუფი აფხაზებმა ალყაში მოაქციეს. მარცხენა ფლანგზე შინაგანი ჯარების ხუთმა სამხედრომ მანამდე იომა, სანამ ტყვია-წამალი არ გამოელიათ. ისინი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან (ლერი ნაგლაძე, მალხაზ გრიგალაშვილი, შმაგი ბერიკაშვილი, ალექსანდრე აზადანოვი, მიხეილ არევაძე). ოთხკაციანი ჯგუფი ერთ-ერთ სახლში იყო გამაგრებული და მათაც არაფერი დაუკლიათ მტრისთვის. ერთი კაცი გადარჩა (სულხან კერესელიძე), დანარჩენები (ვანო ზაქროშვილი, პაპუნა სალუქვაძე, დათო რამიშვილი) კი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ დაატყვევეს. დავით რამიშვილმა ტყვეობაშიც არ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა და აფხაზებს გინებასთან ერთად, ერთი-ორი მუშტიც მიაყოლა. ის ჯერ კონდახებით სცემეს, შემდეგ კი დაცხრილეს.

ნიკა და პაატა მხოლოდ 19 წლისანი იყვნენ…

ქეთევანაში ჩვენმა დანაკარგმა მინიმუმ 14 კაცი შეადგინა , სულ მცირე 2 კაცი კი ტყვედ ჩავარდა. დათო რამიშვილის გარდა სოფელ ქეთევანაში კიდევ ერთი გურული, ნატანებელი ირაკლი ბადრის ძე ბაქანიძე დაიღუპა.

აფხაზებმა კუტოლის და ჯგერდას შენაერთებიდან თითო–თითო მებრძოლი დაკარგეს (დაჭრილები ბლომად ყავდათ). სხვა დანაკარგები უცნობია.

დაღუპული მებრძოლების ძიების პროცესი 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ემზარ ონიანი ერთ-ერთ აფხაზ  მებრძოლს სოფ. ჯგერდაში საკუთარი მამის (ისიც ამ ბრძოლაში დაღუპულა) გვერდით დაუკრძალავს. შინაგანი ჯარების რამდენიმე მებრძოლის გარდა, სხვა სამხედროების გვამების მოძიებაც მოხერხდა.

გადმოსვენების დროს, ჩვენი მებრძოლების ცხედრები, აფხაზებმა პატივისცემის ნიშნად ავტომატების კანანადით გააცილეს!!!

ნიკა იმნაძე და პაატა პაპიძე1993 წელს ტამიშთან დაიღუპნენ. ისინი მხოლოდ 19 წლისანი იყვნენ. მათ შესახებ სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://bit.ly/40OJUyS

მომზადებულია mematiane.ge-სა და ფეისბუქჯგუფის „გურია და გურულები“ მასალების მიხედვით

რას ჩივი?