„სულ „კაჭკით“ დადიოდნენ… მამა მღვდელი ჰყავდათ და ნახევარი ლანჩხუთი მისი მონათლულიაო… არაა გამორიცხული, ძმები სალოსები ყოფილიყვნენ“ _ „გურია თუდეის“ მკითხველებმა უტულაის და იჭოკაის ამბები გააცოცხლეს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | უტულა, იჭოკა ბარამიძეები და მათი ნამოსახლარი

„გურია თუდეიში“ გამოქვეყნმებულ სოფიო ჩხაიძის წერილს _ „გახსოვთ უტულა? მუდამ პირში სიგარეტგაჩრილი ლანჩხუთის კოლორიტი კრამიტისქუდიანი აგურის სახლიდან“ _ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა გაიხსენა გამგეობის შენობის მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ძმები და მათი მამა, მღვდელი ალფესი ბარამიძე, რომლის მონათლული ყოფილა მაშინ ლამის ნახევარი ქალაქი… ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველა თბილ მოგონებას და ქვემოთ გთავაზობთ.

„როგორ არ მახსოვს, იმ ეზოში კიდევ იდგა ძველი ხის ფიცრული შუა ცეცხლის კუხნა, სადაც მეორე ძმაც ცხოვრობდა, თუ არ ვცდები ,,ბიჭოკაი“ ერქვა. მე იქ ხშირად მიწევდა გავლა, სამსახურის გამო, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერ ამას დღევანდელი ხედვით არ ვხედავდი, მაგრამ ახლა კი გული მწყდება ყველა ასეთ წარსულზე. გავიხსენებ და გეტყვით,რომ ამ ორ ძმას ზოგჯერ დახმარების ხელს უწვდიდნენ მაშინ ახალგაზრდები, ერთი მათგანი კი მახსოვს ოთარ ლომაძე იყო, მე მგონი არ ვცდები… მადლობას ვუხდი „გურია ,თუდეის“, რომ ასეთ მტკივნეულს, მაგრამ ძველ ისტორიებს იხსენებთ. იმედია, კიდევ ბევრს გაიხსენებთ, სამწუხაროდ, იყვნენ და არიან კიდევ ასეთი მივიწყებულები“ _ წერს ციცინო უგრეხელიძე.

ჩვენი მხრივ, აღვნიშნავთ, რომ მადლობა ეკუთვნის სოფიოს, რომელიც ხშირად გვანებივრებს ასეთი ისტორიებით და რასაც ბევრი აღნიშნავს, საუცხოოდ წერს.

„პირველი ეს კითხვა გამიჩნდა, რამ გაახსენათ-თქო, შემოვედი და პასუხიც დამხვდა, მართლა რამდენი გაიფიქრებდა, რა დროს უტულაა, რამ გაახსენაო, გაიხარეთ, მე მიყვარდა ეს მოხუცები“ _ ეს ნინო დენოსაშვილის სიტყვებია.

უტულა და იჭოკა ბარამიძეები | მერაბ ორაგველიძის ფოტო

განსაკუთრებულია მარინე ბარამიძის შეფასება, ადამიანის, რომელმაც არაერთი ცნობილი ლანჩხუთელი გააცნო მკითხველს და მისი ინტერვიუები და წერილები ჩვენი ქალაქის ისტორიისთვის ფასდაუდებელია.

„გაიხარეთ ამ პოსტის აქ მოთავსებისთვის, საჭირო იყო. გონიერი ადამიანის მოფიქრებულია. მახსოვს ძმები, გვარად ბარამიძეები იყვნენ. მათი მამა, დეკანოზი ალფესი ბარამიძე გახლდათ, რომელსაც ოდესაში ჰქონდა სასულიერო სემინარია დამთავრებული. საპატრიარქო დიდ პატივს მიაგებდა. არ არის გამორიცხული,რომ უტულა და მისი ძმა სალოსები ყოფილიყვნენ. სამწუხაროა, რომ იმათი აგურის სახლი დაანგრიეს. მამა სვიმეონს ჰქონდა იდეა, იმ სახლში ეპისკოპოსის რეზიდენცია მოეწყო _ წერს ქალბატონი მარინე.

„უტულა მახსოვს და მეორე?… ღმერთო გამახსენე, დიდი დრო გავიდა… უჭოკა ხომ არ ერქვა? _ იკითხა ლამარა გულორდავამ და მას ნანი ბარამიძემ უპასუხა: „იჭოკაი. მღვდლის შვილები იყვნენ, ალფესი ბარამიძის, ნახევარი ლანჩხუთი მისი მონათლული იყო თურმე“.

მღვდლის შვილებს იხსენებენ სხვა მეზობლებიც. შორენა ჩხაიძე წერს: „ე, ჩემი მეზობლები, სულ კვამლი ამოდიოდა კუხნა სახლიდან, ბავშვები აბრაზებდნენ და ისეთი მოსწრებული ენა ქონდა, უცებ პასუხს დაუბრუნებდა. ნეტა იმ დროს, ბავშობა რა კარგია, გაიხარეთ გახსენებისთვის.

ახლო მეზობელიმაკა ჩხაიძე სახუმარო ისტორიასაც იხსენებს: უტულა და ბიჭოკა, აცხონოს უფალმა მათი სული.  სკოლიდან სახლში მივდიოდი და ერთმა მითხრა, რომელმა არ ვიცი, ვერ ვარჩევდი _ მამაშენმა თევზი მოიპარა და დაიჭირესო. გულგახეთქილი მივვარდი და მამიკო სახლში დამხვდა. არ დამავიწყდება ის სიხარული, რაც მაშინ განვიცადე… აი, ასეთი ხუმრობით დამამახსოვრეს თავი. ზოგჯერ კეთილი ტყუილიც დასამახსოვრებელია

ასევე საინტერესოდ იხსენებს ყოფილი მარქსის ქუჩის საინტერესო ადამიანებს ია ჩხაიძე:მახსოვს ორივე ძმა, დროგის ცხენით დადიოდნენ, ერთმანეთში ხშირად კამათობდნენ, რაზე – არ ვიცი, ის ვიცი, რომ სულ რაღაცას საქმიანობდნენ, ეზოში! მათ ხშირად გამოელაპარაკებოდა ჟულიეტა ბებია, რომელსაც მოწიწებით ესალმებოდნენ, როგორც ოფიცრის, იპოლიტე წილოსანის ქვრივს, რომელიც მსოფლიო ომიდან ვეღარ დაბრუნდა და ასე უმწიკვლოდ ინახავდა მის სახელს! ისე, ეს ქუჩა ძალიან საინტერესო ადამიანების სამოსახლო იყო, ხშირად ვიყავი, ბებიასთან, ბევრი მეგობარი მყავდა და ბავშვობის ლამაზ მოგონებში, დღესაც ცოცხლობენ მარქსის ქუჩის საინტერესო ადამიანები!“

თემურ კეკელიძე, რომელიც მაშინდელი რაიკომის მეორე მხარეს, ასევე კუთხის სახლში ცხოვრობდა, წერს, რომ იჭოკა უტულაზე ორი-სამი წლით პატარა, ნაკლებად ენაკვიმატი, პატიოსანი და მშრომელი კაცი იყო“.

რუსუდან წილოსანი წერს, რომ ძმები ძალიან ბრაზდებოდნენ, რაიმე თუ არ მოეწონებოდათ: „მართალია, აბრაზებდნენ, მაგრამ ყველას უყვარდა. ისიც კარგად მახსოვს, როგორ უხელმძღვანელა ოთარ ლომაძემ, რათა პატივით დაეკრძალათ. გარდაცვლილსაც ხომ ყურადღება სჭირდება. თქვენ გაიხარეთ მათი მოგონებისათვის“.

სოფიო ჩხაიძე: „ეს ფოტო ელენე ნაჭყებიამ მომაწოდა. უტულას სახლის ფანჯარაში თავისი შვილი, ეთუნა გოგეშვილია. მართალია სახლის სრული სახე არ ჩანს, მაგრამ აგურის კედლის ფრაგმენტი აღბეჭდილია“

ძმებიდან უტულა უფრო ახსოვს ლია ჩხაიძე-აფხაზავას, რომელსაც თურმე ძალიან ეშინოდა მათ სახლთან მარტოს გავლა, რადგან ბავშვობაში ეგონა, რომ იქ ბავშვებს იტაცებდნენ.

„როგორ არ მახსოვს, ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, სულ „კაჭკით“ დადიოდნენ. ამბობდნენ, მამა მღვდელი ყავდათო და სახლში ბიბლია აქვთო. დიდი ნიგვზის ხე ედგათ ეზოში და რამდენჯერ სკოლიდან წამოსული ეზოს გარეთ დაყრილი ნიგვზებიც ამიღია“ _ გაიხსენა ნინო გოგიბერიძემ.

„მათი მამა მღვდელი იყო და ძვირფასი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, მაგრამ გაქურდეს (ვინ იზამდა? იგივე ლანჩხუთელები). იმ დროისთვის საკმაოდ ნაკითხი ადამიანები, მაგრამ ღმერთმა უწყის რა გადაიტანეს ან კომუნისტების დროს გადაატანინეს, რომ შემდეგ დამცინავად უყურებდნენ“ _ წერს სოფი ჟორდანია.

ძმებს ვრცლად იხსენებს ნუგზარ ჩხაიძე: „მაგარი საყვარელი და მოსაფერებელი კაცები იყვნენ, სიბერე ასე უხდებოდეს კაცს, იშვიათად ნახავ. მათ მიმართ ყველა ყურადღებას იჩენდა, მაგრამ ოთარ ლომაძე და აბო კვირკველია განსაკუთრებულად უყვარდა უტულას, ამაზე იჭოკა ხშირად იბოღმებოდა და უტულას წამოაძახებდა, ორივე შენი ჭკუის არიანო და იწყებოდა მათ შორის დაკა-დაკა. როცა რაიკომის ინსტრუქტორი ვიყავი [80-იან წლებში], ჩემი ოთახი მათი სახლის მხარეს იყო, როცა აღმასკომში გადამიყვანეს, ზუსტად იმ პოზიციაზე, ოღონდ მეოთხეზე და მქონდა ბედნიერება, კიდევ 5 წელი მეყურებია ამ სიამოვნებისათვის, ანუ  ჯამში 11 წელი  ვუცქერდი ამ ორი კოლორიტის ცხოვრებას. ყველაზე მაგარი სანახავი იყო, როცა რაიკომის პირველი მდივანი სახლიდან სამსახურᲨი ან პირიქით (ვისაც ახსოვს, „პირველების“ საცხოვრებელი სახლი მათ მეზობლად მდებარეობდა) მომავალი მოხვდებოდა უტულას მხედველობის არეში, როგორ ჩაიქნევდა ხელს და პირში პრიმაგარჭობილი ჩამოდებდა კისერს აკაციის ღობეზე. ეხ, მაშინ რომ თანამედროვე მობილური ტელეფონები ყოფილიყო, რამდენ კადრს შემოვუნახავდით ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს კოლორიტ ძმებზე. ღმერთმა აცხონოს მათი სულები“.

მზია გულიაშვილი ისხენებს, რომ უტულა ყავისფერ ორბორტიან პიჯაკს ატარებდა და მეხიას მამის შეკერილ ჯერ ჩარსკებს, შემდეგ ფეხსაცმელებს, „შნუროკიანს“, „სკოროხოდებივით“ წუმპეებს წკიპად გაუვლიდა: ბაზართან ცხენ-უნაგირის მოსართავებთან იჯდა, მერე პურთან და მაწვნებთან გადაინაცვლებდა, ცხონდეს! სამუშაო რომ არ ჰქონდა, რამდენიმე ქალის ხელჩანთას აიკიდებდა, ზოგი ხელ-ჯოხიანი მიყვებოდა და დააპიტინეო, ეუბნებოდნენ. პუპუუ! უტულა მოდისო, იძახდა. ეს ბოდბისხევის ბაზარში ურიკაზე მტვირთავს ვუთხარი, ფულს მოგცემ, უტულასავით დააპიტინე-თქვა… შემდეგ მეუბნებოდა, გურულო, ცა, შენა ხარ?“

ეზო, სადაც ორსართულიან აგურის სახლში ცხოვრობდნენ მღდელი ალფესი ბარამიძე და მისი შვილები: უტულა და იჭოკა | ფოტო გადაღებულია 2025 წლის 24 ნოემბერს

უტულას იხსენებს და სახუმარო ისტორიას ჰყვება გია გოთუა. ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი მართალია, ძმებზე ასაკით პატარა იყო, მაგრამ ახსოვს ამბები, რომელიც მთელს ქალაქს მოედებოდა ხოლმე:

„იმ კაჭკით ბაზარში იდგა და ტვირთი გადაჰქონდა ხურდების საფასურად… ბევრი ანეგდოტი თუ ნამდვილი ამბავი დადიოდა უტულას თავს გადამხდარი... ღირსების შელახვა არ სჩანდა იმ ხუმრობებსა და ღადაობებში. ცალსახად, ყველას უყვარდა და „უტულას თემა“ ხშირად იყო ჩემზე 5-10 წლით უფროს თაობაში და ჩვენც და მთელ ლანჩხუთს ამბებად მოგვდიოდა.

აი, ერთი მაგალითად: ერთს, იქვე შორიახლო მცხოვრებ თან მობირჟავე, თან მომუშავეს სისხამ დილით ეწყებოდა სამსახური და უტულას სახლიც უნდა გაევლო. რომ ჩაუვლიდა, შეჩერდებოდა, დაიწყებდა ყვირილს ჭიშკრიდან: უტულა, უტულა!. ადგებოდა სიცივეში ძლივს ჩაძინებული უთეთრეულო ლოგონიდან, გამოვიდოდა აივანზე, ვინ ეძახის ამ უთენია… ხედავს, ვინც არის… გამარჯობა, უტულა! შესძახებდა და გააგრძელებდა გზას სამსახურისკენ. ასე გაგრძელდა მეორე დღეს, გამოიღვიძებს უტულა, გამოვა აივანზე, „გამარჯობა, უტულა!“ და აგრძელებს გზას ისე მიეჩვია უტულა, რომ ყოველ სისხამ დილას გამოდის, აივანზე ხვდება, გამარჯობა უტულა! გაგიმარჯოს! და მერე ისევ ბრუნდება შეციებულ ლოგინში

ერთხელაც, აივანზე მდგარი უტულა სახტად დატოვა – განგებ, ისე ჩაიარა არც გამარჯობა, არც გაუხედავს, ვითომ არც არსებობს… გამოფხიზლდა უტულა, მიუხვდა ოინებს და იქეთ მიაძახა: „…, შენი დ… მ…,  დაგავიწყდა ხომ გამარჯობა?“ მის ამბებში სულ გინებებია, თან იმ დროს გინება თითქოს მოსული იყო“.

რაც ყველაზე მთავარია, ალეკო ჭყონიამ გადმოგვცა ძმების ფოტო, რომელსაც წლებია, უშედეგოდ ვეძებდით. ლანჩხუთის კოლორიტული ფოტოგრაფის, მერაბ ორაგველიძის გადაღებული ყოფილა…

რას ჩივი?