სიღარიბე, ნახევრად დანგრეული სახლები და დაცარიელებული სოფლები… როგორ გამოააშკარავა დიდთოვლობამ გურიის სიღატაკე?

|

Loading

სიღარიბე, ნახევრად დანგრეული სახლები და დაცარიელებული სოფლები – დიდთოვლობამ გურიაში მოულოდნელად კიდევ ერთი პრობლემა წარმოაჩინა – მძიმე ყოფა და სიდუხჭირე რეგიონებში _ გურიის რეგიონზე სტატიას „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს.

„მარტოხელა მოხუცს სჭირდება შეშა“; „მოხუცს ესაჭიროება საჭმელი და წამლები“; „აქვს წელის პრობლემა. ესაჭიროება გამაყუჩებლები“ – ეს არის პოსტები moxalise.ge-დან. ამ ვებსაიტზე წერდნენ, რას ითხოვდნენ დიდთოვლობის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი ადამიანები. თოვლში ჩარჩენილების შესახებ მოხალისეებს ახლობლები ატყობინებდნენ, უმეტესობა თბილისიდან, ზოგი – საზღვარგარეთიდან.

ორიოდე ტომარა ფქვილი, ათობით ქილა კომპოტი და მურაბა, ტყემალი, პომიდორი, ჩირი და ნიგოზი. ეზოში – ხუთიოდე კვერცხისმდებელი ქათამი, ძროხა ან ღორი – ეს არის სოფლის კლასიკური სახე, ანუ ის, რაც სოფელში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონდეს. მაგრამ დიდთოვლობამ გამოაჩინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს სახლში არანაირი მარაგი არ გააჩნდა, არც საკვების, არც წამლების, არც შეშისა და სანთლის.

„მხოლოდ ის კი არ იყო, რომ სტიქიამ დატოვა ხალხი მშიერი, 3-4 ისეთ ადგილას ვიყავი, სადაც სტიქიამდეც არ ჰქონდათ საჭმელი. ბებო და ბაბუ იყვნენ ხუთი დღის უჭმელები. ქვემო ბახვში ხუთი შვილის მარტოხელა დედა სტიქიამდე ერთი კვირით ადრე მხოლოდ მოხრაკულ ხახვს აჭმევდა შვილებს, პურიც არ ჰქონდათ, – ამბობს მოხალისე კოკა ჯახუტაშვილი, ჯგუფ „დაიცავის“ ხელმძღვანელი და ოზურგეთის შტაბის კოორდინატორი, – თავიდან რომ მირეკავდნენ, პური არა გვაქვსო, ვბრაზობდი, როგორ შეიძლება მჭადი არ ჰქონდეს ადამიანს სახლში-მეთქი, მაგრამ რომ ავდიოდი და ვნახულობდი, როგორ და რა პირობებში ცხოვრობდნენ… 75-90 წლის მოხუცები არიან დარჩენილები, მათ აღარც სიმინდის მოყვანა შეუძლიათ, არც საქონლის მოვლა“.

2024 წლის მონაცემებით, გურიის რაიონში 101 900 კაცი ცხოვრობს, აქედან სოფლად – 71 300. რეგიონში პენსიას იღებს 27 837 ადამიანი, სოციალურ დახმარებას – 5 846.

გურიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია. 2023 წლის მონაცემებით, გურიის თვიური შემოსავალი 39 მილიონ 600 ათასი ლარი იყო. მასზე ნაკლები შემოსავალი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს უწერია.

აკა სინჯიკაშვილი, რომელსაც ხშირად ჩააქვს რეგიონებში დახმარება, ამბობს, რომ გურიაში არც ზაფხულში ულხინთ.

„გურიაში ყველაზე მეტი დახმარება გვაქვს ჩატანილი, მარტო ტანსაცმელი – 40 ტონა. განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში უჭირთ. იქ სამსახური არ არის, გურიაში კი არაფერი მოდის, ყურძენი იქ არაა და ხორბალი, მხოლოდ სიმინდი და ლობიო. თხილსაც აღარ კრეფენ, ადრე რაღაც ფასი ჰქონდა თხილს, ახლა წამგებიანია. თბილისში ვიღაცა პურს მაინც გიყიდის, იქ კი ორი კილომეტრია სახლებს შორის დაშორება. რაიონულ ცენტრამდეც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, რომ რამე შეიძინონ“, – ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

თებერვალში გურიაში ათეულობით სახლი დაინგრა და დაზიანდა. მოხალისეები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დიდი თოვლის გამო არ მომხდარა. სახლები ისედაც ძლივს იდგა.

„სახლები 70 და მეტი წლის წინ არის გადახურული. სახურავი უმეტესებად ხის ძელებს ეყრდნობა. ამ ხესაც თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს, განახლება სჭირდება. გურიაში კომუნისტების დროს უზარმაზარი სახლები ჩადგეს. მათი სახურავების შეცვლა 8-10 ათასი ლარი დაჯდება. ამის ფული ვის აქვს“, – ამბობს კოკა ჯახუტაშვილი.

თეა თოფურია

სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/BHSSf

რას ჩივი?