რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმწვავდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დიაგნოზი – გულის უკმარისობა, პნევმონია. ავადმყოფის მიღებაზე „მედალფას“ კლინიკამ უარი განაცხადა, პაციენტის თქმით, მიზეზი იყო მარტივი – „ადგილები არ გვაქვსო“.
ამის შესახებ გაზეთი „ლანჩხუთის მოამბე“ წერს. გამოცემის ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ჩოხატაურში გადაიყვანეს, საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით და ეს იმ დროს, როცა ზოგჯერ დროული დახმარება გადამწყვეტია.
„უბრალოდ სირცხვილია, როცა დღეს პნევმონიით დაავადებულ ადამიანს სხვა მუნიციპალიტეტში გზავნი, როცა ადგილზე არსებობს სივრცე, საწოლი და რესურსი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „მედალფას“ კლინიკას საკმაოდ ძლიერი მედპერსონალი ჰყავს… და ეს შემთხვევა კიდევ უფრო მძიმე ხდება, როცა იცნობ ამ ოჯახის ისტორიას. ახალგაზრდა ობოლია. მხოლოდ ძმა ჰყავს. დედა – 61 წლის ქალი კოვიდპანდემიის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. ჰქონდა მაღალი წნევა, თან კოვიდი, „მედალფამ“ მასაც მიუხურა კარი, სასწრაფოდან არც კი გადმოუყვანიათ, ისე გააგზავნეს ბათუმში, ხელვაჩაურში. გზაში მდგომარეობა გართულებულა. ქალბატონი საავადმყოფოში უგონოდ შეუყვანიათ და რამდენიმე დღეშიც გარდაცვლილა. ერთ წელიწადში მეუღლეც, რომელიც ონკოპაციენტი იყო, ასევე გარდაიცვალა…“ _ წერს გამოცემა.
როგორც „ლანჩხუთის მოამბე“ აღნიშნავს, ფაქტით დაინტერესებულები „მედალფას“ კლინიკას ეწვივნენ, სურათი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა – ავადმყოფები არ ჰყავდათ, ოთხი პალატა ცარიელი იყო.
ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირის პასუხი კი ასეთი გახლდათ – ალბათ, ემერჯენსში არ იყო ადგილი და ამიტომ ვერ მივიღეთო.
„ეს არ არის პასუხი. ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. თუმცა იქვე ისიც გვითხრეს, რომ იმ დღეს „ემერჯენსს“ მორიგე ექიმი არ ჰყავდა და ავადმყოფს ვერ მიიღებდნენო. ზემდგომ სტრუქტურებს სცოდნიათ, რომ ერთი დღე „ემერჯენსი“ მორიგე ექიმის გარეშეა. სივრცე, რომელიც სწორედ გადაუდებელი დახმარებისათვის უნდა არსებობდეს, ერთი დღე ექიმის გარეშეა! გვინდა, რომ მომავალში არცერთ პაციენტს აღარ მოუწიოს სიცოცხლისათვის ბრძოლა გზაში, მაშინ როცა ადგილზე არსებობენ პროფესიონალი ექიმები. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ემერჯენსი“ ერთი დღე მორიგე ექიმის გარეშე იყოს? და ვინ აგებს პასუხს იმ შედეგებზე, რაც ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს?“ _ გამოცემა მწვავე კითხვებს სვამს, რომელსაც პასუხი დროულად უნდა გაეცეს, ვიდრე გვიან არ არის!
ლანჩხუთის სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემის შესახებ „გურია თუდეიც“ წერდა. ჩვენთან საუბარში ეკა ალექსაია აცხადებდა, რომ „მედალფას“ იმედად არ უნდა იყოს ლანჩხუთის მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კლინიკის მენეჯერს სტატიის გამოქვეყნებამდე მივეცით პოზიციის დაფიქსირების საშუალება, ოფიციალური კომენტარი დღემდე არ გაკეთებულა.
სამაგიეროდ, „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების საპასუხოდ დაიწერა, რომ „ამდენი უკმაყოფილო რომ ხართ, ჩვენს კლინიკაში რატომ მოდიხართო“.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პატივცემული მედპერსონალის ნაწილისთვის პრობლემა ისაა, თუ რატომ მიდიან კრიტიკული კომენტარების ავტორები მათ კლინიკაში (როცა მათ სხვა ალტერნატივა არ აქვთ) და არა ის, თუ რატომ არის ამდენი უკმაყოფილო.
ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულები, ლანჩხუთელი ექიმების პროფესიონალიზმს მრავალი თანაქალაქელის სიცოცხლე გადაურჩენია, „მედალფას“ კლინიკაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ხარჯზე დადუმება არ შეიძლება _ არსებული პრობლემების შესახებ ღიად უნდა ისაუბრონ ექიმებმა, ექთნებმა და ყველამ, ვისაც ამის თაობაზე ღირებული ინფორმაცია აქვს. მათთვის საწყენი კი არ უნდა იყოს კრიტიკული საგაზეთო სტატია, არამედ, პირიქით, მედია გამოიყენონ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
პრობლემები რომ არსებობს,მხოლოდ ზემოთქმულიდანაც ჩანს: მძიმე პაციენტი ჩოხატაურში გაგზავნეს, როცა ადგილები ლანჩხუთშიც იყო, მაგრამ თურმე ერთი დღე „ემერჯენსი“ არ მუშაობს!
ისიც საკითხავია, ეს „ერთი დღე“ კვირაში რამდენიმეჯერ ხომ არაა… ვინ აკონტროლებს ან ვინ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ამ „ერთ დღეს“ უფრო ფრთხილად და მომზადებულები ვიყოთ?


