“ლანჩხუთი” გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს და დამატებით განმარტებას აკეთებს.
“როგორც თავად შეგიძლიათ იხილოთ, კონფლიქტი მოთამაშეებს შორის ორივე გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ძალისხმევის შედეგად ამოწურული იყო, როდესაც მოედანზე შემოჭრილი “ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრების ჯგუფი თავს დაესხა “ლანჩხუთის” ფეხბურთელებსა და სტაფს. არასასიამოვნო კადრებია, თუმცა საჭიროა, რომ ყველამ თვალნათლივ დაინახოს, რომ ეს არ იყო რიგითი კონფლიქტი მოთამაშეებს შორის, რაც ჩვეულებრივი დისციპლინარული სასჯელით შეიძლება შემოიფარგლოს, ეს იყო ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს გუნდზე” _ აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ლანჩხუთის“ მესვეურები აცხადებენ, რომ თუ მომხდარზე სათანადო რეაგირება არ იქნება, ჩემპიონატს დატოვებენ.
„ყველა საჭირო მასალა, ამ კადრების ჩათვლით, წარდგენილია ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში, ველოდებით სამართლიან და დანაშაულის შესაბამის პროპორციულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერი მსუბუქი სასჯელი, მაგალითად – ჯარიმა, იქნება, უბრალოდ, ფეხბურთელის ცემის ღირებულება და არა რეალური ქმედითი ზომა. ფეხბურთი არის სპორტი და თამაში, მაგრამ ადამიანის, განსაკუთრებულად არასრულწლოვნის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის თამაში, შესაბამისად, თუ ჩვენ ვერ დავინახავთ სათანადო რეაგირებას და სამომავლოდ მსგავსი შემთხვევებისგან თავდაცვის ქმედით ზომებს, ჩვენ ვერ დავაყენებთ ადამიანების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ და მზად ვართ, შევწყვიტოთ მონაწილეობა ყველა ოფიციალურ ტურნირში“ _ ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.


