„გურია თუდეის“ ლანჩხუთელმა სამოქალაქო აქტივისტმა, ირინა ზარანდიამ მოაწოდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის სოფელ კონჭკათში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
მალე სოციალურ ქსელში იგივე დაწერა ლუკა ტუღუშმა, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას და შველას ითხოვდა: „გარდაცვლილი ადამიანი ვერ ამოჰყავთ ნანგრევებიდან, უჭირთ შიშველი ხელებით. სად ხართ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. სამომავლოდ გაითვალისწინეთ, რომ საახალწლო კონცერტებზე, რუსლანოვებზე ათი ათასობით ლარი კი არ უნდა დახარჯოთ, მზად უნდა იყოთ ასეთი შემთხვევებისთვის. ვერც ვაფასებ თქვენს მუშაობას პრობლემის აღმოსაფხვრელად, რადგან თქვენგან გაწეული კონტრიბუცია ამ ეტაპზე ნულის ტოლფასია“.
„გურია TV“-ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი და კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა აროშიძემ მას დაუდასტურა, გარდაცვლილია ადგილობრივი მაცხოვრებელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა. „ნგრევის შედეგად მამაკაცს ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა. შემთხვევა სოფელ კონჭკათის კატისციხის უბანში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები“ _ აღნიშნავს გამოცემა.
ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდაცვლილია იური ჭუმბურიძე, რომელმაც მეზობლის ქალი გადაარჩინა და თავად მოჰყვა ნანგრევებში. „გზა არაა, ტრაქტორი არ ყავთ, სოფელში ხალხი უპატრონოდაა ჩარჩენილი“ _ წერს ჟურნალისტი.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.