საქართველოს ანდორასთან „ლანჩხუთის“ ექს-ლიდერმა მოაგებინა… ჩემპიონის 5-ივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა ითამაშა

|

Loading

ფოტოზე შუაში თეონა ბაქრაძე, უკან ნინო ჩხარტიშვილი

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურებმა ანდორის ნაკრებს ბოლო 7 წუთში „შემოუტრიალეს“ და 2:1 დაამარცხეს. ქართველთაგან გოლები მაიკო ბებიამ (11-მეტრიანით) და თეონა ბაქრაძემ გაიტანეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „ლანჩხუთის“ ხუთივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა, მათ შორის გუნდში ახლახან დაბრუნებული თათია გაბუნია კაპიტანი გახლდათ. მის გარდა თამაში სრულად ჩაატარეს უკანახაზელებმა _ ნინო ჩხარტიშვილმა და მარიამ კალანდაძემ, ხოლო გურულების ახალწვეული შემტევი ტატიანა მატვეევა ანანო წიქარიძემ შეცვალა, რომელიც ახალი სეზონიდან ასევე ლანჩხუთის ქალთა გუნდს გააძლიერებს.

საქართველოს ნაკრები ანდორასთან მატჩის წინ. ძირითადში „ლანჩხუთის“ სამი მოთამაშე იყო: მეკარე და კაპიტანი თათია გაბუნია (#12), მის გვერდით მარიამ კალანდაძე (#21), ხოლო ქვედა რიგში მარჯვნიდან პირველი _ ნინო ჩხარტიშვილი (#4) | ფოტოები www.gff.ge

ბოლო წლების განმავლობაში, „ლანჩხუთი“ საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდი გახლდათ. ამჟამად მხოლოდ 5 ფეხბურთელის გამოძახება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კლუბი 17-მა მოთამაშემ დატოვა, მათ შორის ნაკრების რამდენიმე წევრმა. მათგან თეონა ბაქრაძემ გოლი გაიტანა, ძირითადში იყვნენ „ლანჩხუთის“ ყოფილი მოთამაშეები _ გვანცა ქადაგიშვილი, თინათინ ამბალია და სალომე გასვიანი, შეცვლაზე შევიდა ირინა ხაბურძანია, ხოლო სათადარიგო სკამზე ისხდნენ: ეკა თაბაგარი და სოფიკო ნარსია.

მორიგ შეხვედრას ეროვნული გუნდი 25 თებერვალს, კვიპროსის ნაკრებთან სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით, საღამოს 9 საათზე დაიწყება.

რას ჩივი?