ლანჩხუთი 1989 წელს იმ ქალაქებს შორის იყო, სადაც თბილისის პარალელურად ანტისაბჭოთა აქციები ტარდებოდა. მათ შორის გაიმართა 8 აპრილს. მაშინდელ მოვლენებს იხსენებს მისი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ვახტანგ ზენაიშვილი:
1988 წლის ნოემბრის ცნობილი შიმშილობის შემდეგ ქუთაისში გაიმართა დიდი მიტინგი, ჩამოსული იყვნენ გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი. ლანჩხუთიდან რამდენიმე ადამიანი ჩავედით, უშიშროების სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად. ხელისუფლებას მცდელობა ჰქონდა მიტინგის დაშლის (კომკავშირული აქტივი რაგბისტების დახმარებით შეეცადა მიტინგის დარბევას), ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ადგილი მოვინაცვლეთ და მიტინგი მაინც ჩატარდა.
რამდენიმე ხანში თბილისში ჩავედი და ჩემს კლასელთან, თემურ სარჯველაძესთან ერთად, კარლო ბარდაველიძის ბინაზე შევხვდი ედპ-ს ლიდერებს. გადაწყდა, რომ ლანჩხუთში დავაფუძნებდით ამ პარტიის პირველად ორგანიზაციას. მოკლე ხანში ჩამოვიდნენ ვანო ხუხუნაიშვილი და მამუკა გიორგაძე. შეკრება ჩემს სახლში შედგა.
ასე დაიწყო ორგანიზებული მოქმედება ადგილზე. ეს იმიტომ მოვყევი მოკლედ, რომ მეთქვა 1989 წლის 8 აპრილს ლანჩხუთში მიტინგი შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. როდესაც აპრილში მიტინგები დაიწყო, გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით და ჩვენც შევერთებოდით.
თუმცა მთავარმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ იქ ხალხი ისედაც არ აკლდათ და უმჯობესი იყო ადგილზე ჩაგვეტარებინა. არეალი გაფართოვდებოდა და ეფექტიც მეტი იქნებოდა. მიტინგის დაწყების თარიღად 11 აპრილი გადაწყდა. მაგრამ 8 აპრილს დილით სკოლაში დოდო გუგეშაშვილმა მომაკითხა და მითხრა: თბილისიდან რამდენიმე კაცია ჩამოსული და ლანჩხუთში მიტინგის დღესვე დაწყებას გვირჩევენო. ჩვენ დავთანხმდით.
ასე გავიცანი გოჩა ურუშაძე, მისი მომავალი მეუღლე ნინო და გოჩა ლაგვილავა. პირველი სკოლიდან მეგაფონი გამოვიტანე და 12 საათზე ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში მდებარე ღია ამფითეატრში მიტინგი დავიწყეთ. დაღამებამდე გაგრძელდა. ერთმანეთს ვეცვლებოდით სოსო კვაჭაძე, გოჩა, დოდო, მე. მიტინგის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ერთი მაღალი კაცი მოვიდა, მეგაფონი დაიჭირა და მიტინგის დამთავრებამდე ფეხმოუცვლელად იდგა, ასე მოვიდა ეროვნულ მოძრაობაში შაქრო გუგუნავა…

1989 წელს ლანჩხუთში ხალხმრავალი აქციები ტარდებოდა
დილით გავიგეთ, რაც მოხდა თბილისში, მილიციაში გადაგვიყვანეს დაკითხვებზე. კეთილგანწყობილი იყო ყველა, თუმცა გაგვასამართლეს და ადმინისტრაციული ჯარიმები ჩამოგვირიგეს, სოსოს, დოდოს, შაქროს და მე.
გასახსენებელი კიდევ არის რაღაცები. აი, მაგალითად: სანამ მიტინგს დავიწყებდით, უნივერმაღის წინ, მიტინგის ადგილიდან 50 მეტრში რუსული „ბეტეერი“ გაჩერდა, დიდხანს იდგა. მიტინგი მაინც დავიწყეთ. მოგვიანებით მოვიკითხე და მითხრეს, ცოტა ხნის წინ წავიდაო. არ მგონია, რომ ეს შემთხვევითი ამბავი იყო…
ახლა მთავარი სათქმელი მინდა ვთქვა. კერძოდ ის, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. არავითარი დათმობა, არამედ მარადიული ხმლის ქნევა.
გოეთე ამბობდა: წარსულში არაფერია ისეთი, მწუხარებად რომ ღირდესო. 9 აპრილიც წარსულია, მართალია დამოუკიდებლობის დღეა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოც, თუმცა მაინც წარსული და განვლილი ეტაპი, მაგრამ აუცილებელი კი, თუნდაც იმის მისახვედრად, რომ ყველა ბოროტების სათავე მეტროპოლია როდია და არც პოლიტიკური დამოუკიდებლობაა რაღაც ჯადოსნური ჯოხი ერის ხელში, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ დამოუკიდებლობამ გზა გაგვიხსნა საკუთარი თავის შეცნობისაკენ. დამოუკიდებლობამ მოგვცა საშუალება, მტერი გარეთ კი არ ვეძებოთ, არამედ ჩვენს თავებში, ჩვენი მოღვაწეობისა და საქმიანობის წესში დავინახოთ ის და მივხვდეთ, რა არის გასაკეთებელი.
ხშირად გვესმოდა მიტინგებზე: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! და რა აღმოჩნდა? თურმე თავისუფლება არ გვესმის რაა და მეტიც, გვეშინია მისი. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ, თავისუფლების გააზრებისა და მოპოვების ეტაპზე. ან წავალთ ამ გზით და გავაცნობიერებთ, რომ თავისუფლება, როგორც ეკონომიკური, ისე ინდივიდუალური საზოგადოების განვითარების, მატერიალური სიუხვის და კეთილდღეობის საფუძველია, ან დავრჩებით ეტატიზმისა და დირიჟიზმის ჭაობში „არ რის მქონენი“ და „არ რის მცოდნენი“.