2018 წლის 12 აპრილს, „ლანჩხუთმა“ მაშინ მოქმედ ჩემპიონ „მართვესთან“ 1:4 წააგო. მანამდეც ერთხელ, პირველ ჩემპიონატშიც იგივე ქუთათურებთან დათმეს 0:3…
ეს იყო და ეს _ შემდეგ 7 ჩემპიონატში გურულები დიდი ანგარიშით არ დამარცხებულან.
ეგ კი არადა, გასულ 10 ჩემპიონატში სულ 18 წაგება აქვს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ანუ „ციცები“ სეზონში საშუალოდ 2 თამაშსაც არ აგებენ.
ამ 18-დან 8 თამაში „ლანჩხუთმა“ მარადიულ კონკურენტ „ნიკე-ლუსოსთან“ წააგო, რომელიც თავიდან „ნიკეს“ სახელით ასპარეზობდა და შემდეგ _ ჩხოროწყუს „სამეგრელოს“. სწორედ „მეგრულთან“ წავაგეთ 0:2, ხოლო სხვა 7 შეხვედრა მხოლოდ მინიმალურად დავთმეთ.
გასულ სეზონში 3 შეხვედრა წავაგეთ და ერთიც ვერ მოვუგეთ „ნიკე-ლუსოს“, თუმცა ამას გასაგები მიზეზებიც ჰქონდა _ თბილისელების თურქმა ინვესტორებმა არამხოლოდ ქალთა ლიგაში, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც ერთ-ერთი საუკეთესო პირობების შექმნეს და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშეების თავმოყრა მოახერხეს.
ამ სეზონის წინ, მოულოდნელად, გურულებმა მოქმედი ჩემპიონის ერთბაშად 4 მოთამაშე დაიმატეს. პლუს საქართველოს ნაკრების წევრები და საბოლოოდ, ქვეყნის მთავარ გუნდში ბოლოს „ლანჩხუთის“ 11 მოთამაშე გამოიძახეს!

„ლანჩხუთის“ მისთვის უჩვეულო ადგილზე ყოფნა დროებითია _ „ნიკე-ლუსოს“ გარდა მას კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყავს
თითქოს დედაქალაქელებისთვის ამას პრობლემა უნდა შეექმნა, თუმცა შეძლებულმა სპონსორმა უცხოეთიდან მოთამაშეების ჩამოყვანა და გუნდის გაძლიერება მოახერხა. გურულებთან „ნიკე-ლუსოს“ განაცხადში 8 ლეგიონერი ჰყავდა, აქედან 6-მა მატჩი სასტარტოში დაიწყო.
როგორც აღმოჩნდა, „ლანჩხუთის“ მთავარ კონკურენტს კარგი ლეგიონერები ჩამოუყვანია. ყოველ შემთხვევაში, პირველმა მატჩმა სენსაციური შედეგი დააფიქსირა _ 4:0!
ასეთი ანგარიშით „ლანჩხუთი“ ეროვნულ ლიგაში არასდროს დამარცხებულა.
ვერავინ იტყვის, რომ ანგარიშის შესაბამისად აღემატება „ლანჩხუთს“ „ნიკე-ლუსო“, მაგრამ დედაქალაქელებმა გურულების შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს, რაც სტუმრებმა ვერ შეძლეს.
ქალთა ფეხბურთში კი, პირველი გოლ(ებ)ი ზოგჯერ გადამწყვეტია და შესაძლოა, სულაც არ ასახავდეს გუნდებს შორის რეალურ სხვაობას…
თუმცა 4:0 მაინც ხმაურიანი ანგარიშია და იყო თუ არა ეს უბრალოდ უიღბლობა, თუ მოქმედი ჩემპიონი ერთი თავით მაღლა დგას ქვეყნის 4-გზის ჩემპიონზე, ამას ამ გუნდების დანარჩენი შეხვედრები გამოაჩენს…
13.03.2026 | თბილისი, დიღმის საფეხბურთო ცენტრი | ნიკე-ლუსო 4:0 გურია
1:0, 3:0 მაკლინსი (11′, 29′), 2:0 მეტონიძე (27′), 4:0 სლიასარჩიკი (53′)
ლანჩხუთი: გაბელაია, ჩხარტიშვილი, რასელი (53. წულაია), მატვეევა, მურილო (73. სიჭინავა), პასიკაშვილი, დანელია, კამარგო, ნარსია, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე.


