რაც სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ლადო აფხაზავას ველოსპიედი მოპარეს, გერმანიაში მცხოვრებმა ლანჩხუთელმა საჩუქრად გამოუგზავნა

|

Loading

ლადო აფხაზავას ეს ველოსიპედი მოპარეს

„მას შემდეგ, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ განსასჯელს, ცნობილ პედაგოგს, ლადო აფხაზავას ველოსიპედი მოპარეს, გერმანიაში მცხოვრებმა ლანჩხუთელმა ლადოს საჩუქრად იქ შეძენილი ველოსიპედი გამოუგზავნა“ _ წერს სოციალურ ქსელში „გურიის მოამბეს“ დამფუძნებელი და რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე.

ქუთაისში გამართული სასამართლო სხდომის დროს ლანჩხუთელმა მასწავლებელმა განაცხადა, რომ არ აქვს დიდი შემოსავლები და ვერ გადაიხდის ჯარიმას. „ვიღაცას შეიძლება ჰგონია, დიდი შემოსავალი მაქვს. ასე რომ იყოს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არ ვიქნებოდი სამ სკოლაში გადარბენაზე. ველოსიპედი მქონდა და მომპარეს, ფეხით მიწევს ხშირად ერთი სკოლიდან მეორეში მისვლა“ _ თქვა აფხაზავამ.

გურული სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე წერს, რომ ლადოს ველოსიპედი თბილისელმა მოქალაქემაც გამოუგზავნა.

ცნობისთვის: ლადო აფხაზავა ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა. ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, 26 იანვარს, მას და კიდევ 8 პირს, მათ შორის ლანჩხუთის საკრებულოს წევრ გივი ცინცაძესა და მის მეუღლეს, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა. 10 თებერვალს კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ ყველა მათგანი 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

რას ჩივი?