რატომ ცხოვრობდა მიშა მესხი ლანჩხუთის პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელში და ვის შეასვა ლეგენდამ სკვინჩას სადღეგრძელო?

|

Loading

მიხეილ მესხი

ლანჩხუთელი სპორტის ქომაგი ომარ დარჩია საინტერესო ისტორიას იხსენებს მიშა მესხთან დაკავშირებით. ბევრს არ ეცოდინება, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდა ერთი თვის განმავლობაში ლანჩხუთში იმყოფებოდა და #83 პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.

ომარ დარჩია:

_ ეს იყო 80-იან წლებში. მაშინ ჩვენი მინდვრის საფარი საუკეთესო იყო. მიშა მესხმა სურვილი გამოთქვა, თავისი ბავშვთა გუნდი „ავაზა” ლანჩხუთში ჩამოეყვანა და შეკრება გაევლო. მიზანშეწონილი იყო, საცხოვრებელი სტადიონთან ახლოს ყოფილიყო და 83-ე პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელი შეირჩა. მაშინ იქ ცხოვრება ჩქეფდა და ასეულობით მოსწავლე ცხოვრობდა…

რა თქმა უნდა, კვება იყო საჭირო ნორჩი ფეხბურთელებისთვის და ამ საკითხის მოგვარება პროფსასწავლებლის დირექტორის მოადგილე ჟორა კვირკველიამ ითავა.

მე მაშინ საწარმოო სწავლების ოსტატი ვიყავი, პარალელურად კომენდატიც და უფრო მეტი შეხება მომიწია ლეგენდასთან, რითაც დღემდე ვამაყობ. როცა თავიდან მოვიდა, განათების პრობლემა გვქონდა, სადენები შესაცვლელი იყო და ამას მე მოვაგვარებო, გვითხრა. თავისი მძღოლი გაუშვა და 2 ყუთი საჭირო მასალები მოატანინა. თუ კარგად მახსოვს, მისი მძღოლი და ამასთან, უახლოესი მეგობარი იყო აცანელი ანზორ ჩხაიძე.

საიდან არ მოდიოდნენ მის სანახავად _ იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან… ყველა ეპატიჟებოდა. არ მახსოვს, ვინმეს გაჰყოლოდა, ჩვენ კი მისთვის მოტანილი ძღვენი გვრჩებოდა. უნდა ვთქვა, რომ უბრალო კაცი იყო, არავითარი ამპარტავნება არ ჰქონდა, ძალიან შინაურული იყო.

რა თქმა უნდა, სუფრა ჩვენც მოვუწყვეთ. ჟორა დედულეთში, ჩოხატაურში წავიდა და სუფთა ჩხავერი ჩამოიტანა. ჩემთან, ეზოში გაიშალა სუფრა, ჩიტის რძეც არ აკლდაო, რომ იტყვიან. მაშინ სსრ კავშირი იყო და რაიკომის პირველი პირები ხომ უნდა მოსულიყვნენ, მიშას კი არ უყვარდა კომუნისტები, ბევრი უცხოური ვარიანტები ჰქონდა და დაბლოკეს.

სუფრა გამზადდა, მიშა არ ჩანს. გვიან მოვიდა და უთქმელად მიუჯდა სუფრას. თურმე მხოლოდ ერთ დასახელების შამპანურს სვამდა, რომელიც ლანჩხუთში არ აღმოჩნდა და ფოთიდან ჩამოუტანიათ. თამადა რაიაღმასკომის თავმჯდომარე რეზო ებრალიძე გახლდათ. მან ბუნებრივია, პოლიტიკური ელფერი მისცა სუფრას. ეს არ მოეწონა მიშას. როცა ის ვადღეგრძელეთ, ჯერი სამადლობელზე მიდგა, თქვა: მე დაბალი კაცი ვარ… უდიდეს პატივს ვცემ სპორტს… სპორტი და პოლიტიკა ერთად არ უნდა იყოს. პოლიტიკას გავკარიო…

რეზომ ვითომ ვერ გაიგონა, გვერდზე გაიხედა. გაჩაღდა ქეიფი, უცებ მიშამ დაიძახა _ შეჩერდითო. გავისუსეთ და გაისმა სკვინჩას გალობა. აი, ამ სკვინჩას გაუმარჯოს, ამ საღამოს რომ გვილამაზებს თავისი ჭიკჭიკითო და ყველას დაგვალევინა სადღეგრძელო…

ბოლოს ავტოგრაფები დაგვირიგა. სამწუხაროდ, ფოტოს გადაღება ვერ მოვიფიქრეთ, არადა, ფოტოხელოვანი ამირან თოფურიაც ჩვენთან იყო… უბრალოდ, იმდენად გავერთეთ მის მოფერებაში, ფოტო ვის გაახსენდა?

რას ჩივი?