მან წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ლანჩხუთის ისტორიაში. დურმიშხან ჩხაიძემ თავისი ნიჭი გვანახა ერთმანეთისგან განსხვავებულსფეროში _ ქარხანა „გურია“ მის ხელში ქუხდა არა მარტო ლანჩხუთის დონეზე; იყო რაიკავშირის თავმჯდომარე და „სისხლს“ უშრობდა რაიკომის მდივნებს; ისე წერდა, ნებისმიერი ჟურნალისტი მოაწერდა ხელს; ოთარ მენაბდეს მაჟორიტარული არჩევნები მოაგებინა და საუცხოოდ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები ფეხბურთშიც _ იყო რეგიონული ფედერაციისა და კლუბ „გურიას“ პრეზიდენტი. მერე ლანჩხუთი საერთაშორისო არენაზე გაიყვანა _ მისი დაარსებული, შვილივით გაზრდილი და ნალოლიავები ქალთა გუნდი საქართველოდან პირველი იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე რომ გააღწია…
ყველაფერში ჩემპიონს იუმორშიც ბადალი არ ჰყავდა. მოყოლის საოცარი მანერა ჰქონდა… ეს საუბარი 15 წლის წინ ჩავწერე, როცა 60 წელი შესურულდა. 70 წლის იუბილეზე გავიმეორე, მაგრამ ტექნიკური ხარვეზით, ბოლო, საკმაოდ დიდი ნაწილის გარეშე. ძალიან მოწონდა ეს ინტერვიუ და სიცილით მითხრა, ამქვეყნად როცა არ ვიქნები, იცოდე, შუაში არ გამიწყვიტოო… დავპირდი, 75 წლის იუბილეზე გამოვასწორებდი…
სამწუხაროდ, ვერ მოესწრო 75-ს და ვერც თავისი ციცების ლიგაზე მორიგ გაელვებას. ასევე სამწუხაროდ, მისი სურვილის შესრულება დღეს მიწევს…
_ ოფიციალური მონაცემებით, 1952 წელის 3 ოქტომბერს ვარ დაბადებული, მაგრამ ჩემთვის დაბადების მოწმობა, პასპორტი და ყველაფერი, მამაჩემის მიერ იმდროინდელ „ატკრიტკაზე“ დატოვებული ხელნაწერია _ ჩემი დურუიე დაიბადა 1951 წლის 21 ოქტომბერს, დილის 10 საათზე.
_ რატომ „მოგპარეს“ „მაი“ ერთი წელი?
_ როგორც იმ დროს ხდებოდა, ბიჭი დაიბადებოდა და მინიმუმ წელს პარავდნენ, რათა შემდეგ სპორტში გამოდგომოდა.
_ თქვენ რამდენად გამოგადგათ?
_ ირონიულად მკითხე, მაგრამ სკოლის დამთავრებისას, სპორტის 5 სახეობაში მქონდა პირველი თანრიგი! ბავშვობაში ლამის 24 საათი სპორტს მივსდევდი. ბავშვობა ჩხაიძეების უბანში გავატარე, ჩემი მეზობლები იყვნენ ვახტანგ და ნიგმარ ძიძიგურები. ფაქტობრივად, მათ კისერში გავიზარდე. ვატა ჩემი ნათლია იყო, ფეხბურთის სიყვარული მათგან გამომყვა. სულ რაღაც 7 წლის ვიყავი, როცა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რადიორეპორტაჟებს ვუსმენდი. ჩვენთან, ჩაის ფაბრიკის ბინებში რუსები ცხოვრობდნენ და ენა იოლად ვისწავლე. სხვათა შორის, 13 წლისა პირველად ვიჯექი თვითმფრინავში, როცა მამაჩემმა 1964 წლის „დინამოს“ საჩემპიონო თამაშზე წამიყვანა ტაშკენტში; ერთი წლის შემდეგ კი, ჩემი საქომაგო ბრაზილიის ნაკრების მატჩს დავესწარი მოსკოვის „ლუჟნიკებში“, სსრკ-ს 3:0 რომ მოუგო.
_ ბავშვობას დავუბრუნდეთ, ბაღში დადიოდით?
_ ოო, ეს იყო დიდი კურიოზი! ბაღში მხოლოდ ერთი დღე გავატარე! ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობრების ჯგუფში ვერ მოვხვდი, რის გამოც მოვიწყინე და ხმას არავის ვცემდი. მეორე დილით, ბაღის მასწავლებელმა უთხრა დედაჩემს, შენს შვილს ვერ მივიღებთ, უმეტყელო ბავშვია და ჯგუფს გაგვიფუჭებსო. მერე, სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, სულ მაძახებდნენ ბაღში ღონისძიებებზე, ჩვენი აღზრდილი ხარო. არადა, მხოლოდ ერთი დღე გავატარე ბაღში.
_ რას აკეთებდა ბაღში დაწუნებული „უმეტყველო“ დურმიშხან ჩხაიძე?
_ მთელი დღე ვთამაშობდი. ფეხბურთი, ნიგვზობია, გამარჯობა ვირო, ლახტი… ახლა რომ გამგეობის შენობაა, იქ გვქონდა კარგი სპორტული კომპლექსი. ერთ დღესაც, მოვიდნენ და რაიკომის შენობის გაკეთება გადაწყვიტეს, მეტი ტერიტორია თითქოს არ იყო! რამდენჯერ ჩაასვეს „კოლები“, იმდენჯერ ღამით მივიპარებოდით, ვიღებდით და ვყრიდით. მერე მილიცია დააყენეს და ვეღარ ვიპარავდით. 24 საათი იქ ვიყავი, კომენდანტს მეძახდნენ _ ბურთების საწყობის გასაღებიც მე მებარა. სკოლაში ვწერდი დავალებას, სახლში საქმე არაფერი მქონდა და ღამის 12-მდე გარეთ ვიყავი და სულ ვთამაშობდი. გულჩინა დათიაშვილი გვყავდა მასწავლებელი, ჩემი შემყურე სულ ამბობდა _ მოაშორეთ ამ ბიჭს ბურთი, მუსხელიშვილი გამოვაო.
_ „შატალოზე“ თუ დადიოდით?
_ კი, მაგას გამოვაკლდებოდით?! დავდიოდით კლიტეკარასა და ორაგვეში. სხვა მხრივ, სკოლის გაცდენა არ მიყვარდა. ერთხელაც სკოლაში ნაოპერაციები მივედი, წელზე შალი მქონდა მოხვეული. თავი გავიგიჟე, წავალ-მეთქი. იმ დღეს გავიპარეთ „შატალოზე“, მაჩხვარეთში ბლის მოსაპარად წავედით. თურმე რუსულის მასწავლებლის, ალექსანდა ცინცაძის ეზოში აღმოვჩნდით. ბიჭები ზემოთ ავიდნენ, მე ქვემოდან რასაც ვწვდები, იმას ვჭამ. ბიჭებმა ალექსანდრა მასწავლებელი დაინახეს, თავზე გადამახტნენ და გაიქცნენ. მე რას გავიქცეოდი და მომისწრო მასწავლებელმა. ის დამეხმარა ჩამოსვლაში, სახლში შემიყვანა და ერთი კალათი ბალი გამომიტანა. შემრცხვა და არ მიჭამია. მეორე დღეს, რუსულის გაკვეთილი გვაქვს და ფანჯრისკენ ვიხედები _ სკოლის გვერდზე წერეთლები ცხოვრობდნენ და ფანჯრიდან სწორედ მათი ბალი ჩანდა. ალექსანდრა მასწავლებელმა მკითხა: _ ჩემი ბალი ჯობია თუ წერეთლებისო, რასაც კლასში ხარხარი მოჰყვა.
_ რადგან სკოლა ვახსენეთ, გვითხარით, ვინ იყვნენ თქვენი კლასელები?
_ საერთოდ, ტრადიციულად პირველ და მეორე სკოლის მაღალკლასელ ბიჭებს შორის სულ იყო ჩხუბი, მეტოქეობა, არაფერში ინდობდნენ ერთმანეთს. ჩვენი კლასები იყო ამ მხრივ გამორჩეული და ამიტომაც, იქნებ კი გაგიკვირდეთ, მაგრამ კლასელებად ვთვლი პირველსკოლელ თანატოლებსაც! სამწუხაროდ, ბევრი გამოგვაკლდა _ თამაზ წილოსანი, თენგო ჩხიკვაძე, გოგი კვასხვაძე, გურამ ებრალიძე, გელა კეკელიძე, ნოდარ ნადაშვილი… ჩემი კლასელებიდან ლანჩხუთში არიან: შაკო ნაჭყებია, ამირან მენაღარიშვილი, გოგი ჩხარტიშვილი, თემურ ივანიკოვი, გრიშა ამშიკაშვილი, თენგიზ კეჭახმაძე… თბილისში გადავიდნენ: თემურ კეკელიძე, თენგო სულაბერიძე, გიზო ურუშაძე… (შეგახსენებთ, რომ ინტერვიუ ჩაწერილია 15 წლის წინ _ მ.ქ.)
_ როგორც ვიცი, მოსკოვში სწავლობდით. რა გინდოდათ კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე და თბილისი რატომ დაიწუნეთ?
_ დღესაც ვერ ვხვდები, „რა მინდოდა წვენებში“. ერთი მეგობარი მყავდა, ამირან ხონელიძე, „კოჭებიდან“ ეტყობოდა „სვიაზისტი“ გამოვიდოდა და მისი ხათრით, მეც იმავე ფაკულტეტზე ჩავაბარე.
_ რა ჰქენით, გადარიეთ მოსკოველი პროფესორები?
_ კი, ერთი წლით ადრე დავამთავრე, სხვადასხვა კურსის გამოცდებს ერთად ვაბარებდი. ამაზე მაშაყირებდნენ _ ჩხაიძე, შენ სპირტიან „ბანკაში“ უნდა ჩაგსვან, თაობების საჩვენებლადო. როგორც სკოლაში, ყველა საგანში ფრიადი გამომყვა. ათი წლის მანძილზე 3-იანი და 4-იანი არ მიმიღია. 2-ჯერ დამიწერეს 2-იანი, ისიც იმიტომ, რომ პროტესტის ნიშნად, მასწავლებელს ხმას არ ვცემდი.
_ თქვენგან დიდი „სვიაზისტი“ რომ არ დადგა, ვიცი. მუშაობა სად დაიწყეთ?
_ თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირ კავშირგაბმულობის სამინისტროში მოვხვდი, თავიდან ინჟინრად, შემდეგ მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი. თუმცა გეთანხმებით, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ადრე დავოჯახდი და უკეთეს სამსახურზე ნამდვილად ვფიქრობდი. მაქვს აი ცოდვა და კომკავშირის მდივანიც ვიყავი. იმ დროს პარტიის წევრი თუ არ იყავი, კარიერაში წინსვლა არ გელოდა. კომუნისტად გახდომა კი ინჟინრებს ნაკლებად შეეძლოთ _ დაახლოებით 6 კაცს რომ მიიღებდნენ პარტიაში, აქედან, 5 მუშა უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მშვენიერი სქემა მოვიფიქრე _ მე და ჩემი მეგობრები რიგ-რიგობით ვიყავით კომკავშირის მდივანი, რაც პარტიაში მისაღებად ტრამპლინი იყო. ამის შემდეგ, თბილისიდან ლანჩხუთში გადმოვედი. ამის მიზეზი მამაჩემის გარდაცვალება გახდა, მაშინ 25 წლის ვიყავი. აქ მუშაობა დავიწყე რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად, რაშიც დიდი წვლილი ჯუმბერ ღლონტსა და დათიკო გოგუაძეს მიუძღვით. იმ დროს პატრონი თუ არ გყავდა, რაიკომში არავინ მიგიღებდა. სულ 5 ინსტრუქტორი ვიყავით: მე, მიშა მელუა, ცხონებული მიშა გვარჯალაძე, ლევან შალიკაშვილი და გური ბირბიჩაძე.
_ ბატონო დურმიშხან, სანამ კარიერას გავყვებით, დაოჯახებაზეც გვითხარით.
_ ჩემი მეუღლე მაყვალა ჟღენტი გერმანული ენის სპეციალისტია. თუკი ცხოვრებაში რაიმემ გამიმართლა, ყველაზე მეტად ეს ამ არჩევანზე ითქმის. 37 წელია ერთად ვცხოვრობთ და ამ წლებმა ეს დაამტკიცა. ბედნიერი ვიქნები, თუ კიდევ 37 წელი ერთად ვიქნებით.
_ მივყვეთ თქვენს კარიერას და ყოველ სამსახურთან დაკავშირებით თითო
სახალისო ამბავი მოგვიყევით. რას იტყვით, არ უნდა გაგიჭირდეთ, ხომ?
_ უფ, კურიოზების მეტი რა მქონია. ვეცდები საუკეთესოები შევარჩიო.
_ დიდი მადლობა! მაშ ასე, რაიკომიდან სად მიდიხართ?
_ სათავო ჩაის ფაბრიკის დირექტორად. თუმცა მანამდე რაიკომის ამბებს მოგიყვებით. დამიძახა ოთარ მენაბდემ, შემოთავაზება მომცა _ საერთო განყოფილების გამგედ თუ წახვალო; 50 მანეთი მემატება. რა თქმა უნდა, ეს ფული არ მაწყენს და დავთანხმდი, მაგრამ იქვე დაამატა: _ ოღონდ შენი ძმა პურკომბინატიდან უნდა წამოვიდეს! ერთი ძმა განყოფილების გამგედ და მეორე პურკომბინატის უფროსად არ გამოვაო! არ მინდა, ამხანაგო ოთარ, ეს თქვენი 50 მანეთის დამატება! პურს, ფქვილს, შაქარს, კონიაკს _ ყველაფერს ჩემი ძმა მაძლევს, ქორწილში დასაწერ ფულსაც იგი მჩუქნის და რა ვქნა მაგი რომ წამოვიდეს იქიდან, კონვერტზე ენა ვაწო და აი მიშველის-მეთქი?
ძალიან ხშირად მიწევდა მივლინებები. ნამეტანი ბევრი დამიგროვდა და მენაბდე დაეჭვდა. კადრების განყოფილებას ამოაღებინა ჩემი მივლინებები, იქვე საიდანღაც საფეხბურთო კალენდარი გააძრო და „აღმოჩნდა“, რომ „დინამოს“ თამაშებს ემთხვეოდა ჩემი მივლინებები. მენაბდე გადაირია: _ შენ საქმეზე დადიხარ მივლინებაში თუ თამაშებს უყურებ რაიონის ფულითო?
რაც შეეხება ჩაის ფაბრიკაში ჩემს მუშაობას _ არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ტრესტის მმართველმა მალაზონიამ რომ მკითხა: ჩაის ფაბრიკასთან ახლოს ხარო? _ ვუპასუხე _ კი, როგორ არა, ჩემი სახლიდან 20 მეტრშია-მეთქი. ენამახვილობა მოეწონა და დამნიშნეს. იქიდან კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის თავმჯდომარედ გადამიყვანეს _ ჩემთან შემოდიოდა 5 ჩაის ფაბრიკა, ყველ-კარაქის და საკონსერვო ქარხანები. ერთი წელი ტაშ-ფანდური მქონდა _ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი გვყავდა, ფეხბურთის, კალათბურთის, მოჭიდავეთა გუნდები…
_ როდის გადახვედით ქარხანაში?
_ 80-იან წლებში. ქარხანა „გურია“ მაშინ ტიალ მინდორში იყო, კაბინეტები ვაგონებში გვქონდა. ჩვენი ფორმა მაღალყელიანი „ვალინკები“ იყო. ანეკდოტად დადიოდა: ქალაქში ქარხნის ბიჭებმა იჩხუბესო; რა იციო, და _ ყველას „ვალინკები“ ეცვაო.
ამის შემდეგ რაიკავშირში ვიმუშავე, შემდეგ ქარხანაში დაბრუნდი და ბოლოს ისევ _ რაიკავშირში. მე, საავადმყოფოს, ფოსტის, საყოფაცხოვრებოს და სანეპიდსადგურის უფროსები ბიუროზე გაგვიყვანეს _ სასადილო-მაღაზიები შევამოწმეთ და მღრღნელები და თაგვები აღმოჩნდაო. რაიკომის მეორე მდივანს, თალიკო კილაძეს გამოჰქონდა საკითხი და შევპირდი, ჩაგიშლი მაგ საკითხს-მეთქი. მთელი ბიურო გვიტევს და ბოლოს, პირველი მდივანი ემზარ ბერიძე კითხულობს, ვინმეს სიტყვა ხომ არ გაქვთო.
_ ამხანაგო მდივანო, მართალია ამხანაგი თალიკო, სავსეა ჩემი ობიექტები მღრღნელებით და თაგვებით! _ ჩემი სიტყვის ასეთი დასაწყისი ყველას გაუკვირდა. იქვე განვაგრძე: მაგრამ მიზეზი არ გავარკვიოთ? მე ვაცნობებ ხოლმე სანეპიდსადგურს, ვუხდი ფულს, მოდიან მათი წარმომადგენლები და სპობენ ამ მღრღნელებს. მე კი ვსპობ, მაგრამ ირგვლივ ბევრი უღირსი ორგანიზაციაა, რომლებიც ასე არ იქცევიან, ამიტომ, მათი თაგვები გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე და იკავებენ თავისუფალ ადგილს. კატეგორიულად მოვითხოვ, ყველა ორგანიზაციამ თავისი თაგვი „დაბირკოს“ და გავიგებთ, ვისი თაგვი შემოდის ჩვენთან. დარბაზში საშინელი ფხუკუნი ატყდა. ბიურო ჩაიშალა, არადა, სხვა საკითხებიც იყო. პირველი მდივანი აღშფოთებას ვერ მალავდა: რა გეთაგვებოდათ, საქმე დაგელიათ, სხვა განსახილველი არაფერიაო? იმ დღეს „გადარჩენილი“ ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კი სუფრა იკისრეს.
_ ვიცი, კარგი თამადა ხართ და ერთი მხიარული ამბავი ამ კუთხითაც გაიხსენეთ…
_ ჩემი თამადობა, ალბათ, მართლა მოსწონთ. ერთხელ, ახლობლებს მაყრად ვახლდი ვანში. იქაური წესით, მეორე თამადა სტუმარი უნდა იყოს. პირველმა თამადამ განსხვავებული სასმისით დაიწყო და „ბოკალი“ არ გადაუდგია. ცოტა პატარა სასმისით სმა მიჭირდა, თორემ ამაში მაგარი ვიყავი. შვიდი-რვა სადღეგრძლოს შემდეგ, თამადა წაიქცა. მესამე თამადამ თქვა, გავაგრძელებო. ვიუარე, მეორე თამადა მე ვარ-მეთქი. მაგრად ვსვი, მეტი აღარ შემიძლია, ლოყები ღვინით მაქვს გაჟღენთილი. სუფრას თავი მოვაბი და გამოვდივარ. ზამთარი იყო და გარეთ გამოსულს სიცივემ გონება დამაკარგვინა, ძლივს ჩამსვეს მანქანაში. ამასობაში მასპინძლებს ჭიშკართან სუფრა გამოუტანიათ, თამადამ კიდევ 5 სასმისი უნდა შესვას და ხონჩას ვაძლევთო. რის დამლევი ვარ?! ცხონებული ჩემი ძმა, მე თუ ვსვამდი, თვითონ არ სვამდა. ერთნაირი ქურთუკი გვაცვია და ქუდებიც ერთნაირი გვახურავს. მან შესვა ის ღვინო და ამაყად წამოვიდა. მას მერე ვანში ლეგენდად დადის ჩემი თამადობის შესახებ _ დურუსნაირი მსმელი ჩვენ არ გვინახავსო.
_ ცოტა ხანი ისევ მოსკოვში იყავით და ბიზნესი გქონდათ…
_ არა, ბიზნესი მეგობრების იყო, მე მათთან ვმუშაობდი. არაფერი გამოვიდა _ რითაც წავედი, იმით ჩამოვედი. მაშინ გაზეთები წერდნენ _ არჩევნების სპეციალისტი მოსკოვიდან ჩამოიყვანესო (იცინის). არადა, თავი ძლივს ჩამოვიტანე, რა არჩევნების სპეციალისტი მე ვიყავი? დილით თავზე დამადგა თემურ კეკელიძე და ასე აღმოვჩნდი ოთარ მენაბდის შტაბში.
ერთ დღეს, მათი პარტიული ბოსი გოგი თოფაძე ჩამოდიოდა, შუხუთის შეხვედრა მე უნდა მომეწყო _ თითქოს სპონტანურად შეხვდა ხალხი, ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასეთ შეხვედრებზე ხალხი მოჰყავთ. როცა შუხუთის შეხვედრის დრომ მოაღწია, საშინლად გაწვიმდა და ხალხი გამექცა _ ვარ მარტო მე! მოვიდა კორტეჟი. მენაბდე მეკითხება _ დურუ, ხალხი სადააო? მეც ვინაგლე და ავტობუსის მოსაცდელისკენ მივანიშნე _ წვიმაში გადაიყუდრეს-მეთქი. მივიდა თოფაძე, დაიწყო აგიტაცია _ არც მან იცის, რომ ესენი რიგითი მგზავრები არიან და არც ხალხმა იცის, რა ხდება. ბოლოს ზოგმა იცნო, წავიდა პოლემიკა… დავინახე, რომ ლესა-ქვიანის ავტობუსი უკვე მოდის. დავასწარი, მძღოლს 5 მანეთი მივეცი და ვთხოვე, ნახევარი საათი არ წამოხვიდე, ვითომ, ავტობუსი გაგიფუჭდა-თქო. ასე მოვუწყვე შეხვედრა. მენაბდე რომ დეპუტატი გახდა, თეატრში გამართულ ღონისძიებაზე მოვყევი ეს ამბავი და ხალხი დაიხოცა სიცილით.
_ შემდეგ იყო ფეხბურთი…
_ მართალია, ფეხბურთში ყოველთვის ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში უკვე მთლიანად ჩავერთე ამ სფეროში _ შევქმენით ბავშვთა საფეხბურთო კლუბი, რომელიც 2 წელი კი ვარჩინეთ, მაგრამ შემდეგ ვეღარ შევძელით. გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად ვიმუშავე 7 წელი, ეს იყო გუბერნატორ- გამგებლებთან ომის წლები, მაგრამ ჩემი გავიტანე _ რეგიონული ფედერაცია ლანჩხუთში დავტოვეთ. უმძიმეს პერიოდში შევითავსე კლუბის პრეზიდენტობაც. თავი არ შეგვირცხვენია და კბილებით მოვიტანეთ „გურია“.
_ ერთი კურიოზი კიდევ მოგვიყევით და შეგეშვებით…
_ იყო ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გვარს არ დავასახელებ და მეცხოველეობის ფერმის შემოწმებისას, მწველავებს კუროზე მიანიშნა, აი რეიზა არ მოგიწველიათ, იმხელა ცური აქვსო. ერთმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ კი, მთლად სასწაული მოიფიქრა: ვალებში რომ ვართ, ეტყობა ჩემს წინამორბედებს თავში ტვინი არ ჰქონდათო. სიმინდს გამხმარს რომ ვყიდით, ჭყიპად მოვტეხოთ და უფრო მეტ ფასში გავყიდითო. კუროებზე კიდევ გამახსენდა: იყო ისეთი ობიექტი, სადაც კუროები ჰყავდათ და კოლმეურნეობებს საქონლის დამაკებაში ეხმარებოდნენ. ამ სამსახურის უფროსს სტადიონიდან დაურეკეს _ 15 აბონემენტი უნდა შეიძინოთო. მაშინ ბილეთის „შეწერები“ იყო… „თლა 4 თამაშრომელი ვართ და რაი გინდებიენ, თამაშებზე 10 კურო წამემიყვანო?!!“_ გაგიჟდა.
ერთიც: „გურიის“ პრეზიდენტი ვარ და სტადიონზე რაიონის ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. 4:0 მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ბევრის გატანა შეგვეძლო. ახალი ხელმძღვანელი გასახდელში შემოვიდა და ერთ მოთამაშეს დააჯინდა _ შენ ის გოლი კი უნდა გაგეტანაო… 11 კაცში მაინდამაინც მეკარე „ამოარჩია“…
P.S. ასეთი იყო დურმიშხან ჩხაიძე, მასთან ვერ მოიწყენდი. სულ ახალი იდეები, ახალი გეგმები ჰქონდა. „არავის სჯეროდა ჩემი, ამბობდნენ _ გააფრინა ამ სიბერეშიო, რა დროს გოგოების ფეხბურთიაო“ _ ამბობდა და უხაროდა, რომ სიტყვა არა მხოლოდ ლანჩხუთის მასშტაბით თქვა და მუნიციპალიტეტის სახელი ევროპაში გაიტანა…
მშვიდობით, ნიჭიერო და შეუპოვარო! თქვენს ამაგს არასოდეს დაივიწყებს თქვენი ქალაქი!
მამუკა ქანთარია