„არა მარტო ლანჩხუთის, სრულიად სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. საინტერესო პიროვნება, პროფესიონალი. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს, ფსიქონევროლოგიურ ცენტრ „ნევრონსა“ და მის თითოეულ თანამშრომელს. ის იყო კაცი, ვისაც ზუსტად ისე უხაროდა მოკეთის წარმატება და სტკიოდა სხვისი ტკივილი, როგორც _ თავისი. გაჭირვების ტალკვესი, დიდთან დიდი და პატარასთან _ პატარა… ამოუწურავია მასზე გასახსენებელი, ხან ღიმილით და ხან ხარხარითაც რომ მოვყვებით. ეჰ, ჩვენო მეგობარო, როგორ გვაკლიხარ… შენ გახსენებასაც სხვა ელფერით იმსახურებდი…“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი ექიმი ნონა მურვანიძე თავისი კოლეგის, გია ორმოცაძის შესახებ.
ლანჩხუთელი ექიმი, ცნობილი ფსიქიატრი გია ორმოცაძე ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ფსიქონევროლოგიურ ცენტრ „ნევრონს“ და დიდი სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოებაში.
მის შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს ინსტიტუტის ჯგუფელი და უახლოესი მეგობარი სოსო ბრეგვაძე. ამ მონათხრობიდან კარგად ჩანს, როგორი გულის ადამიანი იყო საქვეყნოდ ცნობილი ექიმი-ფსიქიატრი.
„რატომღაც ილიჩას ვეძახდით… გრიშას… კიდევ ორმოს… იშვიათად, გიასაც. ინსტიტუტში რომ ვსწავლობდით, „მოსფილმის“ კინო გამოვიდა „მოსკოვს ცრემლების არ ჯერა“. ბატალოვი თამაშობდა სიმპათიური, ვაჟკაცური და თბილი ადამიანის, ქალების რჩეულის – გოშას როლს.
რაღაცნაირად ბატალოვის გმირსა და ჩვენს ორმოს შორის პარალელი გავავლე… სახელის ეს მოფერებითი ფორმაც თითქოს ესადაგებოდა ჟღერადობითაც და სტილითაც – გოშა. ხოდა, სახელების შერქმევა რახან ჩემი წრფელი გატაცება იყო, აღარც ორმოს ვეძახდი, აღარც გიას, აღარც ილიჩას. გოშა და გოშა!
ნელ-ნელა ბიჭებიც მიეჩვივნენ და გაუვარდა ახალი სახელი – გოშა! თვითონ გვეჯიჯღინებოდა, ნუ მეძახით მასე… ასე მგონია, გოშია დამარქვით და მწყინსო… შენც არ მომიკვდე, ვის მიჰქონდა გულთან? გოშა და გოშა! შერჩა ასე სხვა მეტსახელებთან ერთად.

ბატონი გია მეუღლესა და შვილთან ერთად
დაახლოებით ერთი წლის მერე (ალბათ, 1980 წლის შემოდგომაზე) დათიასთან ვსვამდით – „დინამოს“ რომელიღაც ევროპულ ტურნირზე თამაში ჰქონდა თბილისში და მატჩის დაწყებამდე ყლუპუნ-ყლუპუნი გაგვიდიოდა – თენგიზას (დათიას მამა) გამოგზავნილ კონიაკის „მასალას“ შეცექცეოდით… თან ვხორხოცებდით… კაჭო იყო კიდევ, მურღულია, პაპუასაც, მგონი. უცებ შევხედე გოშას და ცხადად შევიგრძენი, როგორ ვატკინე გული „უკადრისი“ სახელის შერქმევით (მარტო მე რომ ვყოფილიყავი, კიდევ ჰო… მთელი ჯამაათი თითქმის გოშიად მოიხსენიებდა!).
ხოდა, გავაჩერე ყველა და გოშას ვეუბნები, რამდენადაც გული გატკინე ამ სახელის შერქმევით, იმდენად გამომიქანე და მლეწე, ხელის ამწევი არ ვარ-მეთქი და მორჩილად მივუშვირე სახე… თან ვფიქრობ, რავა გამწირავს ქლა სიმწარიზა-თქვა… ყველა გაჩუმდა ამ უჩვეულო ვითარების შემხედვარე და კიდევ უფრო უჩვეულო გაგრძელების მომლოდინე.
გოშამ გაოცებულმა დამათვალიერა მეც, დანარჩენი თანამეინახენიც და მთელი ძალით მხეთქა ყბაში… მაინცდამაინც ზუსტი დარტყმა არ გამოუვიდა, მარა მე გავაფორმე ყველაფერი, რაც გოშას დააკლდა – ამოვიგმინე და მოწყვეტით გადავვარდი უკან, საწოლზე.
ყველა გაჩუმებული მომჩერებოდა, გოშაც. წამოვიზლაზნე და დავდექი ისევ ფეხზე. კიდევ დამარტყი თუ გულს გაკლია-მეთქი, ვეუბნები, ოღონდ თვალებში აღარ ვუყურებ. არაფერი არ ხდება, ისინი ჩუმად არიან, გოშაც გაჩერებულია. ავწიე მზერა და თვალებში შევხედე. ნიკაპი უკანკალებს და თვალები აწყლიანებული აქვს.
ა-არა… ახლა შე-ენ დ-დამარტყიო. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და ხელი მოვიქნიე, ვითომ დასარტყმელად. დახუჭა თვალები, მარა არ გაინძრა. სანამ გაახელდა, ჩავეხუტე მაგრად… თვითონაც შემომხვია ხელები და ასე გადავვარდით ორივენი უკან, საწოლზე. ბიჭებმა იხუვლეს და დაგვაყარეს გინების კორიანტელი…
თან ყველა კმაყოფილი იყო პერფორმანსის ფორმატით… განახლდა კოკისპირული სმა… გოშა აღარ მიყურებდა და მე მხიარულად საითაც მინდოდა, იქით ვიყურებოდი, ვოხუნჯობდი და, საერთოდ, ვიქცეოდი, როგორც ვალმოხდილი და პირნათელი ალალი ბიჭი… მოკლედ, ერთი გალაწუნების ფასად მე კაი ბიჭად დავრჩი და გოშას მშვენიერი მეტსახელი „გაუპრავდა“…

ჯიხეთის დედათა მონასტერში, მამა ანდრიასთან ერთად
ამ ამბიდან ასე 38 თუ 39 წლის მერე, გოშასთან ვიყავი მისული, თბილისში… საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი იყო მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირების გართულებული ოპერაციის მერე, გარდაცვალებამდე ასე 1-1.5 თვით ადრე… მაყვალაც სახლში იყო, გოგოებიც. კაჭოს უმცროსი გოგოს ქორწილში წასვლას ვგეგმავდით, თელავში. ვმაიმუნობდით…
სიკვდილზეც ვლაპარაკობდით. შენ რომ ხვადაგი არ იყო, ამ ოპერაციას გამოიყენებდი, ადამიანურად მოკვდებოდი და ამ შენს კნეინას ერთი პატარა სიცოცხლის და ერთი დიდი სიყვარულის შანსს კიდევ აჩუქებდი, რას დაამახსორებდი ამაზე უკეთესს-თქვა, ვღლიცინებდი დარწმუნებული იმაში, რომ ცოტა ხანში გოშა საბოლოოდ გამოჯანმრთელებული შემოგვიერთდებოდა სამეგობრო წრეს…
უცბად გოშამ წამოიწყო, ლანჩხუთში ძაან გემოვნებიანი იმიჯმეიკერული ფირმა გახსნეს კაი ბიჭებმაო… მერე-თქვა? მერეო კაი იუმორიან რაღაცეებს აკეთებენ სხვადასხვა ეთი-მოორესო… მაინც რას-თქვა? რასო და სავიზიტო ბარათების შესაკვეთად მივედი და მითხრეს, იმის გარდა, რასაც შეგვიკვეთავ, პატარა პარტიას ჩვენი გემოვნებით უფასოდ, პატარა ბონუსად მოგიძღვნითო.
მაგაზე უკეთესი რა იქნება-თქვა, დავეთანხმეო… მაშინო, მითხრეს, გაიხსენე და დღემდე რა მეტსახელიც გქონია, ყველა ჩამოგვიწერეო, უმჯობესს ჩვენ თვითონ ამოვარჩევთო. ჩამოვუწერე ერთი ხუთი ცალი და დავუტოვეო. მეორე დღეს გავუარე და, ა, ნიმუშია აგერო და ბარათი გამომიწოდა. ფაქტურით, ფერით და დიზაინით გამორჩეულ ძალიან სასიამოვნო ბარათზე პირად რეკვიზიტებთან ერთად, ოღონდ უფრო გამოკვეთილად ეწერა მხოლოდ სახელი „გოშა“…
ეს იყო და ეს…“ _ იხსენებს ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმის მეგობარი.
ცნობილი ფსიქიატრი გია ორმოცაძე დღეს 68 წლის გახდებოდა. იგი 7 წლის წინ გარდაცვალა.


