დღეს თითქმის არავის ახსოვს ეს თარიღი. არადა, საამაყოდ და სატრაბახოდ გვაქვს საქმე, ზუსტად 35 წლის წინ, ლანჩხუთის „გურია“ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. 1990 წლის 18 ნოემბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული თასის გათამაშების ფინალი გაიმართა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე „გურიამ“ სოხუმის „ცხუმი“ დამატებით დროში ბესიკ ფრიდონაშვილის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. სფფ-ის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა თასი „გურიის“ კაპიტანს ბადრი დანელიას გადასცა. ამ გამარჯვებით „გურია“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ეროვნული თასის მფლობელი.
სხვათა შორის, ბესიკ ფრიდონაშვილი 4 წლით ადრე და მაშინაც ნოემბერში ასევე შევიდა კლუბის ისტორიაში _ 1986 წლის 12 ნოემბერს, მოსკოვის „ლოკომოტივის“ კარში მის მიერ 76-ე წუთზე გატანილმა გოლმა „სოფლის გუნდი“ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და 10-ათასიანი რაიონი მილიონიანი ქალაქების მხარდამხარ დააყენა…
… ეროვნულ თასზე გაკეთებული პირველი წარწერა „გურიაა“. საქართველოს ეროვნული თასის პირველი ფინალი ითამაშეს: ავთანდილ ქანთარიამ, გოჩა ტყებუჩავამ, გოჩა გუჯაბიძემ, ბადრი დანელიამ, რომას მაჟეიკასმა, დავით ცომაიამ, ნუგზარ მიქაბერიძემ, რობერტას ფრიდრიკასმა, ლევან ბარათაშვილმა, ოთარ კორღალიძემ, ბესიკ ფრიდონაშვილმა და თემურ კაბისაშვილმა. გუნდს გიგლა იმნაძე წვრთნიდა.
„გურია თუდეის“ არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს 35 წლის წინადელი გამარჯვების მთავარ შემოქმედთან, გიგლა იმნაძესთან, რომელიც მაშინ მხოლოდ 35 წლის გახლდათ და მთავარი მწვრთნელის რანგში პირველივე სეზონში (მანამდე 2 წელი უკრაინელ მიხეილ ფომენკოს, ხოლო რამდენიმე თვე მურთაზ ხურცილავას ეხმარებოდა) მოახერხა წარმატების მიღწევა _ მისმა გაწვრთნილმა „გურიამ“ საქართველოს თასთან ერთად ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
_ ბატონო გიგლა, 18 ნოემბერს „გურიამ“ პირველი ეროვნული თასი მოიპოვა, როგორ გაიხსნებდით ფინალს?
_ ძალიან რთული თამაში იყო და ეს არც გახლდათ გასაკვირი, ფინალი იყო და ისიც პირველი. თან ჩვენი მეტოქე იყო „ცხუმი“, იმ დროს უკვე პოლიტიკური ვითარება დაძაბული იყო აფხაზეთთან. ამასთან, ჩემპიონატში ორივე თამაში მოვუგეთ მეტოქეს, ესეც რთულია და მესამე თამაშისთვის კიდევ უფრო ძნელია სრული მობილიზება. მაშინ ახალდაწყებული იყო ეროვნული პირველობა, რა თქმა უნდა, მაყურებელმა მოიკლო, ვიდრე სსრკ-ის უმაღლეს და პირველ ლიგაში, მაგრამ ფინალზე ლამის გაივსო „დინამოს“ სტადიონი…

1990 წლის 18 ნოემბერი, თბილისი, „ბორის პაიჭაძე“, საქართველოს თასის პირველი მფლობელი „გურია“ ფინალის შემდეგ | პირველ რიგში, მარცხნიდან: გია ჩხაიძე, თემურ ლორია, კობა ორმოცაძე (ადმინისტრატორი), ლევან ბარათაშვილი, ნუგზარ მიქაბერიძე, გოჩა ტყებუჩავა, ბადრი დანელია, ბესიკ ფრიდონაშვილი, დავით ცომაია და რომან ქურიძე. მეორე რიგში, მარცხნიდან: გიგლა იმნაძე, დიმიტრი ზაალიშვილი (ექიმი), ლევან ხოჭოლავა (ფიზიოთერაპევტი), ოთარ კორღალიძე, გოჩა გუჯაბიძე, მამუკა აბუსერიძე, ავთანდილ ქანთარია, დავით უგრელიძე, თემურ კაბისაშვილი, რობერტას ფრიდრიკასი, თემურ ჩხაიძე, რიმას მაჟეიკისი, ანზორ გაბიტაშვილი (მასაჟისტი), გულსუნდა დუნდუა, კახა კვინტრაძე, ამირან წილოსანი (პრეზიდენტი), რამაზ ფირცხალაიშვილი (მწვრთნელი) და გურამ პატარაია (ვიდეო-ოპერატორი)
_ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა მაშინ…
_ დიახ, თან ძალიან გაგვაძლიერეს ლიტველმა ლეგიონერებმა _ რობერტას ფრიდრიკასმა და რიმას მაჟეიკასმა. ფინალამდე ჩვენ შეგვხვდა ყველა ფავორიტი _ ჯერ „ტორპედო“ (5:1, 0:1) გამოვთიშეთ გათამაშებას, ნახევარფინალში კი „დინამოს“ ორივე მატჩი მოვუგეთ (1:0, 2:0).
_ ფინალში მოგება გაგვიჭირდა…
_ კი, ასე იყო, ფრთხილად დავიწყეთ, უკნიდან, კონტრშეტევებით. „ცხუმს“ დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ჩვენ კი მხოლოდ თასის აღება დაგვაკმაყოფილებდა. ჩვენ ვიყავით „პირველი მერცხალი“ ე.წ. „მიხრჩობას“ ვეძახდით, ზედა პრესინგს და ამაზე უარი ვთქვით, დაველოდეთ ჩვენს დროს და საბედნიეროდ, ესეც მოხდა _ ჩვენი საფირმო კუთხურიდან ბესო ფრიდონაშვილმა ისტორიაში შეგვიყვანა…
… და წლების მერე, „გურიას“ ტექნიკური დირექტორი გულსუნდა დუნდუა ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ საანაგარიშო ყრილობაზე, როცა იმ პერიოდის ჩემპიონებსა და თასის მფლობელებს ჩამოთვლიან, დარბაზიდან დასჭექებს _ პირველად იყო ლანჩხუთი!
ასევე წაიკითხეთ:
აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით, „გურიას“ ლეგენდარულ მეკარესა და მწვრთნელს, სამაგალითო და საამაყო ლანჩხუთელს 70 წლის იუბილეს ვულოცავთ. გიგლა იმნაძე დღესაც „გურიას“ სამსახურშია და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ კლუბის ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს.
მამუკა ქანთარია


