„პირაკრული და ხელებშეკრული მანქანაში შეაგდეს, საშინლად გაუსწორდნენ, ფეხებზე ქამარი მოაბეს და მიწაზე ათრიეს“ _ დიომიდე ორაგველიძე, სამშობლოსათვის წამებული რაინდი შუხუთიდან

|

Loading

ფოტოკოლაჟი _ წითელი ოკუპაცია, 25 თებერვალი

[2023 წლის 25 თებერვალს პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „გურია Today“]

ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ფონდში დაცულია უნიკალური მასალა, რომელიც მოგვითხრობს 1923-24 წწ. აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის გურიის მხარეში _ დიომიდე ორაგველიძის მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მასალა მოგვაწოდა ლანჩხუთის ეგ.ნინოშვილის სახ. სახალხო თეატრის მსახიობმა, როზა ნოზაძემ, რომელსაც დიომიდე ორაგველიძე ბაბუად ერგებოდა. მოგონება ბებიის, ვარდო ორაგველიძისაგან ჩაიწერა ქალბატონი როზას ქალიშვილმა, ნატალია კაციტაძემ.

აჩრდილები გურიიდან

ნატალია კაციტაძე: ,,85 წლის ლოგინად ჩავარდნილმა ბებიამ, თავისთან მიხმო და პენსიის სანაცვლოდ, მოგონებების ჩაწერა მთხოვა. მე არც კი მესმოდა მაშინ, რას ნიშნავდა ბებიასთვის თავისი ოჯახის წარსული და არც სინდისს შევუწუხებივარ, როდესაც წითელი თუმნიანები ჩავიჯიბე. ბებია კი ბედნიერი იყო, რადგან სჯეროდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ისტორია მოინდომებდა წარსულის გაცოცხლებას და უცნობი სახელების მომავალი თაობისათვის გაცნობას. დღეს კი, ბავშვური ხელით დაწერილი ბებიას მონათხრობი დამრჩა და მისი სურვილების ასრულება მოვინდომე“.

ვარდო ორაგველიძის მოგონებებიდან:

„მამაჩემთან დაკავშირებით მინდა ძველი ამბავი გავიხსენო. არ იფიქროთ მოხუცებულობის გამო რამე დავიწყებული მქონდეს ან რა დამავიწყებს იმ საშინელ წლებს, როცა ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივ მანძილზე უსამართლობის მეტი არაფერი მინახავს. მამაჩემი, დიომიდე ორაგველიძე, ბიძები: ტერენტი და კასიანე დიდი რევოლუციონერები იყვნენ. ნოე ჟორდანიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, მამაჩემმა კერძო მეურნეობას მიჰყო ხელი და სანიმუშო ბაღები მოაშენა. კასიანემ და ტერენტიმ მუშაობა დაიწყეს მენშევიკების დროს, რაზე მუშაობდნენ, არ ვიცი. მამაჩემს სოფლის სკოლა ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ დიდი ნაკითხი იყო, ამასთან კარგი ორატორი. მას მთელი რაიონი იცნობდა გურიაში, რადგან ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი იყო.

ტერენტის და კასიანეს ,,გოროდის“ (ძველად ასეე რქვა) სკოლა ჰქონდათ დამთავრებული. ისინი პოლიტიკურად განათლებული იყვნენ.

ახლა მინდა 1921 წლის ამბავი მოგითხროთ, რამაც დიდი მწუხარება მოუტანა ჩვენს ხალხს. ბოლშევიკური პარტიის წევრები ძალიან ცოტანი იყვნენ ჩვენს სოფელში, უმეტესობა სოციალ-დემოკრატი იყო. მათი თქმით, სისხლით მოპოვებული თავისუფლება ხელიდან ეცლებოდათ. რეპრესიები არ იყო დაწყებული, როცა ბინების ჩხრეკა დაიწყეს, მათ შორის ჩვენი ბინაც გაჩხრიკეს. ამით ხალხი დაფრთხა, რამდენიმემ იარაღი აიღო და ტყეში გაიქცა. ესენი იყვნენ (ვისაც ვიცნობდი): ევგენი იმნაიშვილი, ნიკიტა იმნაიშვილი, ქრისტეფორე იმნაიშვილი, მუხაშავრია და ურუშაძე, მათი სახელები არ მახსოვს. ისინი მრავალჯერ გაექცნენ ხელიდან ჩეკისტებს. 1922 წელიც არ ყოფილა მშვიდობიანი.

1923 წელიც დაიწყო. არ ვიცი, ლანჩხუთის რაიონში იყო თუ არა მიტინგები, მაგრამ შუხუთში შეიკრიბა მოსახლეობა, გარდა მოხუცებისა და ბავშვებისა. ისინი უნდა ჩამოსულიყვნენ ლანჩხუთში დროშებით ხელში. ამ მიტინგს მამაჩემი ხელმძღვანელობდა. ლანჩხუთში შუა გზაზე ვიყავით, რომ შემოგვხვდა კომუნისტი პარმენ ცინცაძე. იგი მამაჩემის კარგი მეგობარი იყო. მამაჩემს იარაღი მიაწოდა და შეეხვეწა მიტინგი დაეშალა, მამაჩემი ამაზე არ თანხმდებოდა. ამ დროს მილიციის მუშაკებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ჰაერში ისროდნენ. ამ სროლაში თავიანთი მეგობარი პავლე ორაგველიძე  შემოაკვდათ.

ხალხი იძულებული გახდა დაშლილიყო. მომიტინგეები ახალგაუქმებულ ეკლესიაში შეგვყარეს.  მამაჩემმა გაპარვა მოახერხა. დაკითხვაზე გამოგვკითხეს, რა იყო მიტინგის მიზანი – საქართველოს დამოუკიდებლობა. ბოლოს ყველა გაგვათავისუფლეს.

დიომიდე ორაგველიძე ქალიშვილებთან ერთად

დაიწყო 1924 წელი, ჩვენს ოჯახში იარაღი შემოიტანეს. როგორც მერე გავიგეთ, აჯანყებას ქაქუცა ჩოლოყაშვილი ამზადებდა. იარაღი დაურიგეს ხალხს და მოილაპარაკეს, რომ ღამით 12 საათზე კომუნისტები განეიარაღებინათ. ასეც მოხდა. დილით ყველა კომუნისტი განიარაღებული იყო, გარდა ერთისა, რომელიც იყო მილიციის უფროსი კოლია ორაგველიძე. იგი კაბინეტში ჩაიკეტა და ვერ მოახერხეს მისი განიარაღება.

მსხვერპლი არ ყოფილა. დაპატიმრებული კომუნისტები შუხუთის ეკლესიაში მოათავსეს. დილით შეიკრიბა მოსახლეობა დროშებით და საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავდნენ ერთმანეთს. ორატორები ერთმანეთს ცვლიდნენ, მაგრამ ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, ლანჩხუთში მოვიდა ცნობა, რომ 1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშვეს და მალე რუსეთის ჯარი უნდა შემოსულიყო.

დაპატიმრებული კომუნისტები სოფელ აცანისკენ წაიყვანეს და გაათავისუფლეს. აჯანყებულებმა ბახმაროს ტყეს შეაფარეს თავი. ზოგმა თურქეთში გადასვლა მოახერხა. დარჩენილები ათი დღის განმავლობაში ტყეში იმალებოდნენ. რუსეთის ჯარმა ლანჩხუთშიც შემოაღწია. გურიის აჯანყებულები სიკვდილს ფილიპე მახარაძემ გადაარჩინა. ბახმაროს ტყეში დამალულები დაბრუნდნენ, მათ შორის მამაჩემიც. მთავრობამ აჯანყებულები თითქოს შეირიგა. ყველამ იცოდა, რომ ეს დროებითი შერიგება იყო. წელი არ მახსოვს, რომ მოკლეს უხეში და დაუნდობელი ოზურგეთის ჩეკის უფროსი, ობოლაძე. ამან მეტისმეტად გაამწარა კომუნისტები. დაიწყო საშინელი რეპრესიები. ვინც კი ხელში მოხვდებოდათ, ყველას აპატიმრებდნენ.

ლანჩხუთიდან თბილისში მიმავალი ხალხი დააპატიმრეს, მათ შორის იყო შუხუთელი სოფლის ფერშალი, დიომიდე იმნაიშვილი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობდა სოფელში. იგი იმ დღესვე დახვრიტეს. ჩეკისტები მოზარდებსაც არ ინდობდნენ. გურიანთაში შეიპყრეს ორი მოსწავლე, რომლებიც სკოლიდან მოდიოდნენ. ისინი ბიძაშვილები იყვნენ. ერთ-ერთი მამაჩემის დისშვილი საშა ზოიძე იყო. ბიჭების მამები ოზურგეთში ციხეში იყვნენ დაპატიმრებულები. ჩეკისტებმა ერთად მოაგროვეს ასი კაცი და დახვრიტეს, მათთან ერთად ეს ბიჭებიც.

გაზეთ ,,კომუნისტში“ გამოაქვეყნეს დახვრეტილების სია და პატიმრების დასაშინებლად ციხეებში შეაგზავნეს. დახვრეტილი ბავშვების მამებმა ციხეებში გაიგეს შვილების სიკვდილი.

1925 წლიდან დაიწყო ჩვენი ოჯახის შევიწროება და სოფლის რეპრესიები. მამაჩემი ტყეს აფარებდა თავს. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ყველა ოჯახი. ვინაიდან სოფელი დაიცალა, მთავრობა იძულებული გახდა ხალხი შეერიგებინა. თან პირობა დადო რომ აჯანყებულებს არ დასჯიდა, მართლაც, ხალხი შეურიგდა მთავრობას.

დადგა 1926 წელი. ერთ ღამეს, წვიმიან და ღრუბლიან ამინდში ჩეკისტებმა ალყა შემოარტყეს ჩვენს სახლს. მამაჩემმა უკანა ოთახიდან გააღო ფანჯარა და გადახტა. სახლს ტყვიები დაუშინეს. მამამ სოფელ აცანას შეაფარა თავი. მეორე დღეს ბიძაჩემი კასიანე დააპატიმრეს. მას ბრალად არალეგარული კომიტეტის თავმჯდომარეობა წაუყენეს. ამ ბრალდებაზე ხელი უნდა მოეწერა კასიანეს. მან ეს უარყო, რის გამოც სასტიკად აწამეს. შემდეგ 10 წლით გადაასახლეს ციმბირში.

ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა სოკრატე ფირცხალაიშვილი. იგი 10 წელი იყო კატორღაში პოლიტიკური დანაშაულისათვის. განთავისუფლების შემდეგ მარტო და დახვდა. 1926 წელს დილით ჩაუსაფრდნენ და გარეთ გამოსული მოკლეს. მეზობლებს აუკრძალეს ეზოში შესვლა, მარტო და დატიროდა მიცვალებულს. საღამომდე ასე იყო, შემდეგ საბჭომ გამოაგზავნა ოთხი კაცი და იქვე ეზოში დამარხეს. ასე გაამართლეს თავისი სიტყვა ბოლშევიკებმა. სხვის ოჯახში დევნილის გაჩერება ძალიან სახიფათო იყო. ამიტომ მამამ თავი მთას შეაფარა. დიდი წამებისა და ხიფათის შემდეგ გადაწყვიტა მთავრობას შერიგებოდა.

1927 წელი დადგა. ერთ დღეს საბჭოს თავმჯდომარე მოვიდა ჩვენთან და ოჯახს მათავრობასთან შერიგება გვირჩია. მართლაც, მთავრობა უმტკივნეულოდ შევირიგეთ. საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს მანდარინის ნერგების მოშენება, ამის ხელმძღვანელად მამაჩემი – დიომიდე აირჩიეს. საბჭოს თავმჯდომარე იყო ალისტრახო ჭიჭილეიშვილი. ჩვენ მას არ ვენდეთ და უფრო ახლობელი მოვნახეთ. ეს იყო დედაჩემის ბიძაშვილი _ ანანია მშვიდობაძე, იგი გახლდათ სამეულის უფროსი. ანანია სათნო და კეთილი ადამიანი იყო, მას მამაჩემის ამბავი მოვუყევით და დახმარება ვთხოვეთ. ანანია შეგვპირდა, რომ ამოგვიყვანდა ჩეკის უფროსს სახლში და მამაჩემი უნდა დახვედროდა.

დათქმულ დღეს მართლაც ასე მოხდა. ჩვენს სახლში შერიგების სუფრა გაიშალა. სტუმარი მოიხიბლა მამაჩემის საუბრით. დიდად თბილი და კარგი სიტყვები წარმოითქვა სუფრაზე. მეორე დღეს მამაჩემი საბჭოში ჩავიდა. თავმჯდომარემ თბილად მიიღო. მან დაათვალიერებინა მანდარინის სანერგეებისათვის გამოყოფილი ადგილი. მამაჩემიც, ორი მუშის დახმარებით, მუშაობას შეუდგა.

1928 წლის აპრილში ნერგები უნდა დაერგა. ერთ დღეს სამუშაოდან დაღლილი გზად ჩეკისტებმა შეიპყრეს. პირაკრული და ხელებშეკრული, მანქანაში შეაგდეს და ჩეკაში მიიყვანეს.

მოსთხოვეს ეღიარებინა მთავრობის წინანაღმდეგ ჩადენილი საქმიანობები. მამამ ამაზე სასტიკი უარი განაცხადა, რაზეც საშინლად გაუსწორდნენ. შემდეგ ტყეში გააქანეს, ფეხებზე ქამარი მოაბეს და მიწაზე ათრიეს. აშინებდნენ, რომ სიმართლე ეთქვა, თორემ წამებით ამოხდიდნენ სულს.

ჩეკისტებმა ჩექმებიანი ფეხებით ჩაუმტვრიეს გვერდები. ასე გაგრძელდა მთელი ღამე. სუნთქვაშეკრული მამაჩემი მკვდარი ეგონათ და იქვე მიატოვეს. დილამდე ასე უგონოდ ეგდო. დილით კი სამუშაოზე მიმავალმა გლეხებმა სისხლის გუბეში ნახეს. ტალახის და სისხლის ჩამობანის მერე ძლივს იცნეს და ურმით სახლში წაიყვანეს. ეს ამბავი სოფელს უცბათ მოედო. სახლში მაშინვე ექიმი მოვიყვანეთ, რომელმაც სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად ბათუმში გადაყვანა შემოგვთავაზა. იმავე დღეს ჩავიყვანეთ ბათუმში. საავამდმყოფოში მისვლისთანავე იქაური ჩეკისტები გადაგვეღობნენ და ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ჩვენ არც კი გაგვაკარეს. ექიმი ჩვენთან ჩუმად მოვიდა და გვირჩია, ფილიპე მახარაძისათვის გვეთხოვა მამაჩემის თბილისში გადაყვანა. მე და დედა თბილისში ცეკაში მივედით, ჩვენ იქ არ შეგვიშვეს, მაგრამ ბედად შეგვხვდნენ პარმენ ცინცაძე და სარჯველაძე, რომლებიც მამაჩემის კარგი მეგობრები იყვნენ. ჩვენ ყველაფერი მოვუყევით. მოყოლილმა მათი აღშფოთება გამოიწვია. გაიძახოდნენ – ესაა თავისუფლება, ამისთვის ვიბრძოდითო? მათი დახმარებით ფილიპე მახარაძეს შევხვდით. მასაც ყველაფერი ვუამბეთ. ფილიპეს ძალიან გაუკვირდა და მაშინვე ბრძანება გასცა, რათა ავადმყოფი თბილისში ჩამოეყვანათ. მართლაც ასე მოხდა და ციხის საავადმყოფოში მოათავსეს. ჩვენ ნახვის უფლებას არ გვაძლევდნენ. შორიდან გავიგეთ, რომ ოპერაცია გაუკეთეს. ახალნაოპერაციები ციხის სარდაფში ჩააგდეს, სადაც ექვსი თვე გაატარა. ამის შემდეგ გაასამართლეს და ბრალად მთავრობის ცილისწამება წაუყენეს. მიუსაჯეს ოთხი წლით მეტეხის ციხე. ციხეში პატიმრებმა მამაჩემს აცნობეს, რომ მის შესახებ ამერიკის ხმამ გადმოსცა, თუ როგორ აწამეს უდანაშაულო ადამიანი.

მამაჩემის დაპატიმრების შემდეგ ჩემი ოჯახი აწიოკებული იყო. გაგვატარეს შავ სიაში. ჩემი და სკოლიდან გამოაგდეს. ოჯახი დაბეგრეს გადასახადით. თავი რომ გვერჩინა და გადასახადები გვეხადა, იძულებულები გავხდით საქონელი გაგვეყიდა. როცა გასაყიდი არაფერი დაგვრჩა, მოვიდნენ და სახლის სახურავის გადახდა დაიწყეს. დედაჩემის ტირილზე მეზობლები მოვიდნენ, შეგვიცოდეს, ფული შეაგროვეს და გადასახადი გადაგვიხადეს.

1930 წელს კოლმეურნეობა დაარსდა, მაგრამ როგორც შავსიელები, არ გაგვაერთიანეს. 1931 წელს მამაჩემი ციხიდან დაბრუნდა. მას სამუშაო არ მისცეს.

1934 წელს დაიწყო ხელახალი რეპრესიები და მამაჩემიც დააპატიმრეს. წამოიყვანეს თბილისში და ჩააგდეს გუბერსკის ციხეში. ყოველ ღამე,12 საათზე, მოდიოდა ზედამხედველი, ამოიკითხავდა სიას, პატიმრებს ჩაყრიდა შავ მანქანაში და მიჰყავდათ დასახვრეტად. ყოველი 12 საათის მოსვლა შიშს გვრიდა პატიმრებს.

ასე შიშით გაატარა მამამ ორი თვე. ამის შემდეგ მიუსაჯეს 10 წლით პატიმრობა, ტაშკენტში გადასახლებით. პატიმრებს შუა აზიაში საში-ნელი პირობები ჰქონდათ. არ იყო წყალი, სიცხეში მუშაობდნენ ბამბის პლანტაციებში. პოლიტიკური პატიმრები შეყრილები ჰყავდათ ქურდებთან და ბანდიტებთან. თუ კი რამე ტანზე ეცვათ, ყველაფერს ხდიდნენ, ლეიბებში ფულს ეძებდნენ.

ცუდი პირობების გამო ყოველდღიურად ათობით კაცი იღუპებოდა. პატიმრობიდან 4 წლის შემდეგ მამა მძიმედ დაავადდა. როცა ცუდად გახდებოდა, ეგონათ კვდებოდა, ტანზე ხდიდნენ და მკვდრების ოთახში აგდებდნენ. დილით ნახავდნენ, რომ ცოცხალი იყო, ისევ გადმოიყვანდნენ პალატაში. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა. საავადმყოფოს უფროსმა როცა ნახა, რომ ეს კაცი სასიკვდილოდ იყო გამზადებული, ციხის უფროსთან შეთანხმებით, პატიმრობიდან გაათავისუფლა, მაგრამ ფეხზე ვეღარ დგებოდა და ვეღარ ბრუნდებოდა სამშობლოში, ციხეშიც აღარ აჩერებდნენ.

ამ დროს მოხდა უცნაური შემთხვევა, მამაჩემთან ციხეში იმყოფებოდა 20 წლის ბათუმელი პოლიტიკური პატიმარი – არჯევანიძე. იგი იყო დედისერთა და ამ პერიოდში მის სანახავად დედა ჩამოვიდა, მაგრამ შვილი გარდაცვლილი დახვდა. მისი სიკვდილი ყველა პატიმარმა განიცადა. პატიმარი სიკვდილის წინ მამაჩემის გვერდით იწვა. დედა შვილის ამბით დაინტერესდა, ჩააწვინეს მკვდარი თუ არა კუბოში. დედა მოატყუეს, თითქოს, როგორც წესი, ისე დაასაფლავეს. სინამდვილეში პატიმრებმა ფიცარი ვერ იშოვეს და ისე დამარხეს ბიჭი. ასეთმა დამწუხრებულმა ქალმა რომ გაიგო, მამაჩემი თავისუფალი იყო, მაგრამ წამოსვლა არ შეეძლო, გადაწყვიტა ეპატრონა დავრდომილი მამაჩემისათვის და წამოეყვანა. მართლაც, დიდი გაჭირვებით ჩამოიყვანა. მამაჩემი ჭიშკარს რომ მოადგა, დედამისმა ვერ იცნო, დაუძლურებული მათხოვარი ეგონა.

მას შემდეგ, დიდხანს არ უცოცხლია და ასეთი გაწვალებულ-დატანჯული 60 წლის ასაკში, ფიზიკურად უძლური, მაგრამ სულიერად მტკიცე და ძლიერი, გარდაიცვალა. მას ბოლომდე სჯეროდა, რომ დროებით დამარცხდნენ, ბევრი სისხლიც დაიღვარა, მაგრამ მომავალი თაობა დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა. დაინგრევა ეს გაუმართლებელი წყობა და არც არასოდეს გამრთელდება. არ ვნანობ ჩემი ოჯახის წამებას, რადგან მწამს, რომ უშედეგოდ არ ჩაივლის და საქართველო თავისუფალი იქნება“.

მაია ჩხაიძე, ვ. წულაძის სახ. თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი

რას ჩივი?