ორი წითელი, პენალტი და… „სამართალმა პური ჭამა“? _ 10 კაცით დარჩენილმა „გურიამ“ ქულადაუკარგავი ლიდერი შეაჩერა

|

Loading

დღეს, „გურიამ“ მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. ზედიზედ ორმა მოგებამ ლანჩხუთელ ქომაგს ქულადაუკარგავ ლიდერთან 3 ქულის აღების იმედი გაუჩინა.

შესაძლებელიც იყო, თემურ ლორიას გუნდს გამარჯვებების სერია გაეგრძელებინა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, „გურია“ მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა. მსაჯმა 41-ე წუთზე ლაშა ჯღამაია გააძევა და მასპინძლების მდგომარეობა გაართულა.

არც მეორე ტაიმში წყალობდა არბიტრი გურულებს _ 65-ე წუთზე, სადავაო სიტუაციაში, მან 11-მეტრიანი დანიშნა „გურიას“ კარის მიმართულებით. იქვე, პროტესტის გამო, მეკარე-მწვრთნელი ირაკლი ხვედელიძე სათადარიგოთა სკამიდან გააძევა. თორნიკე ხოფერიამ პენალტის მოგერიება მოახერხა და კარის „მშრალად“ შენახვა შეძლო.

მისი თანაგუნდელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დარჩენილ თითქმის ნახევარ საათში ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს, როთაც „გურიას“ ექს-მეკარე გუბაზ დოლიძის გაწვრთნილი „იბერია-2010“-ის მოგებების სერია შეაჩერეს _ მანამდე თბილისელებს ოთხივე შეხვედრა მოეგოთ.

ლანჩხუთურ კლუბს კი, 5 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი და ლიგაში მხოლოდ ორ გუნდს აქვს უკეთესი მაჩვენებელი. „გურიას“ თამაშში საშუალოდ 2 გოლი გააქვს და ასეთ შედეგიანობა კლუბს, კარგა ხანია, არ ჰქონია. კიდევ მეტად აღსანიშნავია, რომ გუნდს მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. სხვათა შორის, უკეთესი შედეგი მხოლოდ I ეროვნულ ჩემპიონატში დაფიქსირდა, როცა 5 სასტარტო შეხვედრის შემდეგ გაშვებული გოლების გრაფაში 0 ეწერა. იმ წელს „გურია“ ვიცე-ჩემპიონი და პირველი ეროვნული თასის მფლობელი გახდა…

30.04.2025 | ლანჩხუთი, ევგ. შევარდნაძე | გურია 0:0 იბერია-2010

გურია | ხოფერია, ჯღამაია, შანიძე, ხაჭაპურიძე, ვარდიაშვილი, შარვაძე (56′ შალიკაშვილი), გოგიჩაიშვილი, ზაქარაშვილი, სულაძე, შარაშენიძე, წილოსანი

„გურია“ 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა. მორიგ შეხვედრას ლანჩხუთელები ისევ შინ გამართავენ _ 8 მაისს წყალტუბოს „სამგურალი-2“-ს უმასპინძლებენ.

რას ჩივი?