ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „გურიას“ კარში „ვიტ ჯორჯია-2“-ის სასარგებლოდ, 93-ე წუთზე არარსებული პენალტი დაინიშნა.
„მოსყიდული მსაჯი ნიშნავს 93 წუთზე არარსებულ პენალტს“ _ წერს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე კომენტარების ველში ლესის მაჟორიტარი.
„როდის უნდა დამთავრდეს არაობიექტური მსაჯობა საქართველოში? სირცხვილია, სირცხვილი… ფეხბურთის ფედერაცია, ნუ შეგვაძულეთ თითოოროლად შემორჩენილ გულშემატკივარს ფეხბურთის სტაფიონზე სიარულს… ნუ მოაკვლევინებთ უპასუხისმგებლო მსაჯებს ისედაც „მისიკვდილებულ“ ქართულ ფეხბურთს… მიიღეთ ზომები…“ _ წერს საკრებულოს წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და მისთვის უცხო არაა მწვავე განცხადებები.
აქვე გეტყვით, რომ ელისო ჭიჭინაძე „გურიას“ აქტიური გულშემატკივარია და სისტემატურად ესწრება არამარტო საშინაო თამაშებს. ამჯერად იგი მცხეთაში დაესწრო „ვიტ ჯორჯია-2“-თან შეხვედრას, რომელიც 1:1 დასრულდა.
„გურიას“ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გაურკვეველია, თუ რა მოტივით დანიშნა მსაჯმა 11-მეტრიანი „გურიას“ კარში.


