ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე ნამდვილად არ ღირდა ნანა დიხამინჯიასთვის მეპასუხა, თუმცა დღეს უკვე აუცილებლად გამოვეხმაურები მის პოსტს და დავეხმარები გარკვევაში“.
„როცა კითხვას სვამს, თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის „ბაბლში“ ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით, ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, ხოლო გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ რაიმე სჭირდებოდა და ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა“ _ წერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.
„არ გამოვრიცხავ ნანა დიხამინჯიას მორალის ადამიანებისთვის ეკლესიის მშენებლობა, პირიქით, დანაშაულად აღიქმებოდეს, ხოლო ადამიანების დახმარება უბრალოდ, ეფემერულ ქმედებად, ამიტომ სამეწარმეო საქმიანობაზეც მოვუყვები… ჩემმა ოჯახმა, მაშინ, როცა ყველა ქარხნებს შლიდა და ყიდდა, ვაგონმშენებლობა შეუნარჩუნა საქართველოს და ნანა დიხამინჯიას საყვარელ „ნაციონალებს“ ორჯერ რომ არ გავეკულაკებინეთ, ორჯერ რომ არ ”აეხიათ” ქარხანა და არ გავეკოტრებინეთ, 1000 ადამიანი გვყავდა დასაქმებული საწარმოებში. ამიტომ, როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო. სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ…“ - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნინო წილოსანი და ბოლოს აღნიშნავს: „გარდა უმეცრებისა, თან უტიფარი მატყუარაა – არასდროს მითქვამს ევროპა და ამერიკა გვრყვნის-თქო, ალბათ, ქვეცნობიერად თავად ფიქრობს ამას, თორემ რატომ წამოსცდებოდა ეს ჩემზე. სამწუხაროდ, იმდენად უღირსი ქალია, ჩემს პირად ცხოვრებასაც კი გადასწვდა. თუმცა მოდით, ამ ნაწილს უპასუხოდ დავტოვებ“.

ნანა დიხამინჯია (მარცხნიდან მეორე) ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა | ფოტო: ვახო ქარელი / მედია აპრილი
კომპანია Clear Signal Solutions-ის თანადამფუძნებელმა, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე ნანა დიხამინჯიამ “ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ნინო წილოსანის განცხადება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატი აცხადებს რომ “უვიზო მიმოსვლა არის კომფორტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ხალხს. თუმცა, თუ ვინმე ამას ქართველ ხალხზე ზეწოლის იარაღად იყენებს, ხალხი ქვეყნის სიყვარულს აირჩევს და პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის“.
“ეს ქალი არის უმდიდრესი ოჯახიდან, რომელსაც სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია და ყველაფრის უფლებას აძლევს, ტენდერები იქნება თუ სამშენებლო ნებარ-თვები. მამაც ფულში იხრჩობა და ქმარიც, რომელსაც ფორმალურად გაეყარა ფულის დამალვის მიზნით“ _ დაწერა ნანა დიხამინჯიამ.
მანვე ასევე აღნიშნა, რომ წილოსანის შვილები უცხოეთში სწავლობენ: „ეს ყველაფერი რა ჯდება და დეპუტატის ხელფასი რომ მარტო მის ბრენდულ პიჯაკებს ეყოფა, ეგ შეგიძლიათ მარტივად დათვალოთ. ისეთი ფარისეველია, რომ გვიმტკიცებს, ევროპა და ამერიკა გვრყვნისო და თან მაშინ უშვებს ევროპა-ამერიკაში შვილებს, როცა მათი სამოქალაქო ცნობიერება ყალიბდება, თავად კი მხოლოდ წელიწადში რამდენიმეჯერ მოახერხებს მათ ნახვას. ძალიან გთხოვთ, ერთი ინიციატივა, ერთი სასარგებლო პროგრამა შემახსენოთ, რომელიც ან თავისი ოჯახის სახელით და ფულით, ან როგორც დეპუტატმა განახორციელა. ერთი მოქმედება შემახსენეთ, რომელიც მის პატრიოტიზმს ადასტურებს“ – დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა.