31 მაისი _ კიდევ ერთი ლამაზი დღე ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიაში, რომელიც გასახსენებლად დაგვრჩება…
დილიდან ფუსფუსი შეინიშნებოდა სკოლის ეზოში. ბავშვებმა და მასწავლებლებმა დაიწყეს შეკრება. მერე ყველამ ერთად სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა. ამასობაში საფეხბურთო ტურნირის დაწყების დრო მოვიდა.
დღეს, ჩვენი სკოლის მოსწავლის, ტრაგიკულად დაღუპული მე-8 კლასელის, ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნის ტურნირი ჩატარდა…
შეჯიბრის გამართვის ინიციატივაც და ორგანიზებაც მისმა მეგობრებმა ითავეს. ორი თასი დამზადდა შეჯიბრისთვის. პირველი თასის მფლობელის ვინაობა სკოლის მე-5 და მე-6 კლასების გუნდებმა გაარკვიეს, ხოლო მეორეს დასაუფლებლად მე-7-11 კლასები გაეჯიბრნენ ერთმანეთს…
ნიშანდობლივია, რომ „ნიკოს თასის“ გათამაშებაში მონაწილეობა ნიკოს ძამიკომ, გიორგიმაც მიიღო, რომელიც მისი ძმის კლასის გუნდში გამოდიოდა და სიმბოლურია, რომ შეჯიბრის პირველი გოლი მან გაიტანა!
ტურნირი დაიწყო და ვნებათაღელვამ იმატა როგორც მინდორზე, ასევე ტრიბუნებზეც. უამრავი გულშემატკივარი დაესწრო თამაშებს.

შეჯიბრი გაალამაზა ბევრმა გოლმა, ლამაზმა კომბინაციებმა, თერთმეტმეტრიანებმა, ფეხბურთელების ემეციებმა, წაგება-მოგებით გამოწვეულმა ცრემლებმა.
სანახაობრივი თვალსაზრისით გამორჩეულ მარათონში ბევრმა ისახელა თავი, თუმცაღა, გამოყოფის ღირსია მე-7 კლასის გუნდის მეკარის დავით გიორგაძის თავგანწირული, ლამაზი სეივებით გამორჩეული თამაში და რაღა თქმა უნდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის, მე-10 კლასელი დავით ჩხაიძის ბურთაობა…
მე-5 მე-6 კლასელთა ფინალში გამარჯვებული პენალტებმა გამოავლინეს – საპატიო თასს მეექვსეს გუნდი დაეპატრონა. როცა გამარჯვებულებმა თასი ასწიეს, გუნდის კაპიტანმა, ზურიკო ჩხაიძემ ბიჭების ერთსულოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა – მოპოვებული ჯილდო ნიკოს კლასს გადასცა, მათი ოთახის და ოთახში ნიკოლოზის კუთხის გასალამაზებლად.
ბოლოს, დადგა დიდი ფინალის სტარტის დროც, რომელშიც ერთმანეთს მე-8 და მე-10 კლასები გაეჯიბრნენ. სანახაობრივი და დაძაბული ფინალი კი გამოდგა!
„ჩვენი სურვილია, რომ თასი ნიკოს ოჯახს გადავცეთ ჩვენი მეგობრის ხსოვნის უკვდავსაყოფად“ – თქვა გამარჯვებული გუნდის _ მე-10 კლასის კაპიტანმა, რეზო წერეთელმა…
ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ფეისბუქ-გვერდი