„ბიჯოოოოოოოოო! მერე დაიწყებთ ხოლმე, როგორაო? საიდანო? რანაირადო? რათაო?აი, იმათა, კაცო, იმათა! მოაშორეთ ,,ბალასტი” სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მო-ა-შო-რეთ!“ _ წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი და გურული სამოქალაქო აქტივისტების, პედაგოგების _ ლადო აფხაზავასა და ირმა გორდელაძის სკოლებიდან გაშვებას ითხოვს.
„მერე გიკვირთ, საიდან იბადებიან ასეთი გამოშტერებული ყმაწვილებიო? ამათ რომ დამრიგებლებად და პედაგოგებად მიუჩენთ, იქ ნორმალური ვინ უნდა გაიზარდოს? გუშინ ვუსმინე პრეზიდენტ ყაველაშვილს, კაცმა პირდაპირ მოგიწოდათ, იყავით მკაცრები მავნებლების მიმართო. ეს ე.წ. მასწავლებლები რეგიონიდან ჩამოვიდნენ, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი დალეწეს, გადაბუგეს და უკან გაბრუნდნენ“ _ წერს გელა ზედელაშვილი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ უკვირს იმ სკოლების ხელმძღვანელებისა, სადაცა აფხაზავა და გორდელაძე ასწავლიან: „რას მოუყვებიან ესენი ბავშვებს – სად ვიყავით და რა გავაკეთეთო? ხელისუფლება უნდა დაგვემხო და ვერ დავამხეთო? ბრძოლას კვლავაც ვაპირებთო? ამ ხელისუფლებას ბენზინი უნდა გადავასხათ და დავწვათო? დიახ, ამას მოუყვებიან, სხვა მოსაყოლი არაფერი აქვთ და თქვენ, პატივცემულებო, რას უყურებთ ამ დროს?“ _ განათლების სამინისტროს მიმართავს ჟურნალისტი.
ცნობისთვის: ლანჩხუთელი ლადო აფხაზავა მენტორი მასწავლებელია (საქართველოში ყველაზე მაღალი რანგი). იგი და ოზურგეთელი ირმა გორდელაძე ანტისამთავრობო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. აფხაზავამ არაერთხელ განაცხადა, რომ აქციებზე მხოლოდ არასაგაკვეთილო დროს დადის და მოსწავლეები არ ზარალდებიან. აქვე შეგახსენებთ, გელა ზედელაშვილის მიმართვის ადრესატი – საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.


