ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს გაუმართავი და გადატვირთული მანქანებით ინერტული მასალების მთავარ სამანქანო მაგისტრალზე გადატანამ.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯაპანა-შუხუთის სამანქანო გზის მონაკვეთზე, ორჯერ გადავარდა სატვირთო მანქანა ცენტრალური გზიდან. ეს ის სატვირთო მანქანებია, რომლებიც იმერეთიდან ეზიდებიან ინერტულ მასალას ავტობანის მშენებლობისთვის. საბედნიეროდ, იმ მომენტში, ქვეითად მოსიარულე არავინ მიდიოდა ტრასის პირას, თორემ ყველა ვარიანტში ტრაგედია გარდაუვალი იყო… უფრო სწორად, მორიგი ტრაგედია… შვიდი წელი არაა გასული, რაც უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს _ ენით აუღწერელი უბედურება, რომლის შოკიდან დღემდე არაა გამოსული სოფელი ქვიანი და ოჯახი მთელი ცხოვრება ვერ გამოვა…“ _ ამბობს ასკურავა.

2017 წელს, ამ შემთხვევის დროს, 41 წლის მძღოლი დაიღუპა | ფოტო „გურია თუდეი“
მისი თქმით, ახლა ისევ დაიწყო იგივე გაუმართავმა და გადატვირთულმა მანქანებმა ჯაპანა-შუხუთის მონაკვეთზე ინტენსიურად მოძრაობა. „ისევ სრული განუკითხაობა და ისევ სრული უპატრონობა… ალბათ, კიდევ ერთი დიდი და გაუგონარი ტრაგედიაა საჭირო, რომ მერე ვინმემ მოიკითხოს ამბავი, როცა უკვე ძალიან გვიანი იქნება! ამ გზაზე არის სკოლები, საბავშო ბაღები, მოდის ზაფხული და ქვეითად მოსიარულებისა და სოფელში ჩამოსულთა რაოდენობა მოიმატებს. მოაშოარეთ ეს სახიფათო, ამორტიზირებული და გადატვირთული მანქანები სოფლებს“ _ ამბობს „ნაციონალების“ ადგილობრივი ლიდერი და ამატებს: მერე არავინ თქვას, არ ვიცოდით, არავის უთქვამსო.
„გურია თუდეის“ არქივიდან:
2017 წლის 14 სექტემბერს, სოფელ შუხუთში, მთავარ სამანქანო მაგისტრალზე მოძრავ სატვირთო
ავტომობილს, საბურავი გაუსკდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჩავარდა თხრილში. ქვა-ღორღი მიწაში ჩამარხულ სალონს ზემოდან დაეყარა. შეჯახებისას ცეცხლი მოედო დიზელის ავზს და შემდეგ _ სალონს. სამწუხაოდ, 41 წლის ვანელი მძღოლი დაიღუპა. იგი საკუთარი ავტომობილით ჩინურ კომპანიას ემსახურებოდა. მაშინ ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ის გადაჭარბებული ტვირთიცაა, რის გადატანასაც ჩინური კომპანიის მესვეურები მძღოლებს აიძულებენ, თან მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებით, შემთხვევამდე ცოტა ხნის წინ აქციებიც გაიმართა. ადგილობრივი ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ „გადატვირთული ავტომობილების მოძრაობას იმიტომ არ აკონტროლებს, რომ ამის უკან გავლენიანი მაღალჩინოსნები დგანან“.
2017 წლის 20 სექტემბერს „გურია თუდეი“ წერდა საფრთხეების შესახებ: „აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც ზარალობს სახელმწიფო და რომელ კორუფციულ სქემასაც კონკრეტული პირები ლობირებენ…“ [წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/BHvPo]
2017 წლის 20 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა სოფელ ქვიანში. სატვირთო ავტომობილს მოძვრა ორი საბურავი, რომელთაგან ერთ-ერთი დაეჯახა 15 წლის მოზარდს, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბიჭი უმძიმესი მდგომარეობით „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.