„მთელი დღეა ამ იარაღს ვუტრიალებ, ხან წინსაფრის ჯიბეში ჩავიწყვე, ხან მაგიდაზე დავილაგე და ვუყურებ, ვეფერები. არ ვიცი, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი“

|

Loading

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

_ ადრე დილით ბაღში ვმუშაობდი, ჰორტენზიებს შარშანდელ ყვავილებს ვაჭრიდი.

თავზე დამადგა ღრმად მოხუცი, ჩია კაცი, ორ ჯოხს დაყრდნობილი, სქელი სათვალით, შეუფერებლად თბილად ჩაცმული დღევანდელ ამინდთან. კარგა ხანს მაკვირდებოდა, ბოლოს თავაზიანად ბოდიში მითხრა და 15 წუთი დამითმეთო, მთხოვა _ სიტყვა მაქვს თქვენთანო. უხალისოდ დავთანხმდი, წინსაფარი მოვიხსენი და წითელფოთოლა ტყემლის ქვეშ ბაღის სკამი შევთავაზე.

დაიწყო – გამართული, კარგი ქართულით, გიორგი ნანობაშვილი ვარ, 90 წელს აღარფერი მიკლია, დიდი არეული ცხოვრება გავიარე, ახალგაზრდობაში გზას ავცდი, ცუდი საქმეები ვაკეთე. სოფლის მაღაზია გავტეხე… რაიკომის მდივანი მამას იცნობდა და შემოუთვალა, ბიჭი აქაურობას გაარიდე, დაიჭერენო. ბიძაჩემმა წამომიყვანა თბილისში. ბიძაჩემი თომა ნანობაშვილი მეგობრობდა მცხეთელ მებაღე მიხეილ მამულაშვილთან.

ამის გაგონებაზე გამოვცოცხლდი, მივხვდი, რაღაც ჩემთვის საინტერესოც ერია ამ ამბავში.. თან ისეთი ქართულით ლაპარაკობდა, როგორიც აღარსად აღარ ისმის. პატივისცემა დამეტყო და გააგრძელა..

ბიძაჩემი ვიწროდ ცხოვრობდა ცოლთან, სიდედრთან და სამ ქალიშვილთან ერთად ნახალოვკაში. ან იქ რა უნდა მეკეთებინა.. ერთ დილას მცხეთაში წამიყვანა, იმ დროისთვის ცნობილ, უკვე მოხუც მებაღე მიხეილ მამულაშვილთან. ცალკე ილაპარაკეს და იქ დამტოვა.

მოხუცმა პატარა ოთახი მომიჩინა ნახევარსარდაფში, სახელოსნოს გვედით. სახელოსნოში ღამ-ღამობით გვირგვინებს, კალათებს და თაიგულებს ამზადებდნენ დაკვეთით. დილით ქალაქიდან მოდიოდნენ და მიჰქონდათ.

მაშინვე მივხვდი, რომ განსაკუთრებულ ადგილას, სხვანაირ ადამიანთან მოვხვდი, მაგრამ მაშინ სულ არ მებაღებოდა და მეყვავილებოდა, სულ სხვა ფიქრები და აზრები მიტრიალებდა თავში.

მოხუცი ისე მელაპარაკებოდა, მიხსნიდა, მაჩვენებდა, ბაღს, მცენარეებს როგორც დიდი ხნის ნაცნობს, ახლობელს. დავალებაც ისეთი თბილი და მომნუსხველი იცოდა, ვერაფრით წარბს ვერ შეხრიდი. შენი ჭირიმე, შენმა სიცოცხლემ, შენმა სიმარჯვემ, შენმა გახარებამ… _ ასე იწყებდა წინადადებებს..

თითქმის სამი წელი ვიცხოვრე იმ სარდაფში, ახლა რომ მკითხოთ მაშინ ჩემი ცხოვრება მთლად ამოყირავდა, შეიცვალა.

მიხვდა, რომ ინტერესისაგან სულ გავინაბე, თვალებიც ამიწყლიანდა და ამიტომ შეუჩერებლად გააგრძელა.

წნელზე ვეგზავნებოდი მტკვრის ჭალაში, ხავსი მომქონდა ბაგინეთიდან, აყვავებულ ტოტებს და სუროს ვუჭრიდი ნადიკვარში და მცხეთის შემოგარენში. ბაღში მიწას ვცრიდი და ვაზავებდი საქოთნედ, სათბურის გათბობაც ჩემზე იყო მონდობილი.

დამჯდარს რომ შემისწრებდა მხარზე ხელს დამადებდა და თბილად მეტყოდა დაისვენე შვილო, დაისვენე, ოღონდ გულისხმობდა რადროს დასვენებაა ვერ ხედავ რამდენი სქმე გვაქვს?! თავიდან წამოვხტებოდი რომ დავინახავდი, ერთხელ მითხრა, ეს არასდროს მაკადრო, თუ ისვენებ დაისვენე, თუ მუშაობ იმუშავეო. ტკბილიც იყო და მწარეც ერთდროულად, ამხელა ცხოვრება გამოვიარე იმისი მაგვარი კაცი მე არ შემხვედრია.

სულ მირჩევდა და მაძლევდა საკითხავს, მერე აზრს მეკითხებოდა. მისი სახლი სავსე იყო წიგნებით და ფერადი ჟურნალებით. უჩემოდ სადილად არ დასხდებოდნენ, თუ იქ არ ვიყავი, დამელოდებოდნენ, სულ ერთად ვსადილობდით.

იქ მის ბაღში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მიშა ძიამ გაგვამზითვა, დაგვასაჩუქრა და ზედსიძედ დავდექი მისაქციელში. ბაღში კი მოხუცის სიკვდილამდე ვიმუშავე, ყოველდღე ვეღარ, მაგრამ კვირაში ორი, სამი დღე მაინც ვეშველებოდი. ვიცოდი, როცა უჭირდა, გაზაფხულზე ყველაფერს მე ვსხლავდი, შემოდგომაზე კვლების გამობარვას მხოლოდ მე მანდობდა, თხელი ბელტი იციო, მაქებდა.

დღეს აგერ 90 წლისა ვამბობ, რომ მან გადამარჩინა, მასწავლა ცხოვრება და საქმე, მომცა ხელობა, შემაყვარა მცენარეები, ბაღი. ამის მეტი არაფერი მიკეთებია. დღემდე მადლიერი ვარ ამ დიდი ადამიანის.

ასი წლისა გარდაიცვალა, თითქმის არ უავადმყოფია, მუხასავით წაიქცა და გათავდა. თავის ბაღშია დამარხული, გეცოდინებათ.

ქელეხი რომ მორჩა, ჩემი ნივთები ავკრიფე და წამოვედი, იქ დარჩენა აღარ მოვიწადინე.

მისი ნაჩუქარი დანა, ბარულა, სეკატორი და მაკრატლები თან წამოვიღე, ყველაფერი საზღვარგარეთიდან ჰქონდა ჩამოტანილი, დაჰკანკალებდა, უვლიდა. ჩლუნგი დანა რომ დაენახა ხელში, გამოგტაცებდა და აღარ დაგიბრუნებდა, წყენაც გვარიანი იცოდა, პატარა ბავშვივით იყო, გაიბუსხებოდა, გაიბუტებოდა.

თქვენი სურათები და ამბები აგერ ამ ჩემმმა შვილთაშვილმა მაჩვენა, აქაც მან წამომიყვანა, ტელევიზორშიც დამინახიხართ. კარგა ხანია მინდა მოსვლა, მაგრამ მუხლები არ მიშვებს, დღეს როგორც იქნა, ავიკრიფე..

აწყლიანებული თვალები კიდევ უფრო ამიწყლიანდა..

პარკიდან ტილოს ძველ წინსაფარში გახვეული იარაღები ამოიღო და კალთაში ჩამიდო.

ეს თქვენთან იყოს, იარაღი ხელოსანს უნდა ჰქონდეს.

ენა ჩამივარდა.

გალესეთ, მისი ხელშენახები და ნაქონია, მასსავით სიყვარულში დაბერდით, ის დიდი კაცი იყო.

გავშრი, საერთოდ ვერაფერი ვუთხარი.

შვილიშვილი გამაცნო, აგრონომია, შარშან დაამთავრა, მცენარეები უყვარს. მე ვეღარ მოვალ, მაგრამ თუ ის მოვა ჩემი სახელით, არაფერს დაზარდეთ – არ შემარცხვენს, მე გავზარდე. და კიდევ გიქებ ნამუშევარს, გურულო, რა ამბები დაგიტრიალებია, რამოტოლა მცენარე შეგიგროვებია, სურნელიც კი ისეთი დგას, როგორც ჩემს ყმაწვილკაცობაში მცხეთის ბაღში იდგა, დიდი ყოჩაღი ვინმე ხარ.

დამტოვა ასე აცრემლებული… ვეღარც საქმეს მივუბრუნდი.

მთელი დღეა ამ იარაღს ვუტრიალებ.

გავლესე, ზეთი მივეცი, ხან წინსაფრის ჯიბეში ჩავიწყვე, ხან მაგიდაზე დავილაგე და ვუყურებ, ვეფერები.

სიმშვიდე დავკარგე.

არ ვიცი, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი.

რას ჩივი?