„ეშინოდათ, გურია-ცსკა-ს მატჩი სხვა სახის ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო… იმ მატჩის რეპორტაჟს გადავცემდი და მოწმე ვარ, ლანჩხუთში თამაშზე თითქმის მთელი საბჭოთა ჯარების მთავარსადლობა რომ ჩამოვიდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „გურიას“ ლოგო, სტადიონი 1989 წელს და ზურაბ პეტრიაშვილი

„ლანჩხუთელი ფეხბურთელების მხარდაჭერა იმითაც იყო ფასეული, რომ „გურიამ“ იმ წელს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მიპოვა. ამ გუნდის ფეხბურთელების ვაჟკაცობამ ლიტველი კალათბურთელები გამახსენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დემონსტრანტთა   შორის პირველ რიგებში სწორედ ისინი იდგნენ და დემონსტრაციას დროშით ხელში არვიდას საბონისი მიუძღოდა ხოლმე…“

1990 წლის 15 თებერვალს ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა. მაშინ ისტორიული სიტყვა „გურიას“ ფეხბურთელებმა თქვეს, რომლებმაც მხარი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას დაუჭირეს. პოპულარული სპორტული გაზეთის, „ლელოს“ არქივიდან გთავაზობთ სტატიას, რომელშიც „ქომაგთა ლიგის“ პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი 35 წლის წინ, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელ რელსებზე გადასვლაში „გურიას“ წვლილზე საუბრობს:

_ იმ პერიოდში სპორტულ გადაცემათა რედაქციაში რამდენიმე კომენტატორი იყო: კოტე მახარაძე, ნუგზარ ჯუღელი, ჯამლეტ ხუხაშვილი, თემურ ჯაფარიძე, ტატო ლასხიშვილი და მე. 1983 წელს ბათუმის „დინამომ“ ჯერ საკავშირო მეორე ლიგის IX ზონაში გაიმარჯვა, შემდეგ პირველ ლიგაში გადასასვლელი ტურნირიც მოიგო და 1984 წლიდან ქუთაისის „ტორპედოსა“ და ლანჩხუთის „გურიასთან“ ერთად პირველ ლიგაში დაიწყო თამაში.

სპორტულ გადაცემათა რედაქციამ გაითვალისწინა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესი და სამივე ჩვენი გუნდის საშინაო თამაშების რადიორეპორტაჟები დაგეგმა. სეზონის წინ კომენტატორები შევიკრიბეთ და გადაწყდა, ქუთაისში რეპორტაჟებზე ივლიდა ტატო ლასხიშვილი, ბათუმში – ნუგზარ ჯუღელი, ლანჩხუთში – მე. „გურიაზე“ და ამ გუნდთან ჩემს ურთიერთობაზე ცალკე მოგითხრობთ. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სწორედ ლანჩხუთელებმ თქვეს ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

1988 წელს აგორებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღა 1989 წლისათვის უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა. 1989 წლის 9 აპრილმა გამოაღვიძა ერი. მთავრობის სასახლესთან საბჭოთა ჯარების მიერ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც 21 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. იმავე წლის ზაფხულში ლანჩხუთში არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის გუნდი ჩამოვიდა „გურიასთან“ სათამაშოდ. მე იმ მატჩის რეპორტაჟს გადავცემდი და მოწმე ვარ, თამაშზე თითქმის მთელი საბჭოთა ჯარების მთავარსადლობა რომ ჩამოვიდა, დაცული იყო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეშინოდათ, საფეხბურთო მატჩი სხვა სახის ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. იმ პერიოდში თავისუფლებისთვის იბრძვიან ბალტიისპირელები, ეთნოკონფლიქტია სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, დაძაბულობაა მოლდავეთში, უზბეკეთში…

ასევე წაიკითხეთ: „წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან 1 თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა… ლანჩხუთის მილიციის თანამშრომელი, ვიფიქრე, ჩვენს დასაშოშმინებლად შემოვიდა, დავინახე, ტაბელური „მაკაროვის“ ამოღებას აპირებდა და თან გურული აქცენტით ღრიალებდა: დავხვრეტ ამათ ადგილზე!“ https://shorturl.at/ohyNE

გურია – ცსკა-ს მატჩს ვნებათაღელვა არ აკლდა | ლანჩხუთი, 1989 წლის მაისი

რა ხდება ამ დროს ფეხბურთში? ჩვენი 13 საუკეთესო გუნდი საკავშირო პირველობაზე თამაშობს და მათი შედეგები ასეთია: საკავშირო II ლიგის მეცხრე ზონაში დამაჯერებლად გაიმარჯვა სოხუმის „დინამომ“, რომელმაც შემდეგ პირველ ლიგაში გადასასვლელი ტურნირი. გადამწყვეტი მატჩი 9 ნოემბერს გაიმართა სოხუმში „დინამოსა“ და „ნეფტიანიკს“ შორის. მატჩის ტელერეპორტაჟი მე წავიყვანე, სოხუმლებმა დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე – 2:0. სოხუმში ყოფნისას შევხვდი აფხაზეთის ფეხბურთის მესვეურებს: მიქამბას, გაბისკირიას, მილჩენკოს, ჯაიანს, მათი საუბრიდან ჩანდა რა სერიოზული გეგმები ჰქონდათ. არც იყო გასაკვირი. აფხაზეთი ხომ ოდითგან ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი საბადო იყო.

საკავშირო II ლიგის მეცხრე ზონაში, სადაც ჩვენს გუნდებთან ერთად აზერბაიჯანისა და რუსეთის რამდენიმე გუნდიც გამოდიოდა, კარგად ჩაატარა სეზონი ფოთის „კოლხეთმა“, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, სამტრედია მეოთხეზე გავიდა, ხობი – მეხუთეზე, გორი – მეექვსეზე, დანარჩენი ჩვენი გუნდების შედეგები კი ვერ იყო სახარბიელო. ოზურგეთი მეთორმეტეზე გავიდა, რუსთავი – მეცამეტეზე. თბილისის „შევარდენი“ – მეოცეზე და თბილისის ოლიმპიური მომზადების ცენტრის გუნდი კი ბოლო, ოცდამეორე ადგილზე.

პირველ ლიგაში ძალიან კარგად იასპარეზა ლანჩხუთის „გურიამ“ – მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ქუთაისის „ტორპედო“ მეცამეტე ადგილზე გავიდა, ბათუმის „დინამო“ კი – მეთვრამეტეზე. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, 1983 წლიდან დაწყებული ვარდნა გააგრძელა და უმაღლეს ლიგაში 16 გუნდში მეთერთმეტე ადგილზე გავიდა…

აი, ასეთი იყო პოლიტიკური და საფეხბურთო ფონი, როდესაც ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის გაჩაღდა ბრძოლა.

ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობა 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში სრულიად საქართველოს საფეხბურთო ყრილობამ გადაწყვიტა. ყრილობის მუშაობაში საქართველოს ყველა კუთხიდან 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა და უნდა ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობით, ფაქტობრივად, ერთხმად (მხოლოდ 21 დელეგატი არ გვეთანხმებოდა) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ფეხბურთი გამოყოფოდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას და დამოუკიდებლად შესდგომოდა საკუთარი ფეხბურთის განვითარებას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა | თბილისი, 1990 წლის 15 თებერვალი

როგორც აღვნიშნე, სრულიად საქართველოს წარმომადგენლობითმა ყრილობამ მიიღო საფეხბურთო დამოუკიდებლობის გადაწყვეტილება, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ ამ იდეის გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ: ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, საფეხბურთო ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტის „ეროვნულ ფრთას“, ქართულ პრესას და ტელევიზიას, განსაკუთრებით გაზეთ „ლელოს“ და ლანჩხუთის „გურიას“. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავტორიტეტი და მხარდაჭერა რომ არა, იდეას ძირშივე მოსპობდა მაშინდელი საქართველოს მარიონეტული ხელისუფლება.

საფეხბურთო ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტის „ეროვნული ფრთის“ თანმიმდევრული, შეუპოვარი მოქმედება და კარგად გათვლილი სვლები რომ არა, საფეხბურთო დამოუკიდებლობის იდეა ჰაერში გამოკიდებული, ხორცშეუსხმელი, მხოლოდ სიტყვებად დარჩებოდა. ჩვენი პრესის და, განსაკუთრებით გაზეთ „ლელოს“ დამსახურება ის იყო, რომ ფაქტობრივად, ამ გაზეთში გაჟღერდა ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლობის იდეა, ამ გაზეთის ფურცლებზე გაჩაღებულმა დისკუსიამ დამოუკიდებლობის თემა ახლობელი გახადა ხალხისთვის და დიდი როლი ითამაშა იდეის გამარჯვებაში. ლანჩხუთის „გურიას“ 11 ფეხბურთელის განცხადება, სადაც ნათქვამი  იყო, რომ თუ ეროვნული ჩემპიონატი არ ჩატარდებოდა, ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას საკავშირო პირველობაში, ანგრევდა მაშინ საფეხბურთო წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ უნდოდათ ეროვნული ჩემპიონატი. „გურიას“ ფეხბურთელების მხარდაჭერა იმითაც იყო ფასეული, რომ გუნდმა 1989 წელს, როგორც მოგახსენეთ, პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და 1990 წლისთვის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „გურიას“ ფეხბურთელების ვაჟკაცობამ ლიტველი კალათბურთელები გამახსენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დემონსტრანტთა შორის პირველ რიგებში სწორედ კალათბურთლები იდგნენ და დემონსტრაციას დროშით ხელში არვიდას საბონისი მიუძღოდა ხოლმე…

„გურია თუდეისგან“:

წლების წინ, ზურაბ პეტრიაშვილმა ჩვენს ჟურნალისტთან, მამუკა ქანთარიასთან საუბარში, „გურიას“ ისტორიული გადაწყვეტილება მნიშვნელობით უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე წინ დააყენა…

რას ჩივი?