„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს: დაინიშნოს მერაბ გიორგის ძე გოგუაძე ლანჩხუთის რაიონის პრეფექტად“ _ ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია აწერს და 1991 წლის 4 მარტით თარიღდება.
ეს დანიშნვნა გამორჩეული იმიტომაა, რომ იგი ლანჩხუთის პირველი პირველი პირია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მართალია, ბოლო ათწეულში ლანჩხუთში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად, ქალაქი გალამაზდა და საახალწლოდ „სიბრჭყვიალით“ ქვეყნის მასშტაბითაც იწონებს თავს, XXI საუკუნის მეორე მეოთხედში თუ სოფლებში ისევ იქნება მიუვალი გზები და მოსახლეობა სარეცხის გასარეცხად წვიმის წყალს შეაგროვებს, ოპოზიცია მართალი იქნება – თუ მუნიციპალიტეტს მიტოვებულად და ისევ „აუღებელ“ „მეცამეტე რაიონად“ მოიხსენიებს.
ლანჩხუთის მერობისთვის ალექსანდრე სარიშვილი და დავით ჩხაიძე იბრძოლებენ. ცნობილია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაინც ჩატარდება.
მანამდე ინტერესმოკლებული არ იქნება, თვალი გადავავლოთ ლანჩხუთის პირველი პირების დანიშვნა/არჩევის გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ ამბებს, კულუარულ „ომებსა“ და სხვა საინტერესო მოვლენებს.
აქვე ვთქვათ, რომ მართალია, ყოველთვის საკრებულოს თავმჯდომარეს მიიჩნევდნენ რაიონის პირველ პირად, მაგრამ ფაქტია, რეალურად ასეთი გამგებელი იყო. მით უფრო დღეს, მას შემდეგ, რაც უკვე მერს პირდაპირი წესით ვირჩევთ.
მაშ ასე, დავიწყოთ 1990 წლიდან, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და „მრგვალი მაგიდის“ ხელისუფლებამ რაიკომის მდივნები პრეფექტებით ჩაანაცვლა. ლანჩხუთის პირველი პირი, უკვე ვთქვით, გახდა მერაბ გოგუაძე, რომელიც მანამდე მედიის წარმომადგენელი იყო (ჟურნალ„კომუნისტს“ რედაქტორობდა) და ასევე გახლდათ ცკ-ის წევრი. მას თანამდებობის დატოვება მალევე მოუხდა, რადგან გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს და ქვეყნის მართვა ხელში სამხედრო საბჭომ აიღო.
ამ დროს უკვე პრეფექტები გამგებლებმა ჩაანაცვლეს და პირველ გამგებლად დავით წულაძე დანიშნეს… ორი დღით! როგორც თავად ხუმრობით იხსენებდა, მისი დანიშვნის ბრძანება „ნაგლეჯა ფურცელზე“ დაიწერა, პარასკევ დღეს და როცა ამ ბრძანებით ლანჩხუთის „თეთრ სახლში“ მივიდა, იქ უკვე ორშაბათს სხვა გამგებელი დახვდა. თავად ხუმრობდა, შაბათ-კვირის გამგებელი ვიყავიო..
ამიტომაც პირველ გამგებლად გია გოთუა მიიჩნევა, რომელიც მანამდე უკვე იყო სამხედრო საბჭოს რწმუნებული. მას რამდენიმე თვით და ურთულეს დრო მოუწია რაიონის მართვა. იმდენად ცუდი სიტუაცია იყო, თოვლის მოსვლაც ლამის მას დააბრალეს. ფრაზა _ მოვიდა გოთუა და მოთუა _ ძალიან პოპულარული იყო…

ფოტოკოლაჟი | ლანჩხუთის პირველი პირები ერთი (ლაშისღელის) უბნიდან (მარცხნიდან): გია გოთუა, თენგიზ ქერქაძე, რევაზ ჩიტიძე, დავით წულაძე
შემდეგ იყო ანზორ კილაძე, ლანჩხუთის მაჟორიტარი და ჩაის გაერთიანება „თაიგულის“ დირექტორი. იგი პირველი და უკანასკნელია, რაიონის პირველკაცის სავარძელი პარლამენტარის რანგში მყოფმა რომ ჩაიბარა _ ლანჩხუთის მოქმედი მაჟორიტარი პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამგებლად გამოუშვა. სულ ბოლოს გია გოგუაძე ცდილობდა პირიქით, გამგებლის სავარძლის პარლამენტარის „პულტში“ გაცვლას, მაგრამ ხელისუფლებაში მომავალი „ქართული ოცნების“ ფავორიტს, თემურ ჩხაიძეს ვერ აჯობა.
რაც შეეხება ანზორ კილაძის გამგებლობის პერიოდს, ეს ის დროა, როცა ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა რიგი ქალაქები დაიკავეს, მათ შორის ლანჩხუთიც და კილაძეს რამდენიმედღიანი „იძულებითი შვებულება“ მოუწია… კერძოდ, 15 სექტემბერს დაიკავეს „ზვიადისტებმა“ ლანჩხუთი, რომელიც მაშინ მოქმედი სამთავრობო ჯარებმა 20 ოქტომბერს გაათავისუფლეს.
ამ დროს კილაძე მოვლენებს გაეცალა, მის მოვალეობას არაოფიციალურად (პრეფექტის სახელით) შემდგომში ლანჩხუთის მაჟორიტარი ბიძინა გუჯაბიძე ასრულებდა, რაც მას მოგვიანებით რამდენიმეწლიან ციხედ დაუჯდა _ შევარდნაძის ხელისუფლებამ „ზვიადისტების“ საქმე შეკერა და პატიმრობას ვერც გუჯაბიძე ასცდა (სხვათა შორის, 1991 წელს, იგი პირველი პრეფექტის მოადგილე გახლდათ). კილაძემ კი ერთ წელზე მეტხანს დაჰყო გამგებლის პოსტზე…
მერე რამდენიმე თვით თემურ გუგუნავამ დაიკავა რაიონის მესაჭის სავარძელი. ადრე აღმასკომის თავმჯდომარე გახლდათ და ერთ-ერთ ურთულეს დროს მოუხდა ლანჩხუთის გაძღოლა, როცა რაიონი შუქის, პურის, ტრანსპორტის და სხვა მრავალი ყოფითი პრობლემით ცხოვრობდა.
მალე შევარდნაძე ლანჩხუთში კარლო გუჯაბიძეს უშვებს, თბილისის ერთ-ერთი რაიონის რაიკომის ყოფილ მდივანს. ის იხსენებდა, რომ პირველ დღეს საღამომდე მიიღო ხალხი და როცა დაბნელდა, ასანთის დახმარებით დატოვა შენობა. „არც სახლი იყო, არც მანქანა ჰყავდა გამგეობას და მატარებლით თბილისში უნდა გავბრუნებულიყავი, როცა ახლობელმა თავისთან წამიყვანა“ _ ისხენებდა გუჯაბიძე.
რამდენიმე წლის შემდეგ, გუჯაბიძე გურიის გუბერნატორად გადაიყვანეს და ლანჩხუთის პირველ პირად მისი მოადგილე მიხეილ გვარჯალაძე დაინიშნა. იგი ლანჩხუთის ერთადერთი გამგებელია, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვალა, რამაც ლანჩხუთელებს ძალიან დაწყვიტა გული.
ამჟამად ასევე გარდაცვლები არიან: მერაბ გოგუაძე, დავით წულაძე, ანზორ კილაძე, ბიძინა გუჯაბიძე, თემურ გუგუნავა და კარლო გუჯაბიძე.
მორიგი გამგებელი თენგიზ ქერქაძე გახლდათ, ქალქის ექს-მერი. მას „ვარდების რევოლუციამ“ მოუსწრო. სხვათა შორის, იმ დროს საკრებულოს დავით წულაძე თავკაცობდა და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ლანჩხუთის პირველი პირები ქვისლები იყვნენ…
პოსტ(ვარდების)რევოლუციურ ლანჩხუთში პირველი პირი მასწავლებელი ალეკო სტურუა გახდა, რომელმაც რამდენიემ თვე იმუშავა გამგებლის პოსტზე და მალე სუფსის საჯარო სკოლის დირექტორი გახდა.
მისი ადგილი პირველმა მოადგილე რევაზ ჩიტიძემ დაიკავა, ვისაც მხარს გურიის იმჟამინდელი გუბერნატორი ჟანი კალანდაძე უჭერდა. 2005 წელს, ეს უკანასკნელი ავტოავარიაში დაიღუპა, რის შემდეგაც რეგიონის პირველკაცად ალეკო ცინცაძე დაინიშნა, რომელსაც რამდენიმე თვეში „ნაბეღლავის“ მეპატრონე, სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრი მიხო სვიმოშვილი შეცვლის. ჩიტიძე ახალ საკრებულოს გამგებლად უნდა აერჩია, როცა სვიმონიშვილმა კონკურსის ჩაშლა მოახერხა. მოგვიანებით, ჩიტიძეს აღარ შეაქვს განაცხადი და გამგებელი წარმატებული პედაგოგი ლევან გიორგაძე ხდება. დღეს იგი ლანჩხუთის მართლმადიდებლურ სკოლას ხელმძღვანელობს.

ფოტოკოლაჟი | მარცხნიდან პირველი ორი (მერაბ გოგუაძე, თემურ გუგუნავა) რამდენიმე თვით გახლდათ პირველი პირი, ანზორ კილაძე პარლამენტარი იყო, გამგებელი რომ გახდა, ხოლო მიხეილ გვარჯალაძე ერთადერთია, რომელიც პოსტზე გარდაიცვალა
მიხო სვიმონიშვილის წასვლას გუბერნატორად რამაზ ნიკოლაიშვილის და მალე გამგებლად გია გოგუაძის მოსვლა მოჰყვა. ეს ერთადერთი შემთხვევევაა, როცა ზედიზედ ორი გამგებელი ერთ ქუჩის მაცხოვრებელი გახლდათ.
ცნობილი ფაქტია, 2002 წელს გოგუაძეს „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებდნენ, როცა მიხეილ სააკაშვილის გუნდი ლანჩხუთში დაარბიეს. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს „საკითხი მაღალ დონეზე მოგვარდა“.
ოთხწლიანი გამგებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამ შეაჩერა, თუმცა გოგუაძე მანამდე გადადგა და საპარლამენტო არჩევნებში იყარა კენჭი. დაახლოებით, ნახევარი წელი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა კახა ასკურავა _ იგი ერთადერთია, ვინც ამდენი ხნით იყო მოვალეობის შემსრულებელი და თავისი ინიციატივით დათმო თანამდებობა, რითაც ახალ ხელისუფლებას სრული თავისუფლება მისცა.
ბოლოწინა და „ოცნების“ პირველი გამგებელი ზაზა ურუშაძე საკრებულომ „სხვადასხვაში“ აირჩია. მის წინააღმდეგ `„ოცნების“ რამდენიმე ფრთა ილაშქრებდა, ამიტომაც მისი არჩევა ისე მოხდა, საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არც იყო. „ფაქტის წინაშე“ დაყენებულმა საკრებულომ კი ხმა მისცა. არსებული ინფორმაციით, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და ამ საქმეში ადგილობრივი „ნაციონალების“ ხელიც ერია…
სხვათა შორის, ზაზა ურუშაძე, წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე დიდხანს მართავდა რაიონს _ 4 წელი და 8 თვე! თუმც ბოლო არჩევნები იოლად არ მოუგია _ ბარნაბ ჭყონიას მხოლოდ მეორე ტურში აჯობა. მისი ოპონენტების თქმით, მან აკრძალური ხერხებიც გამოიყენა, მისი მომხრეები კი ამბობენ, რომ ურუშაძეს მხარს გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე არ უჭერდა და მეორე ტურიც ამან გამოიწვიაო. ზოგადად, მისი დასახელებაც სათუო იყო _ „ოცნების“ ნაწილი მხარს ჭყონიას უჭერდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, მისი მხარდამჭერი მთავარი სიტყვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კალაძემ თქვა.
ერთი საინტერესო დეტალიც _ ურუშაძის ბიძა გახლდათ ანზორ კილაძე და ესაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მართვა ბიძა-დისშვილს მოუწიათ.
ერთი „სამეზობლოდან“ კი, სხავდასხვა დროს, 4 ადამიანი მართავდა ლანჩხუთს _ დავით წულაძე „შაბათ-კვირის გამგებლობის“ გარდა ძალიან დიდხანს ლანჩხუთის საკრებულოს თავკაცობდა, ლაშისღელეში მეზობლად ცხოვრობს სამი ექს-გამგებელი: მისი ქვისლი თენგიზ ქერქაძე, გია გოთუა და რევაზ ჩიტიძე, რომელიც ასევე ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეც გახლდათ და ერთადერთია, ვისაც მუნიციპალიტეტის ორივე მთავარ თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი.

ფოტოკოლაჟი | მარცხნიდან: კახა ასკურავა და ბიძინა გუჯაბიძე _ ერთი ყველაზე დიდხანს, ხოლო მეორე მხოლოდ რამდენიმე დღით იყო მოვალეობის შესმრულებელი, ხოლო ალექსანდრე სტურუა და ლევან გიორგაძე _ გამგეობაში სკოლიდან მივიდნენ და უკან ხელმძღვანელ პირებად დაბრუნდნენ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, თითქმის ერთმანეთის მოპირდაპირედ ცხოვრობენ ასევე ექს-გამგებლები: ლევან გიორგაძე და გია გოგუაძე.
ლანჩხუთის პირველი პირებიდან მოგვარეები იყვნენ _ მერაბ და გია გოგუაძეები, ბიძინა და კარლო გუჯაბიძეები.
ზემონახსენები 15 პრეფექტი/გამგებელი/მერიდან (პლუს მოქმედი ალექსანდრე სარიშვილი) 7 ქალაქ ლანჩხუთიდან გახლდათ (წულაძე, გოთუა, გვარჯალაძე, ქერქაძე, ჩიტიძე, გიორგაძე, გია გოგუაძე), თბილისელი კარლო გუჯაბიძე აქაური ფესვებით, თუმცა ერთადერთი არალანჩხუთელი იყო. მამათიდან გვყავდა ორი „პირველი“ _ ზემონახსენები ბიძა-დისშვილი: ანზორ კილაძე და ზაზა ურუშაძე, თითო გვყავდა გრიგოლეთიდან (მერაბ გოგუაძე. თუმცა ურუშაძეც შეგვიძლია ამ სოფლიდან მივიჩნიოთ, რადგაც ბოლო წლებია, იქ ცხოვრობს), გვიმბალაურიდან (გუგუნავა), ჯურუყვეთიდან (ბიძინა გუჯაბიძე), სუფსიდან (სტურუა), ქვიანიდან (ასკურავა). დღევანდელი მერი სოფელ კოკათიდანაა.
თუ წულაძის „ორდღიან გამგებლობას“, გუჯაბიძის რამდენიმედღიან პრეფექტობას და ასკურავას მიერ მოვალეობის შესრულებას არ ჩავთვლით, ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთის რიგით მე-13 „ნამდვილი“ პირველი პირია მას შემდეგ, რაც 1990 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა _ ამ დროიდან 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ლანჩხუთს მთავარ ფოტოზე გამოსახული 4 გამგებელი/მერი – კარლო გუჯაბიძე, გია გოგუაძე, ურუშაძე და სარიშვილი მართავდა.
ამ უკანასკნელმა წინა ორი არჩევნები კონკურენტებს დიდი უპირატესობით მოუგო. სარიშვილი 8 წელია, რაც გამგებელია და 4 ოქტომბერსაც თუ მოიგებს, 12 წელი მოუწევს ლანჩხუთის გაძღოლა…
P.S. სტატიაში გამოყენებული ფოტოების აბსოლუტური უმეტესობა მათი ლანჩხუთის პირველ პირად მუშაობის პერიოდიდანაა შერჩეული.


