„თუ სტენლი მეტიუზს ინგლისის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა, ქართველებმა მერაბ მეგრელაძე ლორდად უნდა მოვიხსენიოთ“ _ მოსწრებულად თქვა ცნობილმა კომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა და როგორც ყოველთვის, „ათიანში“ მოარტყა.
ლანჩხუთელი მეგობრები კეთილშობილ, უმაგრეს თავდამსხმელს მერაბ მეგრელაძეს გაიხსენებენ და ამისთვის „ლანჩხუთი პლუსის“ მდიდარ არქივს გამოვიყენებთ.
ჯემსუატ ურუშაძე, „გურიას“ ყოფილი მეკარე, კლუბის მეისტორიე:
,,1977 წელს ,,გურიაში’’ მოვიდა აგრესიული, შემტევი, სწრაფი თავდამსხმელი მერაბ მეგრელაძე, რომელიც ვასილ ტროიანთან ერთად ჰქმნიდა თავდასხმის ძლიერ, შემტევ დუეტს. ძალიან იშვიათად, რომ მოწინააღმდეგის დაცვას ეს დუეტი შეეჩერებინა. ლანჩხუთში ჩამოსვლამდე თამაშობდა ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდში. როცა გუნდში ადმინისტრატორად ვმუშაობდი, ცოტა შელაპარაკება მომიწია, რა თქმა უნდა, ისევ მის სასარგებლოდ. ვეუბნებოდი, მერაბ, მეტი ივარჯიშე, შენ დიდი მომავალ გაქვს და ნუ გაანიავებ ამ ნიჭს-მეთქი. სერგეევიჩ, იცი რას გეტყვი, ჩემი თამაში თუ არ მოგწონთ, წავალო. მე რაც არ უნდა ვივარჯიშო, შენგელიას და გუცაევის ადგილს ვერ მოვიპოვებო. ამ საუბრიდან არ გასული დიდი ხანი და მეგრელაძე გამოიძახეს ქუთაისის ,,ტორპედოში’’ და იქ საოცარი თამაშები ჩაატარა. შემდეგ ხშირად ვხდებოდით და ვერაფრით ვერ ვაჯერებდი, რომ მე მისი ქუთაისში წაყვანა წინასწარ არ ვიცოდი. დიდებული ადამიანი იყო. ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა: რა ჰქვია იმ გრძნობას, როდესაც მეტოქეს გოლს უტანთო, მერაბმა უპასუხა: უდიდესი სიხარულიო’’.
გია იმნაძე, „გურიას“ ყოფილი მეკარე და მწვრთნელი:
,,მერაბი ჩვენი სამეგობრო წრის დიდი გულისტკივილია. როგორ მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან. თავის სითბოს, სიყვარულს უნაწილებდა ირგვლივ მყოფ ახლობელ ადამიანებს.
როცა მერაბზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მინდა ავღვნიშნო მისი ოჯახური გარემოება. მისაბაძი მეუღლე გახლდათ. საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ დგამდნენ. სულ ერთად უნდოდათ ყოფნა. ხშირად დაჰყავდა ,,პაეზდკებში’’, აბა ლანჩხუთის სტადიონზე ხომ ერთ თამაშს არ გააცდენდა ადა. სხვათა შორის, ბევრ საჭირო ოჯახურ მაგალითს ისწავლიდი ამ გასაოცარი წყვილისგან.

1979 წელს „გურიამ“ სსრკ-ის პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ზედა რიგში მარცხნიდან მეოთხე მერაბ მეგრელაძეა
როგორც ფეხბურთელი? რამდენი სეზონი ითამაშა ჩვენთან მაღალ დონეზე?! უამრავი გამარჯვება ვიზეიმეთ ერთად, უამრავი სიხარული. იყო წაგებაც, მაგრამ ჩვენ ისეთი გუნდი ვიყავით, ძალიან ცოტას ვაგებდით. ჩვენი მეკარე ლევან მაყაშვილი თავის ფორმის გამო ,,ხახვას’’ ეძახდა. ჯოკერის თამაში გვიყვარდა. ბოლო ორი, რა თქმა უნდა, ნიძლავს იხდიდა და ,,ჩავურტყამდით’’ ხოლმე. თვითნებურად ვარჯიშს არ გააცდენდა, თუ გააცდენდა, მწვრთნელი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდოდა.
შეეძლო 100%-ანი მომენტის გაფუჭება, რომ გეგონებოდათ მისი დარტყმული ბურთი კარშია… იყო შემთხვევა კარის ხაზიდან გადაუცილებია, მაგრამ მეორე თვისება: რაღაც სასწაულიდან შეეძლო ისეთი ბურთის შეგდება, რომ ვერ წარმოიდგენდა ვერავინ…“
ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი იყო საქართველოში. იშვიათია, რომ მამა-შვილს ერთად ეთამაშოს, ეს ფაქტი კი დარჩა მერაბის საფეხბურთო ისტორიაში. რუსეთი ჩემპიონატში დაასრულა საფეხბურთო კარიერა, 44 წლის ასაკში ნოვოსიბირსკის „ჩლაკოვეცში“. მთელი საქართველო პატივს სცემდა, მთელი ქუთაისი და ეს ყველაფერი ჩვენგან, ლანჩხუთის ,,გურიასგან’’ დაიწყო.
ბეგი სიხარულიძე, „გურიას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი:
,,როგორ დიდი სიყვარულით და როგორ უდიდესი ტკივილით მახსენდება მერაბ მეგრელაძე, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერობა მქონდა. ჩვენ ნათელ-მირონობა გვაკავშირებს. მისი შვილი _ გია, მე მოვნათლე. როგორც ადამიანი _ ბრწყინვალე, ფეხბურთელი _ უმაგრესი, მეგობარი _ საოცარი… ცალკე თემაა მისი ოჯახი. საოცრად შეყვარებული ცოლ-შვილზე… დასანანია მისი ასე ადრე წასვლა ამ ქვეყნიდან’’.
თემურ ჩხაიძე, „გურიას“ საუკუნის ფეხბურთელი, ლეგენდარული კაპიტანი.
,,მერაბი განსაკუთრებული ბუნების ადამიანი იყო. კეთილშობილი, ოჯახის მოყვარული. ძალიან ადრე წავიდა. ვერ იფიქრებდი, რამე დარდი ჰქონდა, ისე გაჩვენებდა თავს, თურმე როგორი დარდი ჰქონია. იგი ჩვენი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი იყო. ჩემი აზრით, იმ პერიოდის ვარსკვლავებით გაჭედილ თბილისის ,,დინამოში’’ მისი ადგილი მოიძებნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გუნდში თამაშობდნენ შენგელია, ჩელებაძე, გუცაევი, ყიფიანი… მაგრამ ამას სისწრაფე ჰქონდა იმნაირი, რომ შეიძლებოდა გამოყენება, ყოველ შემთხვევაში, კონკურენცია იქნებოდა ძლიერი. ფიზკულტურის გუნდში თამაშობდა, მათი თავდამსხმელი დაიმტვრა და მის ნაცვლად მერაბი წაუყვანიათ. დაიწყო და დაიწყო… ყოველდღე უმატებდა და შესანიშნავი ფეხბურთელი დადგა. საოცარი სისწრაფის გარემარბი იყო, გოლის სასწაული ალღო ჰქონდა, თუმცა შეეძლო ისეთი ბურთი გაეფუჭებინა, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და რა თქმა უნდა, იყო პირიქითაც… ერთი თამაში გამახსენდა:
აუცილებლად მოგება გვჭირდებოდა, ზედ კარის ხაზთან დააცილა, თუმცა მისივე წყალობით მოვიგეთ. იყო თამაშები ისეთი, რომ მის გოლს მატჩის ბედი გადაუწყვეტია. როცა ,,გურიადან’’ წავიდა, მაშინ ქუთაისის ,,ტორპედო’’ უმაღლეს ლიგაში გადავიდა, წონის პრობლემა ჰქონდა, დაიკლო და იმავე წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პენალტების გარეშე 18 ბურთი გაიტანა’’.
მერაბ მეგრელაძის ანეკდოტი საკუთარ თავზე
ენამოსწრებული გურული იყო, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ მასზე მოგონილ ანეკდოტებს სიამოვნებით იხსენებდა:
_ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროინდელი ამბავია. ერთი ხანობა, მეც და “ტორპედოსაც~ ჩავარდნა გვქონდა. ისეთი გოლები ვერ გამქონდა, მანამდე იოლად რომ ვადგებდი. ასე იყო მთელი გუნდი და ქუთაისელი გულშემატკივარიც არ გვწყალობდა. სწორედ ამ პერიოდში მანქანით გზაზე მივდიოდი, როდესაც გულდამძიმებულმა პატარა ორმო ვერ შევნიშნე და ბორბლის დისკი გავღუნე. შუა გზაზე გავჩერდი და დასახმარებლად გზაზე მომავალი მანქანა გავაჩერე.
მძღოლმა მიცნო, მაგრამ დაბღვერილი გადმოვიდა:
_ მეგრელაძე არ ხარ?
_ დიახ, მეგრელაძე ვარ.
_ მერაბია, შვიდმეტრიან კარს ერთი ბეწო ბურთს აცილებ და ამ პატარა ორმოს ამხელა მანქანა ვერ ააცილეო?
თუმცა მერე გადამეხვია და მითხრა, შენი იმედი რომ მაქვს, ამიტომ გაგიბრაზდი, ბიძიკოო.
1995 წელს, ქუთაისში ისტორიული შეხვედრა გაიმართა _ ადგილობრივი „ტორპედოს“ შემადგენლობაში მერაბ მეგრელაძემ შვილთან, გიასთან ერთად ითამაშა. ქუთათურთა მეტოქე კი ლანჩხუთის „გურია“ გახლდათ, რომლის ღირსებასაც მერაბის ყოფილი თანაგუნდელი ოთარ კორღალიძე შვილთან _ ლევანთან ერთად იცავდა. ის შეხვედრა გია მეგრელაძის ფრაზითაც არის დასამახსოვრებელი _ მამა, პასი!
მომავალ წელს „გურიას“ გამორჩეულ თავდამსხმელს 70 წელი შეუსრულდებოდა. მერაბ მეგრელაძე 13 წლის წინ, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.