ეს 14 წლის თაზო თუთაშვილია _ კეთილი და ღიმილიანი ბიჭი, რომელიც თავისმა გატაცებამ _ ფოტოების გადაღებამ ზეცაში ნაადრევად წაიყვანა…
იჩქარა, როგორც ჩქარობდა სიკეთეების კეთებას და ადამიანების გულების მოგებას.
მეგობრებს მისთვის ფოტო რომ გადაეღოთ, მატარებლის ვაგონის სახურავზე ავიდა… იქ ხელი აწია და მაღალმა ძაბვამ იმსხვერპლა…
მთელი სოფელი გლოვობს და დასტირის ამ ანგელოზ ბიჭს, რომელიც 15 წლის ამ თვის ბოლოს უნდა გამხდარიყო…
მისი პროფილის ფოტოზეც ლიანდაგზე მიდის…
მატარებელი იქცა მის ბედისწერად…
წავიდა, გაფრინდა ზეციურ საქართველოში…
სამარადისო ხსოვნა იყოს თაზოსი, რომელიც მთელი საქართველოს ტკივილია.

თაზოს პროფილის ფოტო ფეისბუქზე
“ჩემი სოფლიდან ანგელოზი წავიდა…
ვერ ვწერ, თაზო, ვერ გახასიათებ, ვერაფერით მეყო სიტყვები, რომ აგღწერო… 14 წლისამ ასე როგორ იცხოვრე, ასეთი სახელი რომ დატოვე, როგორ შეძელი?
ამ პოსტს ვდებ იმისთვის, რომ გთხოვოთ, მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული თაზო – ბიჭი ანგელოზი, ბიჭი სიყვარული. გისამძიმრებ გურია, გისამძიმრებ საქართველო” – წერს ცნობილი ფეისბუქ-გვერდი “ციცქნა გურია სიყვარულია”.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, თაზო წყალწმინდელია და მატარებლის ვაგონზე ავიდა ფოტოს გადასაღებად, ხელი აწია და დენმა დაარტყა.
“გურია თუდეი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.