„მაშინ 15 წლის ვიყავი, ჩვენი სამჭედლო პირველი იყო ლანჩხუთის ცენტრში“ _ შუხუთელი, რომელიც 80  წლის მანძილზე რკინას „ათვინიერებდა“

|

Loading

დურსუნ აფხაძე თავის სამჭედლოში

ლანჩხუთის კოლორიტი დურსუნ აფხაძე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მეზობლებს, სოფელ შუხუთის მოსახლეობას, ლანჩხუთელებს, ვისთვისაც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა ჯერ როგორც ლელობურთელი, შემდეგ კი _ სამჭედლოში რკინის „მოთვინიერების“ ოსტატი.

გურული მწერალი გიორგი კეკელიძე ორიოდ წლის წინ მასზე წერდა:

„ას წელს გამოვჭედავ მალე. სულ აქ ვდგავარ, ომი რომ გამოცხადდა, იგი – დიდი და სამამულო – იმგენმა სროლა დეიწყეს და მე ჭედვა. პაწა ვიყავი. ძაან პაწა. ახლა, ხომ გითხარი – საუკუნეს მოვკუჭავ ხელში.

მე მგონია, რომ სოფელი და სამჭედლო – ერთი და იგივეა. ახალი დროი ამას ვერ შეცვლის. თოხი სულ ენდომება მიწის კაცს და ბარი.  სოფელს რომ გუუძლო, რომ მეიშინაურო და შენი გახადო, საცხა თოხი უნდა გეგულებოდეს და ფოცხი. მთლა ასე ფიქრით და კოტრიალით ვერ შეძლებ მაგას, შემოგიღრენს სოფელი, შეშინდები და გამეიქცევი. ცოტაა გაქცეული აქიდან?

საბერველი რომ ქშენას იწყებს, მთლად რომ წუნკალ ხასიათზე ვიყო, ძალა მომეცემა და ჯარში რომ მუსიკას ფეხს უწყობენ, მასე ვუწყობ ხელს. ვღიღნებ და ვურახუნებ ასთე.

რკინას რომ ხელი გადუუწიო, თვითონ რკინა უნდა იყო. კაცი კიდომ, რკინა ვერ იქნება. ამას საიდუმლოს ცოდნა ჭირდება. ახლა ასე ღიად და სახალხოდ ვერ გეტყვით ამ საიდუმლოს და თუ ვინმე მოხვალთ და შეგირდად მომებარებით – აქანე ვარ და არ დაგზარდებით“.

გთავაზობთ ჟურნალისტ ნინო ჩხაიძის სტატიას ლეგენდარულ მჭედელზე _ „როცა გრდემლის ხმა ისევ ისმის…“, რომელიც  გაზეთ „ლანჩხუთი პლუსში“ 2018 წელს გამოქვეყნდა:

რომ იტყვიან, სულზე მოვუსწარი, უკვე მერამდენედ ვცდილობ მის ნახვას, ვერა და ვერ დავჩიხე სახლში. ვიფიქრე ერთხელაც ვცდი და მერე სამჭედლოში ვესტუმრები მეთქი, მაგრამ ამჯერად დამხვდა ახალგაზრდული შემართებით, სუფთად და ლამაზად გამოწყობილი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

— ნახევარი საათი გვაქვს დრო, შვილიშვილებთან მივდივარ თბილისში, შუადღის მატარებელს უნდა გავყვე — მითხრა საოცრად თბილი ღიმილით, მოვკალათდით იქვე მდივანზე და გავაბით საუბარი.

მე დღეს მკითხველს მინდა გავაცნო შუხუთში, აფხაძეების უბანში მცხოვრები 92 წლის დურსუნ აფხაძე. არა მარტო მე, ბევრს აინტერესებს ამ კაცის ასეთი შემართება და თავისი საქმის დიდი სიყვარული, ვეცდები ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან მოკლედ გიამბოთ ამ ხელოსნისა და პიროვნების შესახებ.

მე მქონდა ბედნიერება ბავშვობიდან დავკვირვებოდი ამ ხელობას. ქართლში, ქარელის რაიონში (დედა იქაური მყავს) პაპაჩემი და მისი ძმა, მიხეილ და შალვა საზანდარიშვილები მჭედლები იყვნენ. მიყვარდა გაღვივებული ნახშირისა და ქურის სუნი. დილა ასე იწყებოდა, გამუდმებულ კაკუნში. ვაკვირდებოდი შემკვეთებს, სოფლიდან ჩამოსულებს, რომლებიც რამდენიმე ნალსა და ლურსმანს ერთად შეუკვეთავდნენ, არასოდეს არ ეძვირებოდათ ხელობა, პირიქით კმაყოფილები მიდიოდნენ და საფასურთან ერთად, სოფლის ნობათით ხელდამშვენებულები შემოდიოდნენ ეზოში. იყო საინტერესო საუბარი, მე იქვე დამჯდარი ყურადღებით ვუსმენდი ხოლმე, ვაკვირდებოდი ამ გაჭაღარავებულ ხალხს, ვუყურებდი მათ დაკოჟრილ ხელებს და მიყვარდა თითოეული მათგანი, სურვილი მქონდა მთელ დღეს მსხდარიყვნენ და ესაუბრათ.

სამწუხაროდ, პაპაჩემის და მისი ძმის ხელობა არავინ აირჩია შვილიშვილებში და მათ შვილებში. გარდაიცვალნენ ისინი და ჩაკვდა იმ ეზოში ეს ხელობაც. რამდენი ხანია ქარელში არ ვყოფილვარ, ვინ იცის, იმ სამჭედლო იარაღებს რა ბედი ეწიათ ან მერამდენე თაროზე არიან შემოწყობილნი.

მჭედლის სამუშაოს მთელი ციკლი მოიცავს რამდენიმე საფეხურს და ცალკეულ პროცესს. მჭედელი (იმერეთში), რკინაში ჭკადუ (სამეგრელოში), ბერეჯმშვიდი (სვანეთში), დემერჩი (ახალციხეში). მჭედელს, როგორც მაგიური ძალის მქონე რკინის დამმორჩილებლებს, ხალხი პატივს მიაგებდა. თვით მჭედლები წმინდად იცავდნენ სამჭედლოსთან დაკავშირებულ რიტუალებს, შაბათ დღეს სამუშაოს ადრე ამთავრებდნენ, გრდემლზე სანთელს დაანთებდნენ და კვირის ლოცვებს ასრულებდნენ, სამჭედლოში გრდემლი წმინდა ადგილად ითვლებოდა. მე მგონი გამიგრძელდა სასაუბრო, მიუხედავად ამისა, მაინც ჩავთვალე საჭიროდ რაღაც ნაწილი ისტორიიდან ამ დარგის შესახებ შემეხსენებინა.

ახლა კი დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ, ვესტუმრე ბატონ დურსუნს, მოვკალათდით იქვე დივანზე და გულისყურით დავიწყე მოსმენა:

— მამაჩემი და ბიძაჩემი ლევანტი და ალექსანდრე აფხაძეები იყვნენ მჭედლები, ერთად მუშაობდნენ, ყველას ეხარბებოდა მათი ძმობა და შეხმატკბილებული მუშაობა. მამაჩემი რომ წავიდა ომში, ბიძაჩემმა მითხრა, მომეხმარე ქურის გახურებაშიო. მაშინ 15 წლის ვიყავი. ჩვენი სამჭედლო პირველი იყო ლანჩხუთის ცენტრში, მუნიციპალიტეტის შენობასთან. მას მერე ამ საქმით ვარ დაკავებული.

მამა ფრონტიდან დაბრუნდა და ერთმანეთს ვედექით მხარში. გული მტკივა, რომ დღეს აღარავის არ აინტერესებს ეს ხელობა. ხშირად მეკითხებიან, აქ თუ მყავს შეგირდები და თუ ვტოვებ ვინმეს ჩემს შემდეგ. არა, ნამდვილად არა. არავის გამოუთქვამს ჯერ-ჯერობით სურვილი, თუმცა ისე ჩემი შვილიშვილები, ძმები — ირაკლი და ზურიკო აფხაძეები ჩემი ხელობით მუშაობენ თბილისში. ბავშვობიდან აინტერესებდათ და კარგადაც შეისწავლეს ეს საქმე, იქ ამ ხელობით თავს ირჩენენ და ოჯახებსაც არჩენენ. ორივე დაქორწინებულია და ჰყავთ შვილები, ასე რომ ოჯახური ტრადიცია გრძელდება.

მამაჩემი და ბიძაჩემი იყვნენ ერთად მუშაობდნენ, ახლა ჩემი შვილიშვილებიც ერთად მუშაობენ. მე პირადად სახელოსნო შუხუთში მაქვს, იარაღებს ჩემით ვაახლებ, თავად ვჭედავ. ადრე რომ მყავდა შემკვეთი, იმ რაოდენობის დღეს არ მყავს, მაგრამ ვინც მოდის, მაინც მიხარია. ისევ სჭირდება ვიღაცას ეს ხელობა.

ჩემი პიროვნებით ძალიან ბევრია დაინტერესებული, უკვირთ, რომ ამ ასაკში მაინც შემართებით ვმუშაობ, მაგრამ არავინ არ დაინტერესებულა ჩემი სახელოსნოთი, რომელიც ძალიან ძველია და შეკეთებას მოითხოვს, კარგი იქნებოდა ვინმეს რაიმე შეღავათი მოეცა ჩემთვის და სახურავი მიანც შეეკეთებინა. ჯერ კიდევ შემიძლია მუშაობა და მეშინია თავზე არ ჩამომენგრეს.

78 წელია ამ ხელობაზე ვმუშაობ, ამით ვსულდგმულობ, მიყვარს ჩემი საქმე, ბედნიერი ვარ, რომ ვტოვებ შვილიშვილებს, რომელთაც ეს საქმე უყვართ, მინდა და ნატვრად მაქვს, რომ კიდევ ვინმემ ისწავლოს, ბევრი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული მჭედლობით.

არ არის აუცილებელი ყველამ შეაღოს უმაღლესი სასწავლებლის კარი, კარგი ხელოსანი ბევრ ნასწავლ კაცს სჯობია, აქედანვე უნდა ეცადონ მშობლებმა, რომ თუ სწავლით არ სწავლობს მათი შვილი, ხელობა შეაყვაროს: მჭედლობა, დურგლობა და რა ვიცი, დღეს კიდევ ცივილიზაციას მოჰყვა სხვა ახალ-ახალი ხელობა და შესაბამისად ყველა საჭიროა. ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, სიგარეტი არასდროს მომიწევია, არც სხვა მავნე რაღაცეები გამისინჯავს, დალევა და ჭამა-სმა კი ძალიან მიყვარს. ასევე სისუფთავე, კვირაში ორ-სამჯერ რომ არ დავიბანო, არ ეწყობა და რაც მთავარია, ფეხით ძალიან ბევრს ვმოძრაობ. ახლა კი ჩემო ბატონო, როგორც მხედავ, გამზადებული ვარ წასასვლელად, ბარგიც მზად მაქვს სოფლის ნობათით, თბილისში მივდივარ შვილიშვილებთან, მარტო. ათი დღე უნდა მოვიცადო და გავძღე მათი ყურებით, თან შევათვალიერებ იმათ სახელოსნოს, როგორ მუშაობენ, მერე რომ ჩამოვლენ, შეგიძლია მესტუმრო სამჭედლოში და იარაღებსაც დაგათვალიერებინებ…

რას ჩივი?