მას გურიის გრიგოლ ხანძთელი შეარქვეს… გავერანების პირას მდგარი კომპლექსი წალკოტად აქცია, მისი დამსახურებაა ჯუმათისა და უდაბნოს მონასტრების აღდგენაც!

|

Loading

ლანჩხუთელი არქიმანდრიტს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ანდრია კბილაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე უდიდესი დამსახურების მქონე მაღალი იერარქიის მღვდელს 73 წელი შეუსრულდა. თავისი ცხოვრების ზუსტად ნახევარი მან გურიაში და გურულების გულებში სულიერი სავანის მშენებლობას  მიუძღვნა…

„გურია თუდეი“, მკითხველის სახელით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს ღვაწლმოსილ სასულიერო პირს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას უსურვებს მას.

გთავაზობთ 15 წლის წინ, ჟურნალ „კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ისტორიკოს ცაცა ჩხარტიშვილთან, რომელიც წლების მანძილზე სწავლობდა ჯიხეთის მონასტრის ისტორიას და რა თქმა უნდა, საუბრობს ღვაწლმოსილ არქიმანდრიტზეც.

_  ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი მონუმენტურობა, სილამაზე და გარემომცველ ბუნებასთან ერთიანობა ძველ ხუროთმოძღვრების ძეგლებს უნიკალურობას ანიჭებს და ქართულ ხასიათს კარგად გადმოსცემს. ამის ნათელი დადასტურებაა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი…

– ჯიხეთის ეკლესია ქვით არის ნაგები. მის სამრევლოში შედიოდა 58 კომლი. ჯიხეთის ანუ ჯიხათის მთაზე, როგორც ჩანს, ერთ დროს ციხე იყო აღმართული. ამას თვით მთის სახელწოდება ჯიხათი გვაფიქრებინებს. „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზანური სუფიქსი „-ათ“ შეესატყვისება გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელ ქართულ „-ეთ“-ს. ზეპირ გადმოცემათა თანახმად, ჯიხეთის ეკლესია თამარის მეფობაში აუგიათ, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს აქ უკვე მისი ნაშთები მდგარა. გაუკაცრიელებულ და მიტოვებულ ჯიხეთში 1886 წელს ბინა დაიდო მონაზონმა ელენე მგალობლიშვილმა, რამდენიმე მონაზონთან ერთად. შემდეგ ეს ადგილები სთხოვეს მაჭუტაძეებს და მათაც ჯიხეთის მონასტერს შესწირეს. მოსაყდრეთა რიცხვის ზრდის გამო მათ ახალი ეკლესიის აშენება განიზრახეს. 1893 წელს წმინდა სინოდმა დედათა სავანის აგების ნება დართო. 1896 წელს ნაეკლესიარის გორის აღმოსავლეთით ააგეს კიდეც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდი ეკლესია.

ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები და ყველა სიწმინდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დასდგომიათ. შემდგარა პირველი წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგაზრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია. მონასტრის ახალი ადგილი უკურთხებია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს გრიგოლ დადიანს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ახალი ტაძარი აშენდა ხუროთმოძღვარ ილარიონ მენაბდის ხელმძღვანელობით. ტაძრის მშენებლობა 14 წელი გაგრძელებულა, 1896 წელს დასრულებულა. ტაძარი 1904 წელს აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ. მონასტრის განახლებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მონაზონ ელენე მგალობლიშვილს. სხვადასხვა დროს მონასტერს წინამძღვრობდნენ დედები: იღუმენია ანასტასია ლორთქიფანიძე, მარინე გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემმონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეოდორა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვა.

ჯიხეთის დედათა მონასტრის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი ქართული პრესა. აი, რას წერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ დედათა სავანის შესახებ: „ჯიხეთის დედათა მონასტერი განაახლა მონაზონმა ელენემ 8-ოდე წლის წინ. იგი დღეს განაგებს დედათა სავანეს. მისი წყალობით დღეს ამ ადგილიდან ღვთის სადიდებელი ქება-დიდება გაისმის. გურიის სხვადასხვა კუთხეებიდან აქ თავი შეაფარა 30-მდე დამ. ერთი სვანი თავადის ასული აქ რამდენიმე წლის წინ მოვიდა და შემდეგ მონაზვნად შედგა. იგი ცნობილი ლოტბარის, დათა გუგუნავას მეუღლე ესმა აფაქიძის ასული გახლდათ. ამ დღეებში მომხდარა ჯიხეთის დედათა სავანის დათვალიერება და სწორედ სასიამოვნო გავლენა იქონია ჩემზე, – წერს ავტორი, – ჯერ ავედი ძველი სავანის ადგილზედ. აქ ნაძვსა და ურთხელებში კოპწიად სდგას ძველი ქვიტკირის ეკლესია, მის გარშემო პატარ-პატარა ქოხები დებისათვის, აქვე სწავლობენ პატარა ქალები. მათი რიცხვი 30-მდე ადის. ორი წელიწადია, რაც ეს სკოლა დაუარსებიათ“.

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი

გაზეთი „ცნობის ფურცელი“ გვაუწყებს ზემოთ ხსენებული სკოლის შესახებ შემდეგს: „1895 წელს აკურთხეს მთავარდიაკვნად ჯიხეთის მონასტერში სიმონ ჩიჩუა, რომელმაც პირველი ყურადღება მიიქცია აქ. უფასო სკოლის დაარსებას და დიდის ხანგრძლივი მეცადინეობის შემდეგ მოგვცეს ნება ერთკლასიანი საქალებო უფასო სკოლის დაარსებაზე და გაიხსნა კიდეც 1 იანვარს 1896 წელს. წელიწადნახევარი სიმონ ჩიჩუამ საზოგადოების დახმარებით შეინახა ეს სკოლა და ეხლა კი იმდენს ეცადა, რომ ყოველ წლიურად სკოლას დაენიშნა 300 მანეთი და 600 მანეთი შენობის ფული მოგვცეს. მადლი ამ სასარგებლო საქმის თაობისა სიმონ ჩიჩუას ერგება, მაგრამ ჩვენი უბედურება, ძმაო, ის არის, რომ სხვის ნამოქმედარზე დიდი გული გვაქვს. მაგრამ მას ეს დამსახურება არ დაუფასეს და როცა გამოიკითხეს, სკოლა ვინ ააგოო, ჩიჩუა არც გახსენებიათ“.

მაგრამ არაერთი საქებარი სიტყვა იბეჭდებოდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სიმონ ჩიჩუას შესახებ. აქვეა ინფორმაცია პედაგოგი ქალის შესახებ: „ბატონმა სიმონ ჩიჩუამ მშვენივრად გაართვა თავი ერთკლასიან საქალებო სასწავლებელს, რომელიც 3 წლის წინ დაარსდა. მასწავლებლად დანიშნეს ქალი მარიამ სურგულაძე, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი მოვალეობა და კეთილსინდისიერად ემსახურება თავის დანიშნულებას და თუ პირველ წლებში მოსწავლე ქალების რაოდენობა 15-ს არ აღემატებოდა, დღეს 45-ს აღემატება, რომლებიც გულმოდგინედ სწავლობენ. რომ ერთი გარემოება არ უშლიდეს ხელს – მღვდელი ხონელია ხუთი ვერსის მანძილზედ არის სასწავლებლიდან… ამას ისიც ემატება, რომ მამა ხონელია, რომელსაც აბარია სამების ეკლესია და რომელიც ასწავლის საღმრთო სჯულს ამავე სამებისავე ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში, ამავე დროს დანიშნულია ოზურგეთის სასულიერო სკოლის დეპუტატადაც, სადაც თითო კვირაობით ხშირად მოუწევს დაყოვნება სხვადასხვა კრებებისა და საქმეების გამო. აგრეთვე ითვლება ბლაღოჩინის კანდიდატად, რომელიც ბევრ დროს თხოულობს, რადგანაც ბლაღოჩინის არყოფნის დროს მან უნდა აღასრულოს მისი მოვალეობა. აი, ეს არის მიზეზი, რომ ჯიხეთის დედათა მონასტრის სასწავლებელი მოკლებულია საღმრთო სჯულის სწავლებას, ნახევარჯერ მაინც… ერთი კაცი როგორ უნდა გაწვდეს ამდენს“ – წერს წერილის ავტორი გულისტკივილით.

გაზეთი „ცნობის ფურცელი“ სასკოლო მშენებლობის შესახებ გვაუწყებს შემდეგს: „წელს მთავრობამ ინება და შენობის ასაშენებელი ფული გადმორიცხა, მასწავლებლებს ჯამაგირიც დაუნიშნა. რადგან ეს ადგილი პატარა გამოდგა, ამისავე ახლოს შეუძენიათ მშვენიერი ადგილი და ზოგი მოლაზონი იქ არის დაბინავებული და დროებით ხის ეკლესიაც აქვთ. ამ ახალ ადგილზე შენდება მშვენიერი თლილი ქვის ტაძარი, რომლის ასაშენებელ ფულებსაც აგროვებენ როგორც ჩიჩუა, აგრეთვე დანი სავანისანი, რომელთაც სვანეთიც კი დაუვლიათ და ძლიერ მადლობლები არიან სვანეთის და აჭარა-ლეჩხუმის სასულიერო პირების, თავადაზნაურობისა, რომლებიც ფრიად დაეხმარნენ ნივთიერ-სულიერად. ამავე მონასტრის მღვდლად არის დეკანოზი ივანე წეროძე, მას ეკლესია შეუკეთებია თავისი ხარჯით და მიწაც შეუწირავს. იმედია აქაური სკოლა სათნოებით სავსე ქალებს გამოზრდის“.

ბევრი ღირსეული მოღვაწე ჰყავდა სამება-ჯიხეთის მონასტერს: დეკანოზი ივანე წეროძე, დეკანოზი ეპიფანე ხონელია, იღუმენი დავით ჯინჭარაძე, მღვდელმონაზონი მელქისედეკ მიქავა, ნიკოლოზ ღლონტი, არქიმანდრიტი კონსტანტინე. გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი მართა. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დედათა მონასტრის ერთ-ერთი მღვდლის ცოლს – ელენეს. ღვთისმსახური კომუნისტებს გაუპარსავთ. ელენეს პროტესტის ნიშნად ოჯახი დაუტოვებია და მონასტერს შეფარებია. დედათა უმრავლესობა ღმრთის სადიდებელი ლოცვა-ვედრებით მონასტერშივე დაშორებია წუთისოფელს და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.

სამება-ჯიხეთის მონასტერს გულისხმიერება არასდროს მოჰკლებია ღმრთით კურთხეული მღვდელმთავრებისაგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.

ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ დედებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონიათ ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის წინამძღვარმა მღვდელმონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

რთული პერიოდი დაუდგათ მონასტრის დედებს, ყველაზე მძიმე კი რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები, ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს ფიცრებით ხერგავდნენ, თუმცა სხვადასხვა დროს მონასტერს დახმარებას უწევდნენ რაიკომის მდივნები.

მონასტრის ქალთა ერთკლასიან სამრევლო სკოლაში 8-9 წლის გოგონებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას, გალობას, ჭრა-კერვას. ამ სკოლის ფოტოსურათი დღესაც ამშვენებს მონასტრის მუზეუმს, რომელიც 2004 წელს გაიხსნა.

მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე, რომელიც 1984 წელს, კომუნისტური რეჟიმის დროს დახვრიტეს, სოფელ სამების მკვიდრი იყო. არქიმანდრიტი ნიკოლოზ ღლონტი დაკრძალულია მონასტრის ეზოში. აქვეა დაკრძალული იღუმენი დავით ჯინჭარაძე, რომელიც დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს 12 საუფლო მგალობლად ჰყავს მოხსენიებული.

არქიმანდრიტი ანდრია კბილაშვილი

მონასტრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს ივერონიდან შემოწირული ორი დიდებული ხატი: ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი (მობრძანებული 1905 წელს) და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა (1915).

_ ჯიხეთის მონასტრის აღორძინების საქმეს თვალსაჩინო ღვაწლი დასდო არქიმანდრიტმა ანდრია კბილაშვილმა, რომელიც 1988 წლიდან წინამძღვრობს დედათა სავანეს.

_ არქიმანდრიტ ანდრიას დამსახურებით მონასტრის ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1989 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტაძარი, 2002 წელს კი – წმინდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების პატარა ეკლესია. აქვე მოეწყო სანათლავი და განსაბანი ემბაზი, რომელშიც ჩაედინება წყაროს წყალი და აღესრულება ნათლობის საიდუმლო. ამ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. მას „იორდანიის წყალსაც“ უწოდებენ. აქ განბანის შემდეგ ბევრი უშვილო წყვილი ნათლისმცემლის მეოხებით განიკურნა ბერწობისაგან.

მონასტერში ამჟამად ოცამდე მონაზონი და მორჩილია. ის შემოქმედის ეპარქიის შემადგენლობაშია. მე-15 საუკუნიდან 1827 წლამდე, ვიდრე საეპისკოპოსო გაუქმდებოდა, იგი ჯუმათის საეპისკოპოსოში შედიოდა. ყოველი წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღინიშნება ტაძრის დღესასწაული.

მამა ანდრიას დამსახურებაა ის, რომ მან გავერანების პირას მდგარი კომპლექსი წალკოტად აქცია და თავისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილისა და მთელი გურიის მოსახლეობის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მამა ანდრიას სიყვარულით ყველა გურიის „გრიგოლ ხანძთელს“ უწოდებს. მისი დამსახურებაა ჯუმათის მამათა და უდაბნოს მონასტრების აღდგენა.

ლელა ჩხარტიშვილი

(იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით)

რას ჩივი?